კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის ისტორიული შენობა შეიძინა
კულტურის სამინისტრომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთვის ისტორიული შენობა შეიძინა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ სსიპ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსის მქონე შენობა შეიძინა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს არ გააჩნდა შესაბამისი ინფრასტრუქტურა, რის გამოც ის დღემდე ქირაობდა საოფისე შენობას. როგორც კულტურის სამინისტროში აცხადებენ, კერძო მესაკუთრესთან ამჟამად გაფორმებული საიჯარო ხელშეკრულების მოქმედების ვადა 2021 წლის 31 დეკემბერს იწურებოდა. მათივე განცხადებით, სააგენტოს საოფისე ფართი თაბუკაშვილის ქუჩაზე შეუთავსებელია მის დღევანდელ საჭიროებებთან, მით უმეტეს, რომ მასში 2006 წლიდან სამხატვრო აკადემიის ერთ-ერთი დანაყოფი იქნა განთავსებული.

„სააგენტოს ახალი ოფისი არის ერთ-ერთი გამორჩეული შენობა მთელ აღმაშენებლის გამზირზე, როგორც ისტორიული, ისე მხატვრული თვალსაზრისით. დავით აღმაშენებლის N79-ში მდებარე სახლი ქვისა და მარმარილოს სახელოსნოს დამაარსებელს, წარმოშობით იტალიელ მოქანდაკეს, ანჯელო ანდრეოლეტის ეკუთვნოდა და ის 1901 წელს არქიტექტორ ალექსანდრე შიმკევიჩის პროექტით აშენდა. შენობის მთავარი ფასადი აღმაშენებლის გამზირზე გადის. მისი მხატვრული გადაწყვეტა მცირედ განსხვავდება თავდაპირველი პროექტისგან, თუმცა ღიობების რაოდენობა და ფასადზე დეკორის განაწილების პრინციპი შენარჩუნებულია.

მესამე სართულის კიბის უჯრედის კედლებზე დატანილია ფერწერული პანოები, მარმარილოს პილასტრები და თაბაშირის დეკორირებული პანელები. კედლებზე განთავსებული ხუთი ფერწერული პანო მოქცეულია სწორკუთხა პროფილირებულ ჩარჩოში. ნამუშევრები 1997 წელს მხატვარმა მამუკა ცეცხლაძემ შექმნა. ამავე კიბის უჯრედის ჭერზე დატანებულია ღიობი, რომელიც ვიტრაჟით არის შევსებული. ვიტრაჟი შექმნილია გეომეტრიული მოტივებით და სხვადასხვა ფერის საღებავით.

ინტერიერში ასევე მნიშვნელოვანია მესამე სართულის ერთ-ერთ ოთახში განთავსებული ბუხარი, რომელიც რეაბილიტაციის შედეგად, სხვადასხვა ფერის, ახალი მარმარილოს ქვითაა მოპირკეთებული.

შენობის პრეზენტაციისას კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა აღნიშნა, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის მოცემული შენობის შეძენის ინიციატივის მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა ეკუთვნის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს. ეს ინიციატივა ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ კულტურული მემკვიდრეობის დაცვა და სააგენტოს თანამშრომლებისთვის სათანადო სამუშაო პირობების შექმნა კულტურის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტია. თეა წულუკიანს ეკუთვნის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის გამართული ინფრასტრუქტურის შეძენის ინიციატივა. მიმდინარე წლის სექტემბერში მინისტრი პირადად გაეცნო სააგენტოს ინფრასტრუქტურულ პრობლემებს და ადგილზე ვიზიტისას აღნიშნა, რომ სამინისტრო იწყებდა მუშაობას სააგენტოსა და მის თანამშრომლებისთვის სათანადო ინფრასტრუქტურისა და შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნაზე.

აღსანიშნავია, რომ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ 2021 წლის 13 დეკემბერს გაცემული სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შენობის საორიენტაციო საბაზრო ღირებულება განისაზღვრა 8 097 530 ლარით, ხოლო შეძენისას გადახდილი იქნა ღირებულებაზე ნაკლები, 7 739 250 ლარი (კანონმდებლობით გათვალისწინებული გადასახადების ჩათვლით). კულტურის სამინისტრომ მოცემული ფინანსური რესურსის მობილიზება მთელი სისტემის მასშტაბით წლის ბოლოს გამოვლენილი ეკონომიის ხარჯზე შეძლო და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ხელშეწყობით კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოსთვის საოფისე ფართი შეიძინა“, – აღნიშნულია სამინისტროს ინფორმაციაში.

დატოვე კომენტარი