კომეტის ზედაპირზე გადაღებული ახალი, განსაცვიფრებელი ვიდეო
კომეტის ზედაპირზე გადაღებული ახალი, განსაცვიფრებელი ვიდეო

ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდი „როზეტა“ 2014 წლის აგვისტოში კომეტა 67P/ჩურიმოვ-გერასიმენკოსთან მივიდა და ამ უსწორმასწორო, იხვის ფორმის ობიექტის კვლევას ორი წელი შეალია.

რამდენიმე დღის წინ, სააგენტომ ზონდის მიერ გადაღებული ფოტოების შემდეგი ნაწილი გამოაქვეყნა.

„როზეტას“ ფოტოების უმეტესი ნაწილი თანმიმდევრობითაა გადაღებული. ამიტომ Twitter-ის მომხმარებელმა landru79-მა სურათებისგან ე. წ. ტაიმლეპსი ააწყო და გამოაქვეყნა.
„კომეტა ჩურიმოვ-გერასიმენკოს განსაცვიფრებელი სცენა“ — ასე შეაფასა Twitter-ზე ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) landru79-ის ნამუშევარი.

ვიდეოკლიპი ასახავს კომეტასთან ხომალდის 25-წუთიან ჩაფრენას, რომელიც 2016 წლის 1-ელ ივნისს განხორციელდა. სცენა სამეცნიერო-ფანტასტიკის ჟანრის ფილმის კადრებს ჰგავს:

ფონზე, კომეტის უკან, თქვენ ხედავთ კოსმოსში მოძრავ ვარსკვლავებს.

ამ ფოტოების გადაღებამდე რამდენიმე თვით ადრე, 4 კმ სიგრძის კომეტაზე „როზეტამ“ ასევე გადაიღო რღვევის პროცესი, რაც სავარაუდოდ, მეწყერით იყო გამოწვეული. წინა ფონზე თქვენ ხედავთ, როგორ ხტუნაობს მზის შუქით განათებული ყინულისა და მტვრის ნაწილაკები რამდენიმე მეტრი სიმაღლის კლდის სიახლოვეს.

გარდა ფოტოების გადაღებისა, „როზეტამ“ კომეტის ზედაპირზე ჩაუშვა ზონდი სახელად „ფილა“, თუმცა მასთან კავშირი მალევე გაწყდა.

2016 წლის 30 სექტემბერს, ESA-მ „როზეტა“ მიზანმიმართულად შეაჯახა კომეტას. ხომალდმა საბოლოო სურათების გადაღება და გამოგზავნა მოასწრო.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით