ასმათ ოქროპირიძე – გელათის მოზაიკა განსაკუთრებული ღირებულების არის არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, ის სიფრთხილით არის შეფუთული და შემდეგ სამუშაო პროცესს ელოდება

01:06, 06.05.2026

უმნიშვნელოვანესია არქიტექტურა და ფერწერა, მაგრამ გელათის მოზაიკა არის განსაკუთრებული ღირებულების კულტურული მემკვიდრეობა არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მსოფლიოსთვის, – ამის შესახებ ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორმა, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ცენტრის თანამშრომელმა, ასმათ ოქროპირიძემ პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ სტუმრობისას განაცხადა. 

„იგი მისმა რესტავრატორმა, ბატონმა რობერტო ნარდიმ თავისი დიდი გამოცდილების ფონზე აღიარა, როგორც, თუ სამეულში არა, ხუთეულში შესაყვანი განსაკუთრებული ძეგლი. ბატონი ნარდი ბრძანდება მსოფლიო მოზაიკის რესტავრაცია-კონსერვაციის ასოციაციის პრეზიდენტი და აქვს წარმოუდგენლად დიდი კვალიფიკაცია. როგორ მოხვდა ის გელათში? ეს არის დამსახურება ჩვენი კომიტეტის და, აგრეთვე, ევროპული კომიტეტის. ბატონი ნარდი ჩააყენეს საქმის კურსში მოზაიკის შესახებ, ის დაინტერესდა და მას ფლორენციაში რესტავრაციის დროს აჩვენეს პრეზენტაცია გელათის მოზაიკის, რომელიც იყო უცნობი მისთვის და მოახსენეს, თუ ექნებოდა დრო და შესაძლებლობა, გელათში ჩამოსვლის შემთხვევაში შეეძლო ამის ნახვა. ეს არის ძალიან საინტერესო, მე ამას ჩემთვის მელოდრამას ვეძახი, რადგან მელოდრამა ალბათ დიდ სასწაულებს და სიკეთეს უკავშირდება. ის როდესაც ჩამობრძანდა ზაფხულში, აქ იყო შეკრება სარესტავრაციო პროცესის და ხარაჩოზე როდესაც ავიდა, საღამომდე აღარ ჩამოსულა. ის მოიხიბლა და როგორც თვითონ თქვა, მოიხიბლა სრული მოხიბვლით. შეფასება იყო ასეთი, რომ ეს არის უმაღლესი რანგის მოზაიკა, რომელიც მას უნახავს და, ამასთანავე, მოზაიკა, რომელიც განსაკუთრებით დაავადებულია. უნდა ითქვას, რომ ის არის ძალიან მაღალი რანგის პროფესიონალი, რაც მდგომარეობს არა მხოლოდ მოზაიკის მკურნალობის მეთოდოლოგიის სრულყოფილებაში, არამედ მისი, როგორც რესტავრატორის მოვალეობაში, პირველ რიგში. როგორც კარგი ექიმი ვერ დატოვებს ავადმყოფს ან როგორც მოყვარული შვილი ვერ მიატოვებს ავადმყოფ დედას, ასევე ჩათვალა მან, რომ ის ვალდებულია, დარჩეს გელათის მოზაიკასთან და ამასთანავე გამოაცხადა, რომ არის უბედნიერესი ადამიანი, რადგან თავისი კარიერის ბოლოს მას მოუწია ასეთი საკვირველი ძეგლის გადარჩენაზე მუშაობა“, – განაცხადა ოქროპირიძემ.

მისი თქმით, მანამდე რატომღაც მხოლოდ ფერწერაზე და სახურავზე იყო აქცენტი, მოზაიკა კი, ითვლებოდა, თითქოს სამშვიდობოს იყო გასული, მაგრამ ნარდის გამოკვლევებმა აჩვენა, რომ აქ 90%-ით არის მოზაიკა წამოსული კედლიდან და ძალიან დიდი საშიშროების წინაშე დგას.

„შედგა სერიოზული ჯგუფი მის მიერ, დაახლოებით, 20-25 ადამიანი მონაწილეობს მუდმივად ამ სარესტავრაციო, უფრო სწორად, შესწავლის პროცესში და იტალიის შვიდი უდიდესი ინსტიტუცია არის ჩართული კვლევების პროცესში. ანუ, ძალიან დიდი კომპეტენციის გამოკვლევები ჩატარდა. მიმდინარე პროცესები გადახურვის, რესტავრაციის და ა.შ. გამო, სადაც რყევები ბუნებრივი პროცესია, ამისგან რომ იყოს დაზღვეული მოზაიკა, ბატონი ნარდის გადაწყვეტილებით საჭირო გახდა მისთვის აუცილებლად დამცავი ქარგილის გაკეთება, დაახლოებით ისე, როგორც მოტეხილ კიდურს თაბაშირს უკეთებენ და წარმოუდგენელი სიღრმით, დიფერენცირებით საგანგებო პროექტით შეადგინა. გარდა ყველაფრისა, მან ხაზი გაუსვა იმას, თუ როგორი თანამშრომლობით მოეკიდა ამ პროცესს ქართული მხარე, კერძოდ, მამა კირიონი, რომელსაც იდეალური პირობები აქვს შექმნილი მუშაობისთვის და ბატონმა ნარდიმ ხაზი გაუსვა, რომ ამ ხნის განმავლობაში ასეთი კომფორტი არსად ჰქონია“, – განაცხადა ოქროპირიძემ.

როგორც ასმათ ოქროპირიძემ აღნიშნა, დღეს ეს ქარგილი დაყენებულია და შეფუთულია მოზაიკა ისე, რომ, პრაქტიკულად, ვიზა აქვს უკვე დანარჩენ სამუშაოებს.

„კიდევ ერთ ნიუანსს მოგახსენებთ, როგორი სიფრთხილით შეფუთა მან მოზაიკა, კერძოდ, ყოველი კენჭი იქნა შემოწმებული, რამდენად მყარად იყო კენჭის შემადგენლობა; ამაგრებდნენ, თუ იყო მორყეული, რათა საიზოლაციო ქაღალდის დაკვრის შემთხვევაში არ წამოჰყოლოდა აღების დროს უკან ფერადოვანი ფენა და მინა. ასეთი პუნქტუალური შესწავლის შემდეგ იქნა შეფუთული. სხვათა შორის, სახეები არ შეფუთა და ესეც მისი ძალიან დიდი დამოკიდებულებაა, ვერ აკადრა ღვთისმშობელს და მთავარანგელოზებს. დღეს უკვე სამუშაო განხორციელებულია, დასრულებულია და იგი იცდის უკვე შემდეგი სამუშაო პროცესისთვის“, – განაცხადა ოქროპირიძემ.

მსგავსი