მიხეილ ბატიაშვილი - ლადო აფხაზავას წარმატება დღევანდელი პედაგოგების წარმატება და მომავალი პედაგოგებისთვის უზარმაზარი მოტივაციაა
მიხეილ ბატიაშვილი - ლადო აფხაზავას წარმატება დღევანდელი პედაგოგების წარმატება და მომავალი პედაგოგებისთვის უზარმაზარი მოტივაციაა

ლადო აფხაზავა მომავალ პედაგოგებს უზარმაზარ მოტივაციას შეუქმნის, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულის გამოვლენის შემდეგ განაცხადა.

„უნიკალური საღამო იყო და მართლაც უნიკალური წარმატებაა ლადოსი, რადგან დღეს მსოფლიოს 10 საუკეთესო პედაგოგთან იდგა და წარმოადგენდა თავის საქართველოს ისეთ ქვეყნებს შორის როგორებიცაა: დიდი ბრიტანეთი, ამერიკის შეერთებული შტატები, იაპონია, ავსტრალია და ასე შემდეგ. ძალიან საამაყოა, როდესაც საქართველო, ქართველი პედაგოგი დგას სცენაზე ასეთ დიდი ქვეყნების გვერდით, რომელთაც უზარმაზარი ისტორია და გამოცდილება აქვთ. ვფიქრობ, ეს ლადოს და ჩვენი ქვეყნის გამარჯვებაა“, – აღნიშნა მიხეილ ბატიაშვილმა.

საქართველოს განათლების მინისტრის თქმით, ათეულში მოხვედრა უკვე გამარჯვებაა და ლადო აფხაზავას მაგალითი ძალიან მნიშვნელოვანია მომავალი პედაგოგებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, ლადო კვლავ წარმატებით გააგრძელებს პედაგოგიურ მოღვაწეობას და რაც მთავარია, მომავალ პედაგოგებს შეუქმნის უზარმაზარ მოტივაციას, რომლებიც ხვალიდან ლადოს მაგალითით გადაწყვეტენ, პედაგოგები გახდნენ. ამიტომ ვფიქრობ, ლადოს ეს შედეგი დღევანდელი პედაგოგების წარმატებაა და მომავალი პედაგოგებისთვის უზარმაზარი მოტივაცია. ვულოცავ ლადოს ამ გამარჯვებას, ათეულის წევრობას. დღეს ყველანი ამაყები ვიყავით, რომ ათ ქვეყანას შორის საქართველოც იყო და ჩვენთვის, რა თქმა უნდა, ლადო გამარჯვებულია“, – განაცხადა მიხეილ ბატიაშვილმა.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული მასწავლებელი გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე დუბაიში გამოავლინეს. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ათ ფინალისტს შორის იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.