ლადო აფხაზავა - სკოლაში გავაკეთეთ პროექტი „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი“
ლადო აფხაზავა - სკოლაში გავაკეთეთ პროექტი „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი“

ჩვენ გავაკეთეთ პროექტი – „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი“, – ამის შესახებ სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგმა, 2017 წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელმა, ლადო აფხაზავამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„სკოლაში ისეთ პროექტებს ვაკეთებთ, სადაც არ გვინდა, ვახსენოთ სიტყვები – ძალადობა, ბულინგი. იმიტომ, რომ ბავშვებიც დაიღალა ძალადობა-ბულინგის ხსენებით და ეს ჩვეულებრივ სიტყვად იქცა. აქედან გამომდინარე, ჩვენ გავაკეთეთ პროექტი – „შეჭამე ბოსტნეული და არა შენი თანაკლასელი“. სკოლაში უამრავი ბოსტნეული მოვიტანეთ. ამაში ჩართული იყო 300-400 მოსწავლე, ერთობლივად იღებდნენ სურათებს და ა.შ. ბავშვებს პოზიტიური გარემო უნდა შეუქმნა. ამან ბავშვების დამოკიდებულება ძალიან კარგად შეცვალა და მიხარია, რომ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში ბავშვებს შორის მსგავსი აგრესიული რაღაცები არ ხდება. თუმცა, არის რაღაც მომენტები, როცა ჩართვა აუცილებელია“, – განაცხადა აფხაზავამ.

მისი თქმით, აუცილებელია, ყველა სკოლამ აღიაროს, რომ მათ სკოლაში ბულინგი არის.

„თუ ეს მასწავლებელმა, სკოლის დირექტორმა და საერთოდ, სკოლამ არ აღიარა, მაშინ, ვერც პრევენციაზე დაიწყება საუბარი. მე და ჩემმა კოლეგებმა ძალიან ადრე შევნიშნეთ, რომ იყო საფრთხე კიბერუსაფრთხოების კუთხით და ერთ-ერთი პროექტი გავაკეთეთ – „ჩვენი უფლებები ონლაინ“, – განაცხადა აფხაზავამ.

როგორც პედაგოგმა აღნიშნა, მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა ტოლერანტი, აქტიური მოქალაქე, ადამიანი გაზარდოს, რაც ეროვნულ სასწავლო მიზნებში ყველა მასწავლებელს უწერია.

„მოსწავლეები რაღაც პროცესებში უნდა იყვნენ ჩართული. ჩვენ ერთ-ერთმა ბიზნესმა დაგვაფინანსა და სკოლაში ცხოველები, ზღვის გოჭები შემოვიყვანეთ, რომ ბავშვებმა მათზე იზრუნონ. ცხოველები მოსწავლეებისთვის ერთგვარი თერაპიაა“, – განაცხადა აფხაზავამ.

სოფელ ჩიბათის სკოლის პედაგოგმა ასევე აღნიშნა, რომ მათ სკოლაში დემოკრატიული რევოლუცია მოახდინეს.

„მოსწავლეთა თვითმმართველობა საკანონმდებლო ორგანოდ გადავაქციეთ, დირექცია აღმასრულებელ ხელისუფლებად, ხოლო დისციპლინარული კომიტეტი სასამართლოდ“, – განაცხადა აფხაზავამ.

მისივე თქმით, მასწავლებელი ბავშვთან გულახდილი უნდა იყოს და მას ეს გულახდილობა ძალიან ეხმარება.

„ყველა ბავშვი ხვდება, მასწავლებელი როგორ ესაუბრება. რა თქმა უნდა, მოსწავლე და მასწავლებელი მეგობრები უნდა იყვნენ“, – განაცხადა აფხაზავამ.

ლადო აფხაზავამ ასევე განაცხადა, რომ შარშან, როცა მან გლობალური ჯილდოს აპლიკაცია შეავსო, საზოგადოების ნაწილმა ტალახი ესროლა, რაც ძალიან სამწუხაროა.

„რისთვის, დღესაც არ ვიცი. ამას ხომ ჩემი მოსწავლეებიც ხედავენ? ძალიან არ მინდოდა ამის თქმა, მაგრამ ჩემი მოსწავლეები ჩემი კოლეგებისგან განიცდიდნენ ბულინგს. წარმოუდგენელია, მასწავლებლები რას წერდნენ ჩემს მოსწავლეებს. ამიტომ, ბულინგი ნუღარ გვიკვირს“, – განაცხადა ლადო აფხაზავამ.