იაგო ხვიჩია - ორივე მხარე პროპორციული არჩევნების ჩაშლას ჩალიჩობს, გადავწყვიტეთ, საერთოდ გავიდეთ პროცესიდან და მოედანი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუტოვოთ
იაგო ხვიჩია - ორივე მხარე პროპორციული არჩევნების ჩაშლას ჩალიჩობს, გადავწყვიტეთ, საერთოდ გავიდეთ პროცესიდან და მოედანი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ დავუტოვოთ

მივხვდი, რომ ორივე მხარე პროპორციული არჩევნების ჩაშლას ჩალიჩობს, რომ პროცესი როგორმე ჩაშალოს, ოღონდ, მეორე მხარეს დააბრალოს, – ამის შესახებ პარტია „გირჩის“ თავმჯდომარემ, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„შენზე უკვე აღარ არის დამოკიდებული ამ პროცესის ჩაშლა. ამიტომ, ჩვენ გადავწყვიტეთ, საერთოდ გავიდეთ ამ პროცესიდან, მართლა ფეხებზე დავიკიდოთ, რას იზამენ; დავუტოვოთ ეს მოედანი „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ და დავიწყოთ საუბარი კონკრეტულ პრობლემებზე, რომელიც ადამიანებს აწუხებთ, იქნება ეს ნარკოპოლიტიკა, ტკივილის გაყუჩება, მწვანე პასპორტები, თუ სხვადასხვა საკითხი, რომლებიც „გირჩს“ სულ აღელვებდა, როგორც ადამიანის უფლებების შემლახავი გარემოებები“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, არის თუ არა „გირჩისთვის“ მნიშვნელოვანი საკონსტიტუციო ცვლილებები, მაგალითად, ფრაქციის ჩამოყალიბების რაოდენობის საკითხი, რომელიც პარლამენტში მყოფი თუნდაც, ოთხკაციანი ჯგუფისთვის ძალიან სერიოზული ინსტრუმენტია, ხვიჩიამ აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებს ბუნებრივია, გულშემატკივრობს, მაგრამ მისი განხორციელების მიმართ სკეპტიკურად არის განწყობილი, რადგან ეს საკითხი ისეთ ხალხზეა დამოკიდებული, ვის ნათქვამ სიტყვასაც ნდობის რეპუტაცია არ მოუპოვებია და ამიტომ, ამაზე საუბარი არ სურს.

„უბრალოდ, არ მინდა ამაზე საუბარი და მინდა, ეს თემა დავამთავრო. ეს თემა დავუტოვოთ „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“. იყვნენ მარტო და ერთმანეთში არკვიონ, ორპროცენტიანი ბარიერი უნდათ, სამი, თუ ხუთი“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მისი თქმით, „გირჩი“ აპირებს, „ქართულ ოცნებას“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის გაჩაღებული ბრძოლა ამ ორი პარტიის მედიასაშუალებებს დაუტოვოს.

„იმიტომ, რომ ისინი ადამიანთა ინტერესებს არ გამოხატავენ. ისინი გამოხატავენ პოლიტიკოსების ინტერესებს. ჩვენ ერთხელ წავაგეთ ამაზე აყოლით. გვინდა, ჭკუა ვისწავლოთ და მეტად, ეს აღარ გავიმეოროთ“, – განაცხადა ხვიჩიამ.

გიორგი გვიმრაძის შეკითხვაზე, ვინ ფიქრობს პარლამენტში „გირჩის“ მსგავსად და ჰყავს თუ არა პარტნიორები მის პარტიას, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ „გირჩს“ აქვს წინადადებები, რომლის მიხედვით, წაგებული არავინ იქნება და პარტია ასეთი წინადადებებით ყველა კოლეგასთან მიდის, მაგრამ მათ ამის ინტერესი არ აქვთ.

„ჩვენ ყველას ველაპარაკებოდით, სულ. უბრალოდ, ოპოზიციასთან რომ ვილაპარაკეთ, დიდი ხნის განმავლობაში, შეთანხმებებსაც მივაღწიეთ, მაგრამ მერე, ეს შეთანხმებები ისე დაირღვა, რომ ამ თემაზე კიდევ საუბარი არ მოგინდება. იმიტომ, რომ ცოტა ხნის წინ, ეს შეთანხმებები სრულიად უმიზეზოდ დაგერღვა. ისეთი სიტუაცია იყო და ისეთი ქარტეხილები გამოვიარეთ, რომ რაღაც თვალსაზრისით, ზოგიერთი ადამიანის გვესმის კიდეც. ადამიანურად გვესმის, ისეთი საგიჟეთი იყო, მაგრამ გვინდა, ეს საგიჟეთი რაღაცნაირად დამთავრდეს და კონკრეტულ თემებზე საუბარი, რომელიც ადამიანებს აინტერესებთ, თავიდან განვაახლოთ, როგორც ხელისუფლებასთან, ისე ოპოზიციასთან“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეკითხვაზე, რა ვალდებულების წინაშე დგას ხელისუფლება, რომ საკონსტიტუციო ცვლილებები განახორციელოს, რადგან „ქართული ოცნება“ შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან გამოვიდა, ხვიჩიამ განაცხადა, რომ ამის მიღწევის გზა არის საღი აზრი და თავის დროზე, ქართველი ხალხის მიმართ ბიძინა ივანიშვილის დაპირება, ერთობლიობაში კი, ეს ორი რამ ცოტა არ არის, რათა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება შარლ მიშელის ხელშეკრულების გარეშეც მოხდეს.

„უბრალოდ, ვინაიდან ამის გაგება არ უნდათ და სულ ეს დაუსრულებელი ვაჭრობა უნდათ, მე აღარ მინდა ეს ვაჭრობა. მე მინდა, აქედან გავიდე“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.