ახალქალაქის სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო
ახალქალაქის სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო

კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, შსს-ს სამცხე-ჯავახეთის პოლიციის დეპარტამენტმა ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სოფელ გომანში კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანების ფაქტზე სისხლის სამართლებრივი მოკვლევა დაიწყო. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.

მათივე ცნობით, გამოძიება სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტირების ჯგუფის მიერ 4 ივნისს სოფელში მდებარე სომხური ეკლესიის ტერიტორიაზე გამოვლენილ მიწის უნებართვო სამუშაოებს ეხება.

„ადგილზე დათვალიერების შედეგად, უკვე დადასტურებულია ეკლესიის სამ (დასავლეთი, სამხრეთი და აღმოსავლეთი) ფასადთან მიწის ფართობზე მძიმე ტექნიკით მუშაობის კვალი, რის გამოც დაზიანებულია ეკლესიის ეზოში მდებარე სამარხები. სპეციალისტების მიერ დაფიქსირებულია სამარხიდან ამოყრილი ადამიანის ძვლები, რომლებიც ტაძრის გარშემოა მიმობნეული. დაზიანებულია ეკლესიის შესასვლელთან არსებული ზღურბლის ქვაც.

პოლიციური მოკვლევის შედეგად, უნდა დადგინდეს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლზე უნებართვო სამუშაოების განმახორციელებელი პირთა ჯგუფი, რომელთაც სამართლებრივი პასუხისმგებლობა განესაზღვრებათ. პარალელურად, სააგენტოს ზედამხედველობის სამსახურის სპეციალისტების მიერ დადგინდება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის დაზიანებათა ხარისხიც“,- აღნიშნულია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.