კოტე კემულარია - როდესაც ხუთი პარტია იკრიბებით და აცხადებთ, აქციას ვატარებთ და კეთილი ინებეთ, შემოგვიერთდითო, ეს შეურაცხმყოფელია როგორც საზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის
კოტე კემულარია - როდესაც ხუთი პარტია იკრიბებით და აცხადებთ, აქციას ვატარებთ და კეთილი ინებეთ, შემოგვიერთდითო, ეს შეურაცხმყოფელია როგორც საზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის

ხუთი პარტია როდესაც იკრიბებით და აცხადებთ, რომ აქციას ვატარებთ და კეთილი ინებეთ, შემოგვიერთდითო, ეს არის შეურაცხმყოფელი როგორც საზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის, – ასე ეხმაურება პოლიტიკური მოძრაობა „ტრიბუნას“ წევრი კოტე კემულარია სოციალურ ქსელში „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, ნიკა მელიას გუშინდელ ბრიფინგს, რომელზეც მან აქციები დააანონსა.

„არ შემიძლია, გულისტკივილით არ ავღნიშნო საჯაროდ: როდესაც ხუთი პარტია იკრიბებით და ოფიციალურად აცხადებთ, რომ ჩვენ – „ევროპული საქართველო“, „დროა“, „ლელო“, „ენმ“, „გირჩი“ 19 ნოემბერს ვატარებთ აქციას და საზოგადოებამ, დანარჩენი პარტიების წარმომადგენლებმა კეთილი ინებეთ და შემოგვიერთდითო, ეს არის შეურაცხმყოფელი როგორც ზოგადად საზოგადოებისთვის, ისე სხვა ოპოზიციური მოძრაობების მრავალრიცხოვანი მხარდაჭერებისთვის.

თქვენი მუდმივი პოზიციიდან თუ გადმოსახედიდან, თქვენ ხუთნი ხართ პოლიტპატრიციები, წამყვანები და დანარჩენი საზოგადოება და პარტიები „და სხვა“ (თქვენი გაგებით, პლებეები).

მძიმე, საერთო საქმის დამაზიანებელი შეცდომაა.

სამწუხაროდ! ამ „საპატიო ხუთეულმა“ ეს ვერ გაიგეთ არჩევნების დროს, არ გინდათ შეისმინოთ არც ახლა.

ეს იწვევს გახლეჩას და „ახლა ამის დრო არ არის“ ძახილი, არის სწორედ პროვინციული პოლიტიკანიზმი.

მძიმე შეცდომაზე ყოველთვის უნდა ელაპარაკო პარტნიორებს კეთილმოსურნეობის პრეზუმფციიდან გამომდინარე. იქნებ ეს გამოსწორდეს და ერთად მოხდეს ყველა აქციის და მოქმედების დაგეგმვა, გამოცხადება, ჩატარება.

მხოლოდ მაშინ იქნება ის ყველასი, საყოველთაო და რაც მთავარია, უფრო დიდი შედეგის მომტანი.

მაპატიეთ ამ ბანალურ ჭეშმარიტებებზე ყურადღების გამახვილება. უბრალოდ, შეკრებებზე განცხადებებმა ვერ გამოიღო შედეგი და საჯაროდ მსჯელობამ იქნებ უშველოს.

უნდა გაიგოთ, ძვირფასებო, რომ „ხუთი მთავარი პარტია ვატარებთ“, ე.წ. ბარიერ გადალახულები/კარგად გაიხსენეთ, რომ ეს მავნე ცნება ოცნებამ შემოგიგდოთ, თქვენ კი აიტაცეთ/, არაფერი კარგის მომტანი არ არის არც საერთო საქმისთვის და არც თქვენი კერძო მიზნებისთვის.

P.S. ნიკა მელიამ კი გამოაცხადა – „ოთხი ვატარებთო“, მეხუთე და „თლათ მთავარი“, „ევროპული საქართველო“ ამჟამად ლატენტურია, ანუ მალულია, თუმცა პროცესებს წარმართავს კულისებს მიღმა.

რ ა ტ ო მ ?

ეს კითხვა მწვავეა და მარტო მე არ მიჩნდება“, – წერს კოტე კემულარია.