კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად იქნება გამოსწორებული
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო - გელათის რეაბილიტაციის დროს დაფიქსირებული ხარვეზები სრულად იქნება გამოსწორებული

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ჩართულობით 2020 წლის მარტში დაფიქსირებული ხარვეზები, რომელიც გელათის კომპლექსური საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში ღვთისმშობლის მიძინების ტაძრის კრამიტით გადახურვის მოწყობას უკავშირდება, შემსრულებლის – „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის“ მიერ სრულად იქნება გამოსწორებული.

გადახურვის მასალაზე გამოვლენილი დაზიანებების აღმოფხვრა დამკვეთსა და შემსრულებელ კომპანიას შორის გაფორმებული სახელშეკრულებო პირობებით განხორციელდება, რაც საექსპლუატაციო ვადაში აღმოჩენილ დეფექტებზე შემსრულებლის ვალდებულებას განსაზღვრავდა. მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის საბურველის ნაწილის პრობლების გადაჭრის პროცესი ფინანსური კუთხითაც კომპანიის მიერ იქნება უზრუნველყოფილი და მასში სახელმწიფო სახსრები არ გაიხარჯება. მიმდინარე პროცესში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო კვლავაც სარესტავრაციო პირობების განუხრელ დაცვაზე იქნება ორიენტირებული, რაც მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის – გელათის მონასტრის სათანადო დაცულობის გრძელვადიანი უზრუნველყოფის პრინციპითაა ნაკარნახევი.

გელათის სამონასტრო კომპლექსის ფართომასშტაბიანი რეაბილიტაციის პროგრამას სახელმწიფო 2008 წლიდან მსოფლიო მემკვიდრეობის ცენტრთან შეთანხმებული პროგრამის მიხედვით ეტაპობრივად ახორციელებს. სხვადასხვა ეტაპზე სახელმწიფოსთან ერთად საგრანტო პროგრამების ფარგლებში პროექტს აფინანსებდა აშშ-ს საელჩოს ფონდი და საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი. მიმდინარე წლის მარტის თვეში გელათის გადახურვის ერთ ნაწილზე ხარვეზების გამოვლენისთანავე სააგენტომ პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი გამოსწორების გზების დადგენის მიზნით არაერთი ქმედება განახორციელა, რომლის შედეგადაც მონაწილე მხარეების ჩართულობით განისაზღვრა სამონასტრო კომპლექსის მთავარი ტაძრის გადახურვაზე გამოვლენილი ხარვეზების გამოსასწორებელი ღონისძიებები და კედლის მხატვრობის დაცულობის უზრუნველსაყოფად საჭირო პრევენციული აქტივობები, რომელსაც „ხელოვნების საერთაშორისო ცენტრი“, როგორც შემსრულებელი, უზრუნველყოფს.

ამავდროულად, უნდა აღინიშნოს, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს უკვე დაწყებული აქვს ბოლო ათწლეულების განმავლობაში განხორციელებული საკონსერვაციო-სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნობრივი მონიტორინგის პროგრამა, რაც XXI საუკუნის გამოწვევების საპასუხოდ, სარესტავრაციო პრაქტიკაში ტრადიციული სამშენებლო ცოდნისა და თანამედროვე სარესტავრაციო მიდგომების ეფექტური შერწყმის უზრუნველყოფას გულისხმობს. სარეაბილიტაციო პროგრამების შემდგომ, ექსპლუატაციის პერიოდში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით, სააგენტო სათანადო ძალისხმევას მიმართავს იმ უმნიშვნელოვანესი ძეგლების საკონსერვაციო მდგომარეობის გამოსწორებისკენ, სადაც გადახურვის მოწყობის პრობლემები კედლის მხატვრობის დაზიანების საფრთხეებს ზრდის. მიზნობრივი მონიტორინგის ფარგლებში პრობლემების ზუსტი იდენტიფიცირებისთვის, სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნულ პროცესებში წამყვანი საერთაშორისო ინსტიტუციებისა და ექსპერტების ჩართულობას.