იაგო ხვიჩია - ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ამაზე სერიოზულად დაგველაპარაკებიან, მზად ვარ, ყველანაირ კომისიაში მივიღო მონაწილეობა
იაგო ხვიჩია - ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, თუ ამაზე სერიოზულად დაგველაპარაკებიან, მზად ვარ, ყველანაირ კომისიაში მივიღო მონაწილეობა

„გირჩი“ არის ერთადერთი პარტია, რომელიც ბოიკოტს შეუერთდა განსხვავებული მოტივით, არა იმ მოტივით, რომ ჩვენ ვიცოდით როდის, რამდენად და როგორ გაყალბდა არჩევნები, არამედ იმით, რომ არც ერთი ჩვენი მეგობარი, პარტნიორი პოლიტიკური პარტია ოპოზიციიდან არ არის პარლამენტში ,- ამის შესახებ „გირჩის“ წარმომადგენელმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.

ხვიჩიას თქმით, როგორც არ უნდა ჩატარებულიყო არჩევნები, „გირჩს“ პარლამენტში აღნიშნული ოპოზიციური პარტიების გარეშე შესვლა არ სურდა.

ამასთან, ხვიჩიას თქმით, „გირჩი“ ოპოზიციური ერთობის მომხრეა, თუმცა ამავდროულად აქვს საკუთარი წითელი ხაზები და სურვილები, რომელიც ქვეყნის განვითარებისთვის აუცილებელია.

კერძოს, იაგო ხვიჩიას განმარტებით, „გირჩს“ სურს ყველა დონეზე პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით და ამ საკითხის სერიოზულად განხილვის შემთხვევაში, თავად მზად არის, ყველანაირ კომისიაში მიიღოს მონაწილეობა.

„ნებისმიერი კონსტრუქციული საუბრისთვის ვართ მზად, მაგრამ გვაქვს ჩვენი ფასი, რა გვინდა ამ პროცესის შედეგად, როგორც სხვა პოლიტიკურ პარტიებს უნდათ რიგგარეშე არჩევნები, ჩვენ გვინდა პროპორციული არჩევნები, ბუნებრივი ბარიერი ყველა, როგორც ადგილობრივ, ასევე საპარლამენტო დონეზე. ჩვენ თუ ამაზე სერიოზულად დაგველაპარაკებიან, მე მზად ვარ, ყველანაირ კომისიაში მივიღო მონაწილეობა, ოღონდ, უნდა ვიცოდე, რომ რაც მე მინდა, იმის აღსრულება არის შესაძლებელი.

ჩვენ გვინდა საარჩევნო სისტემის ცვლილება, სრულად პროპორციული არჩევნები ნულოვანი ბარიერით. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე დიდი მოთხოვნა, რაც ახლა მოლაპარაკების მაგიდაზეა, მეორე მოთხოვნა, ვადამდელი არჩევნები ამის საპირწონე არ არის. ის, რასაც ჩვენ ვითხოვთ, არის ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ქართველი ხალხის მოთხოვნა, ყველა პოლიტიკური ძალა წინა არჩევნებამდე ამ ერთადერთი მოთხოვნით იყო გაერთიანებული – პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით, რაზეც იყო დაპირება და მერე გადაგვაგდეს.

არჩევნები მორჩა და ეს დაპირება, რაც ორი წელი მთელ ოპოზიციას აერთიანდებდა, სადღაც გაქრა, ყველას დაავიწყდა, მთავარი გახდა სხვა საკითხები, რაც მე ძალიან მწყინს და მგონია, რომ ეს აჩვენებს ოპოზიციის სისუსტეს და არათანმიმდევრულობას. როგორც კი გვაწყობს რაღაცა, დაგვავიწყდა მთავარი მოთხოვნა, რის გამოც შევიკრიბეთ -პროპორციული არჩევნები“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიმ.

იაგო ხვიჩიას განცხადებით, „გირჩი“ ბოიკოტს გამოიყენებს ამისთვის, რომ საარჩევნო ბარიერმა დაიწიოს.

„ჩვენ ვართ თანმიმდევრულები, ჩვენ ვაპირებთ ზუსტად იგივე მოთხოვნის გაგრძელებას, ვაპირებთ, ბოიკოტი გამოვიყენოთ ამისთვის, რომ საარჩევნო ბარიერი იქნას დაწეული. ამ წუთას ფასილიტატორებთან რა ოთხი მოთხოვნაც დევს, მესამე მოთხოვნა, ჩვენი ინიციატივით არის პროპორციული არჩევნები ბუნებრივი ბარიერით. პარტიები რაზე თანხმდებიან, არ ვიცი, ყველას თავისი ინტერესი აქვს იქ, ვადამდელი არჩევნები, კონკრეტული ინტერესებით ერთიანებიან და ჩვენ მივედით, რომელსაც სხვა რამე გვინდოდა, არ ვარ წინააღმდეგი ვადამდელი არჩევნებისაც. ამ პროცესში შევთანხმდეთ იმაზე, რომ ერთმანეთს ხელს არ შევუშლით, რადგან მე ოპოზიციის გარეშე ვერ მივაღწევ ჩემს მოთხოვნას, რომელიც თავისი შინაარსით უფრო მეტია, ვიდრე დანარჩენი ოპოზიციის მოთხოვნა, მაგრამ ოპოზიციას თუ მე გავუფუჭებდი საქმეს, ეს იქნებოდა საერთო საქმის გაფუჭება.

შეიძლება, ვიღაც არ ეთანხმება და გულუბრყვილობად მიაჩნდეს ჩვენი მოთხოვნა, მე მგონია, რომ წელიწად-ნახევარი ქართველი ხალხი ყველა ვერ ვიქნებოდით გულუბრყვილო, მათ შორის ის პარტიებიც, რომლებიც დღეს მე მეძახიან გულუბრყვილოს.

ვნახოთ, პროცესი სად მიგვიყვანს. ჩვენ ოპოზიცია გვჭირდება ხელისუფლების წინააღმდეგ საბრძოლველად და ერთობლივად უნდა მივაღწიოთ რაღაც შედეგს, ჩვენ ვართ ამ ერთობის მომხრე, თუმცა ჩვენ გვაქვს ჩვენი წითელი ხაზები და სურვილები, რომელიც მიგვაჩნია, რომ აუცილებელია ქვეყნის განვითარებისთვის. გინდა, ოპოზიცია იყოს, გინდ ხელისუფლება, ამ პრინციპებზე გადავლას ჩვენ მშვიდად არ ავიტანთ“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.