სანდრო რაქვიაშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, კონსტრუქციულს და პასუხისმგებლიანს უწოდებს
სანდრო რაქვიაშვილი ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, კონსტრუქციულს და პასუხისმგებლიანს უწოდებს

„გირჩის“ წევრი სანდრო რაქვიაშვილი „რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის, ხათუნა სამნიძის განცხადებას უბარიერო პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით, კონსტრუქციულს და პასუხისმგებლიანს უწოდებს.

რაქვიაშვილის თქმით, ნულოვანი ბარიერით პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე კანონპროექტის ინიცირების შემთხვევაში, „გირჩი“ პარლამენტში შევა და ბოიკოტს შეწყვეტს.

„ეს ძალიან ლოგიკური, კონსტრუქციული და პასუხისმგებლობით აღჭურვილი გადაწყვეტილებაა, რადგან კონსტიტუციის ცვლილება იმაზე მნიშვნელოვანია, ვიდრე ოპოზიციის ნებისმიერი სხვა მოთხოვნა. მიხარია, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა და დარწმუნებული ვარ, ოპოზიციონერებს შორის საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც მსგავსად ფიქრობს.

ბუნებრივია, როგორც კი ეს წინადადება მაგიდაზე დაიდება, ჩვენ შევალთ პარლამენტში. დარწმუნებული ვარ, მარტო არ ვიქნებით.

მივიჩნევთ, რომ ეს რეალიზებული თუ იქნება და კონსტიტუცია შეიცვლება, ვერ ვხედავთ ბოიკოტის ან მსგავსი გადაწყვეტილების საჭიროებას. ჩვენს შემთხვევაში ეს არ იქნება ერთჯერადი“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

„რესპუბლიკური პარტია“ მზადყოფნას გამოთქვამს, უბარიერო პროპორციული საარჩევნო სისტემის საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს. სამნიძე განმარტავს, რომ პარტია პარლამენტის ბოიკოტს გააგრძელებს, თუმცა მზად არის, უბარიერო პროპორციული არჩევნების საკითხს კენჭისყრაზე მხარი დაუჭიროს.