კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში რეორგანიზაცია დასრულდა

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სსიპ – საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში დასრულდა რეორგანიზაცია, რომელიც 2021 წლის 25 ნოემბერს დაიწყო. მიმდინარე წლის 15 იანვრიდან ამოქმედდა ახალი საშტატო განრიგი.

კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, რეორგანიზაციის შედეგად განხორციელებული სტრუქტურული ცვლილებები მიზნად ისახავდა სააგენტოზე დაკისრებული ფუნქციების ეფექტური და დროული განხორციელების მიღწევას, ასევე, უწყების წინაშე არსებული სერიოზული გამოწვევების დაძლევას.

რეორგანიზაციის შედეგად, განხორციელდა ისეთი სტრუქტურული ერთეულების გაერთიანება, რომელთაც ერთმანეთის მსგავსი/მონათესავე ფუნქციები ჰქონდათ. სააგენტოს ოპტიმალური სტრუქტურის მისაღებად ასევე განხორციელდა ისეთი პოზიციების შემცირება, რომელთა გარდაუვალი აუცილებლობაც აღარ არსებობდა. შედეგად, 17 სამსახურის ნაცვლად, სააგენტოში ფუნქციონირებას განაგრძობს 11 სამსახური და სააგენტოში დასაქმებულთა რაოდენობა 381-დან 345-მდე შემცირდა.

სააგენტოს საშტატო ნუსხას დაემატა 17 ოსტატის პოზიცია (ქვითხურო, ხითხურო, კირითხურო, სახურავთა ოსტატი, მჭედელ-ზეინკალი და ხარატი), რომლებიც აქამდე საერთოდ არ არსებობდა. აღსანიშნავია, რომ ოსტატთა რეესტრის შექმნისა და მათი სააგენტოში დასაქმების  იდეა კულტურის მინისტრს, თეა წულუკიანს ეკუთვნის, რაც ქვეყანაში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის მიმართულებით არსებულმა პრობლემებმა განაპირობა. კერძოდ, როგორც კულტურის სამინისტროს მიერ ამ სფეროს შესწავლამ ცხადყო, ხშირ შემთხვევაში, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებზე არსებული პრობლემები კვალიფიციური კადრების სიმწირით ან არსებული კადრების პროფესიონალიზმის ნაკლებობითაა გამოწვეული.

ამასთან, ცალკე სტრუქტურული ერთეულის სახით შეიქმნა არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის სამსახური და ძეგლთა ფიქსაციისა და კულტურულ ფასეულობათა კონსერვაცია-რესტავრაციის ლაბორატორია (სამსახური), ვინაიდან, დღემდე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში არ არსებობდა სამსახური, რომელიც განახორციელებდა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების ფოტო/ვიდეო ფიქსაციას, არტეფაქტების ტექნიკურ კვლევასა და დიაგნოსტიკას კვლევის სხვადასხვა მეთოდის გამოყენებით და ა.შ.

ქვეყნის მასშტაბით კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მონიტორინგის მიზნით, სააგენტოში შეიქმნა ინსპექტორების მობილური ჯგუფები, რომლებიც რეგიონების მიხედვით მოახდენენ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების მდგომარეობის ინსპექტირებას და უზრუნველყოფენ შემდგომ რეაგირებას.