ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა
ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა

„გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერს, ირაკლი ოქრუაშვილს კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ მან სოციალურ ქსელში დაწერა.

როგორც ოქრუაშვილი წერს, ინფიცირების გამო, 8 ნოემბერს ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე ვერ მივა, თუმცა აღნიშნავს, რომ საპროტესტო აქციებს მომდევნო დღეებში აუცილებლად შეუერთდება.

„საინტერესო 47-ე წელი შევასრულე (ცესკო-ს დათვლით 57-ე). საერთოდ არ მიყვარს საკუთარი დაბადების დღე, არც მისი აღნიშვნა და არც მასზე საუბარი. სხვა მიზნით ვწერ პოსტს.

სად აღარ „აღმინიშნავს“ დაბადების დღე: მიტინგზე, აეროპორტში, ტყეში, ციხეში და ა.შ. ცხოვრება ყოველთვის საინტერესო საჩუქრით მაჯილდოვებდა.

წელს ვფიქრობდი, რა საჩუქარს მომიმზადებს იღბალიმეთქი და მივიღე განსაკუთრებული – ლაბორატორიის დადებითი პასუხი კორონაზე.

ამის გამო არ ვჩანდი ბოლო ორი დღე აქციებზეც და ტელევიზიებშიც, რადგან პასუხს ველოდი და სამწუხაროდ 8 ნოემბერსაც მომიწევს აქციის გამოტოვება.

გადამდები რომ არ ვიყო, აუცილებლად მოვიდოდი. თუმცა 8-ში მხოლოდ „იწყება“ და აუცილებლად დაგეწევით რამდენიმე დღეში. უჩემოდ ბარიკადები არ იქნება…

მადლობა ყველას, მოლოცვაზე მეტად 8 ნოემბერს რუსთაველზე მისვლისთვის“, – წერს ოქრუაშვილი.