ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე შეისწავლიან
ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს სპეციალისტები ადგილზე შეისწავლიან

ნავთლუღის წმინდა ბარბარეს ეკლესიის დაზიანების ფაქტს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების სპეციალისტთა ჯგუფი ხვალ დილიდან ადგილზე შეისწავლის. ექსპერტები დაზიანების ხარისხს დაადგენენ.

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, ბექა ბარამიძის განცხადებით, წინასწარი შეფასებით, არსებობს სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენების დიდი ალბათობა, რამდენადაც სამუშაოები თვითნებურად და სარესტავრაციო ნორმების სრული დარღვევით არის შესრულებული.

მისივე თქმით, კულტურული მემკვიდრეობის აღნიშნულ ძეგლზე რეაბილიტაციის საპროექტო განაცხადით სააგენტოსთვის არავის მიუმართავს, რაც კანონის უხეში დარღვევაა.

„წინასწარ ეტაპზე ჩვენ გვაქვს მხოლოდ და მხოლოდ ფოტომასალა, რათა ვიმსჯელოთ ეკლესიის ინტერიერის დაზიანების ხარისხზე. ამავდროულად, ეს ფოტომასალა გვაძლევს საფუძველს, ამ ეტაპზევე განვსაზღვროთ, რომ ტაძარს და ზოგადად, მის არქიტექტურულ ფრაგმენტებს უკვე აქვს მიმდგარი დაზიანება, რამდენადაც აყრილია მისი იატაკი და ხელყოფილია მისი საფლავის ქვები, რომლებიც ამ ტაძრის ინტერიერში უკვე საკმაოდ დიდი ხანია, არის განთავსებული. შესაბამისად, უკვე გვაქვს საფუძველი, ღიად ვთქვათ, აქ არის გამოხატული აშკარად თვითნებური ქმედება, რომელსაც საერთო არ ჰქონია იმ დადგენილ პროცედურებთან, რომლებიც ითვალისწინებს სარეაბილიტაციო პროექტის შეთანხმებას, როგორც საპატრიარქოს საბჭოს, ასევე სააგენტოს შუასაუკუნეების ხუროთმოძღვრების ძეგლების საბჭოს სექციაზე. ამ პროცედურების სრული უგულებელყოფა მოხდა. შესაბამისად, დგება უკვე საკითხი, რომ ჩვენმა ინსპექტირების ჯგუფმა გააკეთოს მომხდარის სამართლებრივი შეფასება. სწორედ, ხვალ ჩვენი ინსპექტირებისა და მონიტორინგის ჯგუფი ადგილზე დაადგენს დაზიანების ხარისხს და იმ საფუძვლებს, რის შესაბამისად ჩვენ სამომავლოდ უნდა განვსაზღვროთ სამართლებრივი ქმედებები. ამავდროულად, განვსაზღვრავთ იმ საჭიროებებს და მოვიკვლევთ იმ საფლავის ქვების მდგომარეობას, რომლებიც ამ ფენილიდან აყრილია და განვსაზღვრავთ იმ სარესტავრაციო საჭიროებებს, რომლებიც სამომავლოდ აუცილებლად უნდა განხორციელდეს. მოკვლევის საფუძვლებზე გვექნება სრული სურათი, რათა დავიწყოთ სამართლებრივი ქმედებები, რათა შესაბამისმა უწყებებმა დაიწყონ შემდგომ მოკვლევა“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

ბექა ბარამიძე ამბობ, რომ ტაძრის დაზიანებული ფენილის აღდგენა ვეღარ მოხდება, თუმცა საფლავის ქვები ავთენტურ ადგილს დაუბრუნდება. მისი თქმით, უნდა დასრულდეს თვითნებური ქმედებები, რაც პირველ რიგში ზიანს აყენებს კულტურულ მემკვიდრეობას, მსგავსი ქმედებები კი სისხლის სამართლის წესით დასჯადია.

„იატაკის ფენილი მნიშვნელოვნად არის დაზიანებული და მისი აღდგენა-რეაბილიტაცია ვეღარ მოხდება, მაგრამ საქმე დადგება, ვფიქრობ, იმ საფლავის ქვებზე, რომლებიც ან აბსოლუტურად გადაიფარა ახალი ფენილით ან სადღაც არის დასაწყობებული, ავთენტურ ადგილას დაბრუნება საჭირო საქმეა და ასეც უნდა მოხდეს. ალბათ დადგა კრიტიკული მომენტი იმისათვის, რომ ყველამ, საზოგადოების ნებისმიერმა წევრმა, იქნება ეს სასულიერო პირი თუ რიგითი მოქალაქე, სწორად განსაზღვროს მათი უფლებამოსილებები. ასე ხელაღებით ჩარევა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტრუქტურის დარღვევაში არის კანონით დასჯადი. შესაბამისად, ეს ქმედებები შეუმჩნეველი არ რჩება. ნებისმიერ შემთხვევაში, ის პირველ რიგში აზიანებს ჩვენს კულტურულ მემკვიდრეობას და აუნაზღაურებელ ზიანს აყენებს მას. ეს ქმედებები ერთხელ და სამუდამოდ უნდა იყოს დასრულებული“, – განაცხადა ბექა ბარამიძემ.

საკითხის შესახებ კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე აცნობა საპატრიარქოს და მის ხუროთმოძღვრებისა და რესტავრაციის საბჭოს.

როგორც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში აცხადებენ, მსგავსი პრეცედენტების აღკვეთის მიზნით, უახლოეს მომავალში აღნიშნულ საკითხს სააგენტო საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის სამეცნიერო საბჭოსთანაც განიხილავს.

თბილისში მე-18 საუკუნის ძეგლის დაზიანების შესახებ ფოტომასალა სოციალურ ქსელში თეოლოგმა გიორგი ტიგინაშვილმა გაავრცელა. მისი ინფორმაციით, განადგურებულია წმინდა ბარბარეს სახელობის ეკლესიის ისტორიული ფასადი, საფლავები და უნიკალური წარწერები.