პარტია „გამარჯვებული საქართველოს“ წევრები 20 ივნისის აქციაში მონაწილეობის გამო დაკავებულ პირებს პოლიტპატიმრებად მიიჩნევენ.
პარტიის ერთ-ერთი ლიდერი კოტე კემულარია ამბობს, რომ ეს ადამიანები გმირები არიან და საზოგადოებამ მათ მხარდაჭერა უნდა გამოუცხადოს.
„შემოდგომა იქნება საკმაოდ ცხელი. სულ ტყუილად აქვს იმედი ამ ხელისუფლებას, რომ საერთაშორისო მხარდაჭერაც შესუსტებულია. მხოლოდ შვებულება იყო ამის პირველი მიზეზი. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა პოლიტპატიმრის შესახებ იცოდეს მთელმა მსოფლიომ, ყველა საერთაშორისო ინსტიტუტმა. შემოდგომა ამ ხელისუფლებისთვის იქნება ძალიან მძიმე, თუ ისინი არ მოეგებიან გონს, არ გაათავისუფლებენ პოლიტპატიმრებს და არ შექმნიან ქვეყანაში საქმიან ვითარებას არჩევნების ჩასატარებლად. ვფიქრობ, თავად ბიძინა ივანიშვილი, რომელიც არის შემოქმედი ამ რეპრესიული რეჟიმისა, უნდა მოეგოს გონს. ნუ უსმენს რჩევებს, რომ მაგარი ბიჭობა და დაჭერები, რეპრესიები გადაარჩენს მათ და დაუბრუნებს რეიტინგს, რომელიც დაკარგეს. ხალხი აღარ არის უკვე იმ აზრზე, რომელზეც იყო 2012 წელს. ამას ვეღარ დაიბრუნებთ ოცნება, თქვენ ახლა უნდა იზრუნოთ მშვიდობიანად და საქმიანად არჩევნების ჩატარებაზე. ამისთვის საჭიროა პოლიტპატიმრების გათავისუფლება, რეჟიმზე და ძალადობაზე უარის თქმა და თანხმობის ჩამოყალიბება რომ მივიდეთ არჩევნებამდე“, – აცხადებს კოტე კემულარია.