ეკა გედევანიშვილი - გელათი მრავალკომპონენტიანი ძეგლია, რაც ართულებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს, მადლიერი ვარ, რომ მეუფე შიომ შეძლო პასუხისმგებლობის აღება და დაიწყო ძეგლის გადარჩენის ეტაპი
2023 წლის 6 აპრილს, როდესაც გამოცხადდა, რომ საპატრიარქომ გადაიბარა გელათის სარეაბილიტაციო საქმეები, რაღაცნაირად, ეს ჩვენმა მოსახლეობამ მიიღო, როგორც მოცემულობა და მგონია, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამას კიდევ ერთხელ დავუბრუნდეთ, მით უმეტეს, ახლა, როცა ჩვენი პატრიარქი ამ ქვეყნიდან გასულია, – ამის შესახებ გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრმა, ეკა გედევანიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დისკუსია აქტუალურ თემაზე“ განაცხადა.
მისი შეფასებით, ეს იყო რთული და სარისკო გადაწყვეტილება.
„მინდა, კიდევ ერთხელ გამოვხატო ძალიან დიდი მადლიერება მეუფე შიოს მიმართ, რადგან დღესაც რაღაცნაირად რომ ვაცნობიერებ, ეს გადაწყვეტილება იყო ძალიან მძიმე, რთული და სარისკო მისაღები. ნახეთ, როგორი ვითარება იყო ერთი მხრივ, გვაქვს ძეგლი, რომელიც არის უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში, თან, გელათი განსაკუთრებული ძეგლია. ამ განსაკუთრებულობაში, ცხადია, არ ვგულისხმობ მის სულიერ, კულტურულ და ისტორიულ ღირებულებას, ახლა მე ვგულისხმობ სწორედ ამ სირთულეს, რომელიც დაკავშირებულია მის ანსამბლურობასთან. აქ არის რამდენიმე შენობა სხვადასხვა ქრონოლოგიური პერიოდის, სხვადასხვა დაზიანების, სხვადასხვა ტიპის პრობლემებით და აქ არის მართლაც დიდი გალერეა ქართული კედლის მხატვრობის. ეს არის მრავალკომპონენტიანი ძეგლი, რაც კიდევ უფრო ართულებს ამ სარეაბილიტაციო სამუშაოებს. წარმოიდგინეთ, ჩვენ მივდივართ ეკლესიაში ამ პრობლემატიკით, ვყვებით არსებულ ვითარებას და, სინამდვილეში, ეროვნული რესურსები, პრაქტიკულად, არ ჩანს. მე სულ ვამბობ, რომ ჩვენს რესტავრაციის დარგში რომ არ ყოფილიყო ასეთი სისტემური პრობლემები, თავისთავად ცხადია, გელათი ამ მდგომარეობამდე, უბრალოდ, არ მივიდოდა და ეს უკვე ნიშნავდა იმას, რომ ყველა რესურსი იყო ამოწურული. ფაქტობრივად, ჩვენ შორის, პატრიარქსა და ჩვენს ჯგუფს შორის შუამავალი იყო მეუფე შიო. ჩვენ პატრიარქი, სამწუხაროდ, ვერც ერთხელ ვეღარ ვნახეთ, რადგან იმ დროისთვის ის უკვე დასნეულებული იყო და ამდენად, ფაქტობრივად, ეკლესიას უნდა მიეღო ძალიან მძიმე გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების მიღების სიმძიმე თავის თავზე აიღო მეუფე შიომ და ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი რამ“, – განაცხადა გედევანიშვილმა.
მისი თქმით, უამრავი შეხვედრა იყო, რაც საათობით გრძელდებოდა, იყო ასევე შეხვედრები კულტურის სამინისტროში, საპატრიარქოში და ვინც იქ იკრიბებოდნენ, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები რესტავრაციის, ხელოვნებათმცოდნეები და ა.შ., ყველა ერთსა და იმავე აზრს გამოთქვამდა, რომ გელათს ჩვენ უკვე ჩვენი ეროვნული ძალებით ვეღარ დავძლევთ და აქ არის საჭირო საერთაშორისო მობილიზაცია.
