კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდა. როგორც სააგენტოს ინფორმაციაშია აღნიშნული, მიმდინარე წლის 19 სექტემბერს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დასრულდა დაწყებული ოპტიმიზაცია და მის შედეგად, მართვის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის მონიტორინგის სამსახურში შეიქმნა ხუთი რეგიონული დანაყოფი, სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედ მუეზუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომია მიენიჭა.

„განვლილი პერიოდის მონაცემების ანალიზმა აჩვენა, რომ სააგენტოს მონიტორინგის სამსახურის რესურსი (რომლის უმეტესი ნაწილი თბილისშია თავმოყრილი) საკმარისი არ არის როგორც სააგენტოს მიერ დაგეგმილი ან/და მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულყოფილი კონტროლის, ისე რეგიონებში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რეგულარული ინსპექტირებისთვის.

შესაბამისად, მონიტორინგის სამსახურს დაემატა 26 ახალი შტატი. ამ სამსახურში შეიქმნა რეგიონული დანაყოფები – იმერეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთის, სამცხე-ჯავახეთის, კახეთისა და მცხეთა-მთიანეთის, სადაც გადანაწილდა 26 საშტატო ერთეული (17 ახალი შტატი, ცხრა – არსებული, სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან).

ასევე სააგენტოს დაქვემდებარებულ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებს მეტი ავტონომიურობა მიენიჭა, როგორც სამუზეუმო, ისე საგანმანათლებლო კუთხით, რათა მათ მიერ საკუთარი ფუნქციების დამოუკიდებლად შესრულებით მართვის პროცესი გაუმჯობესდეს და უფრო ეფექტიანი გახდეს. სააგენტოს მმართველობის სფეროში მოქმედი მუზეუმები/მუზეუმ-ნაკრძალები თავად შეიმუშავებენ და განახორციელებენ კულტურულ-საგანმანათლებლო, ტურისტულ პროგრამებს, სამუზეუმო ექსპოზიციათა კონცეფციებს, ასევე, მოამზადებენ მუზეუმებთან/მუზეუმ-ნაკრძალებთან დაკავშირებულ შემეცნებით, სამეცნიერო, საინფორმაციო ხასიათის გამოცემებსა და ღონისძიებებს. მოცემული ცვლილება მიზნად ისახავს ადგილობრივ დონეზე მომუშავე პერსონალის მეტ პასუხისმგებლობასა და მუზეუმებისთვის მეტი უფლებების მინიჭებას.

შედეგად, სააგენტოს შტატით გათვალისწინებული თანამშრომლების რაოდენობა შეადგენს 268-ს, ნაცვლად 259 ერთეულისა, ხოლო შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობა, 172 პირის ნაცვლად, განისაზღვრა 150 ერთეულით. ხელფასი მოემატა შტატით გათვალისწინებულ 24 პოზიციას (საშუალოდ, 350 ლარით) და შტატით გათვალისწინებულ არც ერთ პოზიციაზე თანამდებობრივი სარგო აღარ არის 1000 ლარზე ნაკლები“, – აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.