ლადო აფხაზავა - მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი ხალხი, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის
ლადო აფხაზავა - მიყვარს ჩემი საქართველო, ჩემი ხალხი, დიდი მადლობა გულშემატკივრობისთვის

აღარ მინდოდა გამარჯვება, რადგან გავიგე, რომ გამარჯვებული გარკვეული პერიოდით უნდა დარჩეს დუბაიში, შემდეგ კი წავიდეს ბრიტანეთში, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს „გლობალ თიჩერ 2019“-ის ფინალისტმა, სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგმა ლადო აფხაზავამ განუცხადა.

მისი თქმით, ძალიან ენატრება სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები.

„ყველაზე მეტად ვინც მენატრება, აი, ცრემლებამდე მივდივარ, არიან ჩიბათის საჯარო სკოლის მოსწავლეები. ბოლო წუთებში იპოლიტე ხვიჩიას პერსონაჟივით ვიყავი, სტადიონზე რომ დარბის და არ უნდა ფინიში. მე ნამდვილად აღარ მინდოდა გამარჯვება, რადგან გავიგე, რომ გამარჯვებული გარკვეული პერიოდით უნდა დარჩეს დუბაიში, შემდეგ უნდა წავიდეს ბრიტანეთში. მე ამის დრო არ მაქვს. არ მაქვს მოგზაურობის დრო. მე ძალიან ბევრი პროექტი მაქვს გასაკეთებელი. მე ჩემი საქართველო მიყვარს, ჩემი ხალხი მიყვარს, ამიტომ ძალიან დიდი მადლობა ყველას გულშემატკივრობისთვის და ამ დიდი სიყვარულისთვის“, – აღნიშნა ლადო აფხაზავამ.

„გლობალ თიჩერ 2019“-ის გამარჯვებული კენიელი მათემატიკისა და ფიზიკის მასწავლებელი პიტერ ტაბიჩი გახდა. გამარჯვებული მასწავლებელი გლობალური დაჯილდოების ცერემონიაზე დუბაიში გამოავლინეს. გამარჯვებული პრიზის სახით მილიონ ამერიკულ დოლარს მიიღებს.

ათ ფინალისტს შორის იყო ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩიბათის საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლების პედაგოგი ლადო აფხაზავა.