ირაკლი ოქრუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას მხარდაჭერა გამოუცხადა
ირაკლი ოქრუაშვილმა „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატს, გიგი უგულავას მხარდაჭერა გამოუცხადა

ზუგდიდში „გამარჯვებული საქართველოს“ ლიდერი ირაკლი ოქრუაშვილი და „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გიგი უგულავა მხარდამჭერებს შეხვდნენ.

როგორც შეხვედრაზე ირაკლი ოქრუაშვილმა განაცხადა, ზუგდიდის მაჟორიტარულ ოლქში ის მხარს უჭერს გიგი უგულავას.

მისი თქმით, ეს მხარდაჭერა გაერთიანებულ ოპოზიციაში დისონასს არ შეიტანს.

„ჩვენ რაღაც განსაკუთრებული მიზეზები გვაქვს, რატომაც შეიძლება ერთმანეთს მხარს ვუჭერდეთ. ჩვენ ვრჩებით იმ ერთობის ერთგული, რომელიც „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში შეიკრიბა და რომელმაც ჩვენი ციხიდან გათავისუფლება შეძლო“, – განაცხადა ოქრუაშვილმა.

„ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა, გიგი უგულავამ ირაკლი ოქრუაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„დარწმუნებული ვარ, ეს მხარდაჭერა თავის შედეგს გამოიღებს. ჩვენ ყოველთვის ვიყავით მომხრე, რომ ერთიანი მაჟორიტარი ყოფილიყო. სამწუხაროდ, ეს ზოგ ოლქებში მოხერხდა, ზოგში – ვერა, მაგრამ, საბოლოო ჯამში, ეს მაინც თავის სინერგიას მოიტანს და 31 ოქტომბერს ყველა ერთად ვიზეიმებთ „ქართულ ოცნებაზე“ გამარჯვებას. ეს იქნება ჩვენი ქვეყნის გათავისუფლების მომენტი“, – განაცხადა უგულავამ.