კრისტიან ურსე - პრინციპის დონეზე საქართველო გადადის სრულად პროპორციულ სისტემაზე, ეს უკვე ასახულია კონსტიტუციაში
ვიმედოვნებთ, საარჩევნო საკითხებზე დიალოგი და პოზიციების გაცვლა გაგრძელდება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ განუცხადა.
მისი თქმით, შაბათს ხელისუფლების, ოპოზიციის, დიპლომატიური კორპუსისა და ვენეციის კომისიის წარმომადგენლების მონაწილეობით გამართული შეხვედრა კარგი ნაბიჯი იყო პოლარიზაციის შემსუბუქებისკენ, რადგან დიალოგის ფორმატში მოხდა პოზიციების დაფიქსირება და აზრთა გაცვლა.
„ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან კარგი ნაბიჯი პოლარიზაციის შემსუბუქებისა და შერბილების კუთხით. ვიმედოვნებთ, დიალოგი და პოზიციების გაცვლა გაგრძელდება“, – აღნიშნა კრისტიან ურსემ.
რაც შეეხება სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას, საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის თქმით, პრინციპის დონეზე საქართველო გადადის პროპორციულ სისტემაზე.
„პრინციპის დონეზე საქართველო გადადის სრულიად პროპორციულ სისტემაზე. ეს უკვე ასახულია კონსტიტუციაში და ევროპის საბჭოს სხვადასხვა ორგანოს რეკომენდაციებიც ამ მიმართულებით იყო. ასე რომ, ეს არის არსებული რეალობა, ახლა ჩვენ ფოკუსირებული ვართ 2020 წლის არჩევნებთან დაკავშირებით არსებულ დიალოგზე და მიმდინარე პროცესზე“, – განაცხადა კრისტიან ურსემ.