ლადო აფხაზავას მასწავლებლის მსოფლიო ჯილდოს ფინალში მოხვედრა მოსწავლეებმა მიულოცეს [ფოტო/ვიდეო]

2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალისტ ლადო აფხაზავას წარმატება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიულოცეს, სადაც აფხაზავა სამოქალაქო განათლებას ასწავლის. ფოტომასალას მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრი ავრცელებს.

მოსწავლეები სკოლის ეზოში ბუშტებით და მისალოცი პლაკატებით შეიკრიბნენ და მასწავლებელს ოვაციებით შეხვდნენ.

ქართველი პედაგოგი ლადო აფხაზავა 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.