2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის ქართველი ლადო აფხაზავა მოხვდა
2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებლის 10 ფინალისტს შორის, ქართველი პედაგოგი – ლადო აფხაზავა მოხვდა. „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტები ჰოლივუდელმა მსახიობმა ჰიუ ჯეკმანმა გამოაცხადა.
„ეს ადამიანები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან არიან. ისინი ასწავლიან როგორც ქალაქებში, ისე სკოლებში. ისინი მხარს უჭერენ ინკლუზიურობას და ბავშვის უფლებებს. ისინი მოსწავლეების შესაძლებლობების განვითარებას ცდილობენ მუსიკით, ტექნოლოგიებით, რობოტექნიკით და მეცნიერებით. ყველა ეს ადამიანი მხარს უჭერს ცვლილებას და შთაგონების წყარო არიან როგორც მოსწავლეებისთვის, ისე საზოგადოებისთვის“, – ნათქვამია „გლობალ თიჩერ 2019“-ის 10 ფინალისტის დახასიათებაში.
ვებგვერდზე განთავსებულია სოფელ ჩიბათის სკოლის მასწავლებლის, ლადო აფხაზავას ბიოგრაფია და მოკლე ვიდეორგოლი, სადაც იგი საკუთარი მიზნების შესახებ ყვება.
„მე მიყვარს ჩემი საქმე – ეს მაძლევს შესაძლებლობას, მოვახდინო გავლენა და შევცვალო ადამიანების ცხოვრება უკეთესობისკენ. ყოველთვის ვცდილობ, რომ სწავლა კომფორტული, სახალისო და დასამახსოვრებელი იყოს მოსწავლეებისთვის. ეს მაძლევს შესაძლებლობას, ბევრი საკეტი გავხსნა“, – აცხადებს ქართველი პედაგოგი.
2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს ფინალში ლადო აფხაზავასთან ერთად არიან: დებორა გურაფლო – ბრაზილია; დეიზი მერტენსი – ნიდერლანდები; ენდრიუ მოფეტი – დიდი ბრიტანეთი; სვარუპ რავა – ინდოეთი; მელისა სალგუერო – აშშ; მარტინ სალვეტი – არგენტინა; იასოდაი სელვაკუმარანი – ავსტრალია; ჰიდიკაზუ შოტო – იაპონია; პიტერ ტუბიში – კენია. ფინალისტები 179 ქვეყნის 10 000 განაცხადიდან შეირჩნენ.
„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული დუბაის განათლებისა და უნარების გლობალურ ფორუმზე 2019 წლის 24 მარტს გამოვლინდება და პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.
ლადო აფხაზავა ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლაში სამოქალაქო განათლების მასწავლებელია. ლადო აფხაზავა 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდა.