კოტე კემულარია - „ტრიბუნა“ მხარს დაუჭერს ნიკა მელიას, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს
კოტე კემულარია - „ტრიბუნა“ მხარს დაუჭერს ნიკა მელიას, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს

პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნა“ მხარს დაუჭერს ნიკა მელიას, როგორც გაერთიანებული ოპოზიციის კანდიდატს, – აცხადებს პარტიის წარმომადგენელი კოტე კემულარია.

კემულარიას თქმით, სწორედ კოალიციური მიდგომა არის სიტუაციიდან გამოსავალი.

„არც „ოცნებას“ ცალკე აღებულს, არც დღეს მოქმედ სხვა ძალას არ ძალუძს, რომ აიღოს უმრავლესობა. ეს ნამდვილად არ არის ცუდი. ეს არის სწორედ ის ევროპული გზა, რითაც თანამედროვე დასავლური სამყარო მიდის, სადაც არ არიან დომინანტები, არ არიან ბელადები და ასე შემდეგ. ამიტომ საქართველო ამ მხრივ რეგიონშიც წინ არის და ეს არის სწორედ მიმართულება, რომელიც სურს ასევე მოსახლეობასაც. ამან მხარდაჭერა უნდა მოიპოვოს სწორედ ამიტომაც. თუნდაც ის მიდგომა, რომ წამყვანი ოპოზიციური ძალა – „ნაციონალური მოძრაობა“ არ დაასახელებს მაჟორიტარებს თბილისშიც და ბევრ რეგიონშიც, ჩვენ ამაზე გვქონდა უკვე შეხვედრა და პირველი მოთელვა.

ჩვენს ძალას და სხვა მცირე ზომის პარტიებსაც ჰყავთ ლიდერები სხვადასხვა რაიონებში და სწორედ ეს ადგილობრივი ელიტები, ის ხალხი, ვინც დღეს უდაოდ მხარდაჭერას მოიპოვებენ, იქნებიან ერთიანი კოალიციური ძალის წარმომადგენელი, რომელსაც უმრავლესობაში ვიხილავთ ბევრ რეგიონში და მათ შორის, ადვილად შესაძლებელია, თბილისშიც“, – განაცხადა კოტე კემულარიამ.