„წარმოიდგინეთ, რა რთულია ამ ვითარებაში, ასეთი პასუხისმგებლობა შენს თავზე აიღო, როდესაც, მით უმეტეს, გასაბჭოების პერიოდის შემდგომ, ფაქტობრივად, ეკლესიას ამ მასშტაბის სარესტავრაციო გამოცდილება უკვე არ აქვს. ამიტომ მე ვარ ძალიან მადლიერი, რომ მეუფე შიომ შეძლო ეს ყველაფერი, პატრიარქმა მიიღო ეს გადაწყვეტილება და, ფაქტობრივად, დაიწყო ასეთი მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელსაც შეიძლება დავარქვათ გადარჩენის ეტაპი“, – განაცხადა გედევანიშვილმა.
გელათის რეაბილიტაციის კომიტეტის ეროვნული სამეცნიერო საბჭოს წევრმა გაიხსენა მსოფლიოში აღიარებული რესტავრატორის და მეცნიერის, გუნდის ერთ-ერთი მთავარი წევრის, ახლა უკვე გარდაცვლილი ოსტი ნევინის შეფასება.
„ის პირველად როდესაც ჩამოვიდა მისიაზე, მას უნდა შეეფასებინა კედლის მხატვრობა და საპატრიარქოში შეხვდა მეუფე შიოს და სხვა მღვდელმთავრებს. შემდგომ მან ძალიან საინტერესო რამ მითხრა – თქვენ ხართ უზარმაზარი გამოწვევების წინაშე, მაგრამ მე ვარ ძალიან იმედიანიო. რომ ვკითხე, რატომ, მითხრა ასეთი რამ – ცხოვრებაში ძალიან იშვიათად მყავს ნანახი ისეთი რესტავრატორები, რომელთაც აქვთ ძეგლისადმი ასეთი სათუთი დამოკიდებულება, ესენი არიან რესტავრატორები, რომელთათვის ეს არ არის პროფესია, არის ცხოვრება და დღეს ვნახე ეს დამოკიდებულება ეკლესიაში, მეუფე შიო ლაპარაკობს ძეგლზე ისე, როგორც ცოცხალ არსებაზეო. ეს არის საფუძველი, რადგან ერთ-ერთი დიდი პრობლემა, პროფესიულ დონესთან ერთად, მაინც აღმოჩნდა, რომ ჩვენ შემთხვევაში იყო დიდი უგულობა. ამიტომ, უკვე პირველივე ნაბიჯების გადადგმისთანავე მოგვეცა ძალიან დიდი იმედი, ხოლო უკვე მერე რა მოახერხა ეკლესიამ, ეს სახეზეა“, – განაცხადა გედევანიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა შეფასებული გელათის რეაბილიტაციის პროცესში დაშვებული შეცდომები, კულტურული მემკვიდრეობის დაზიანების ხარისხი, მასშტაბები და ამ შეფასების მიხედვით, რამდენად ექვემდებარება ის აღდგენა-რესტავრაციას, ეკა გედევანიშვილმა განაცხადა, რომ ყველაზე მეტი ზიანი მაინც ინფილტრაციის გამო კედლის მხატვრობას მიადგა.
„ფერწერის დანაკარგები დანამდვილებით არის და სინამდვილეში ამის შეფასება ძალიან რთულია. დანაკარგები საკმაო რაოდენობით არის, ყოველი დანაკარგი გელათში მართლა აუნაზღაურებელია, მაგრამ სამაგიეროდ, ერთადერთი, რაც ახლა გვაძლევს იმედს, არის ის, რომ ამ დანაკარგების გაგრძელება, პროგრესირება უკვე ნამდვილად აღარ გვემუქრება“, – განაცხადა გედევანიშვილმა.