კრისტიან ურსე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს
კრისტიან ურსე - საარჩევნო კოდექსში ცვლილებები საარჩევნო გარემოს გააუმჯობესებს

საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება უზრუნველყოფს 2020 წლის ოქტომბერში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგ გარემოს, – ამის შესახებ საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა, კრისტიან ურსემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„როგორც იცით, ვასრულებ მისიას საქართველოში. ასე რომ, ეს იყო გამოსამშვიდობებელი შეხვედრა იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარესთან, ანრი ოხანაშვილთან. ეს იყო შესაძლებლობა, განგვეხილა და შეგვეჯამებინა ჩვენი თანამშრომლობა ბოლო წლის განმავლობაში, რომელიც იყო საკმაოდ მდიდარი და ნაყოფიერი. რა თქმა უნდა, მივულოცე მას ასევე გასულ კვირას პარლამენტის მიერ 2020 წლისთვის საარჩევნო სისტემის შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, ასევე საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესება, რომელიც უზრუნველყოფს 2020 წლის ოქტომბერში მომავალი საპარლამენტო არჩევნებისთვის კარგ გარემოს.

როგორც იცით, ევროსაბჭო მჭიდროდ მუშაობდა იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან რამდენიმე საკითხზე. სიამოვნებით გავიხსენებ ჩვენ მუშაობას, რომელიც იყო ხანგრძლივი და რთული, თუმცა გასული წლის დეკემბერში შედეგად მოიტანა სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღის დამტკიცება. ეს იყო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი ნაწილი, რომელიც დაეხმარება საქართველოში სასამართლო სისტემის ფუნქციონირებას. ერთად კიდევ ბევრ სხვა საკითხზე ვმუშაობდით”, – განაცხადა ურსემ.

მისივე თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები გააუმჯობესებს გარემოს 2020 წელს თავისუფალი და გამჭვირვალე არჩევნების ჩასატარებლად.

„ვფიქრობ, ყველა ელოდება, რათა იხილოს ის პრაქტიკული ზომები, რომელიც განხორციელდება იმის უზრუნველსაყოფად, რომ ყველაფერმა ჩაიაროს შეუფერხებლად“,- განაცხადა ურსემ.

დატოვე კომენტარი