დედამიწასთან ახლოს მოსულ კომეტა ვირთანენზე დიდი ოდენობით ალკოჰოლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება
დედამიწასთან ახლოს მოსულ კომეტა ვირთანენზე დიდი ოდენობით ალკოჰოლი აღმოაჩინეს — #1tvმეცნიერება

კომეტები მზის სისტემის შიდა ნაწილში წარმოუდგენლად შორიდან მოდიან, ოდნავ თბებიან და კოსმოსში ალკოჰოლი შემცველი ნაერთების გაფრქვევასაც იწყებენ.

კომეტა 46P/ვირთანენი, რომელიც მზის სისტემის შიდა ნაწილში 2018 წელს შემოვიდა, ამ მხრივ გამორჩეული იყო. მისი ატმოსფეროს, იგივე კომას ანალიზების მიხედვით, ის ანომალიურად დიდი ოდენობით ალკოჰოლს გამოყოფდა.

ამ ფაქტმა შეიძლება საკმაოდ საინტერესო ცნობები მოგვაწოდოს მზის სისტემის ევოლუციის შესახებ.

„46P/ვირთანენს ერთ-ერთი მაღალი ჰქონდა ალკოჰოლი-ალდეჰიდების პროპორცია აქამდე შესწავლილ კომეტებს შორის. ეს კი გვაძლევს ინფორმაციას იმის შესახებ, როგორ იყო გადანაწილებული ნახშირბადი, ჟანგბადი და წყალბადის მოლეკულები ადრეულ მზის სისტემაში, მაშინ, როდესაც ვირთანენის წარმოიქმნა“, — ამბობს ჯონს-ჰოპკინსის უნივერსიტეტის კომეტების მეცნიერი ნილ დელო რუსო.

46P/ვირთანენი შიდა მზის სისტემის საკმაოდ ხშირი სტუმარია. მზის გარშემო ერთ შემოვლას 5,4 წელიწადს ანდომებს და ზოგჯერ დედამიწასთან ისე ახლოსაც მოდის, რომ ღამის ცაზე შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს.

ბოლო ვიზიტისას, 2018 წლის დეკემბერში, ის დედამიწას 11,6 მილიონი კილომეტრის მანძილზე მოუახლოვდა, დედამიწასა და მთვარეს შორის არსებულ მანძილზე დაახლოებით 30-ჯერ შორს.

ასტრონომებმა ეს შანსი მთლიანად გამოიყენეს და კეკის ობსერვატორიის განახლებული ახლო-ინფრაწითელი სპექტროგრაფით (NIRSPEC) კომეტა დეტალურად შეისწავლეს.

ამ ინსტრუმენტს შეუძლია მონაცემები შეაგროვოს კომეტის კომაში გამავალი მზის სინათლის შესახებ, რასა შემდეგ მეცნიერები აანალიზებენ და ადგენენ მის ქიმიურ შემადგენლობას.

კომეტის კომას ძალიან ბევრი რამის თქმა შეუძლია გარე და ადრეული მზის სისტემის შესახებ. კომეტები ასტეროიდებისგან იმით განსხვავდებიან, რომ შედგებიან გაყინული ნივთიერებებისგან, რომლებიც მათში ჯერ კიდევ მაშინ ჩაიჭედა, როდესაც ისინი წარმოიქმნა; ამიტომაც, ზედმეტსახელად მათ „ჭუჭყიან თოვლის გუნდებსაც“ უწოდებენ.

კომეტის ორბიტის უდიდეს ნაწილზე, ეს ყინულები გაყინულ მდგომარეობაშია, მაგრამ როდესაც კომეტა მზესთან ახლოს მიდის და საკმარის სითბოს იღებს, ყინულები აორთქლებას (სუბლიმაცია) იწყებს, იცილებს მტვერს და წარმოქმნის მტვრიან, გაზოვან საბურველს.

სწორედ ეს მატერია წარმოქმნის კომეტის გაზისა და მტვრის კუდს, რომელსაც მზის ქარი და რადიაციული წნეხი მის საპირისპიროდ მიმართავს.

გამომდინარე იქიდან, რომ ეს მასალები კომეტაში მისი გაჩენის დღიდან არის ჩაყინული, იმ დროიდან, როდესაც მზის სისტემა ჯერ კიდევ ახლად დაბადებული იყო, შეიცავენ ინფორმაციას იმ ღრუბლის შემადგენლობის შესახებ, რომლისგანაც თავად მზის სისტემა გაჩნდა.

46P/ვირთანენის კომაში, ინსტრუმენტმა NIRSPEC-მა სულ რაღაც 10-20 წუთში დააფიქსირა მისი შემადგენლობა: აცეტილენი, ამიაკი, ეთანი, ფორმალდეჰიდი, წყალბადის ციანიდი, მეთანოლი და წყალი.

NIRSPEC-ის მონაცემებს კომას ტემპერატურის დადგენაც შეუძლია; ამ შემთხვევაში, მეცნიერებმა რაღაც უცნაური აღმოაჩინეს. სითბო იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მხოლოდ მზისგან მიღებული უნდა ყოფილიყო.

„დავადგინეთ, რომ კომას წყლის აირში ტემპერატურა ბირთვიდან დაშორებისას მნიშვნელოვნად არ იკლებდა, რაც გათბობის მექანიზმზე მიუთითებს“, — ამბობს მისურის უნივერსიტეტის ასტრონომი ერიკა გიბი.

უცნობია, რა შეიძლება იყოს გათბობის ეს მექანიზმი, მაგრამ არსებობს მრავალი შესაძლებლობა.

შესაძლოა, მზის რადიაცია კომაში, კომეტის ბირთვთან ახლოს, გარკვეულ მოლეკულებს აიონიზებდეს, რაც ენერგიულ ელექტრონთა გამოყოფას უნდა იწვევდეს. შეიძლება, ეს ელექტრონები სხვა მოლეკულებს ეჯახებოდნენ და ენერგიას გადასცემდნენ, რაც შემდეგ სითბოს სახით გამოიყოფა.

კიდევ ერთი შესაძლებლობის მიხედვით, კომეტას სწყდება ყინულის მყარი ნაჭრები და მარცვლები, ბირთვიდან მოფრინავს, გზაში სუბლიმირდება (ორთქლდება) და ენერგიას სწორედ ასე შორს, ცივ ღრუბელთან შეჯახებების შედეგად გამოყოფს და არა ბირთვის სიახლოვეს. კომას გარე ნაწილში მკვლევრებმა სხვა ნაერთებზე უფრო მაღალ წყლის პროპორციას ვერ მიაგნეს, რაც სწორედ ამ მოდელს ეთავსება.

ამან კი შეიძლება ახსნას, როგორ მოხვდა წყალი პლანეტებზე, მათ შორის დედამიწაზე. მიუხედავად იმისა, რომ წყლის ყინული კომეტასთან ორთქლდება, პლანეტაზე დაცემისას ის შეიძლება თხევად ან ყინულის ფორმას დაუბრუნდეს.

კომეტებზე აღმოჩენილია სიცოცხლისთვის აუცილებელი სხვა ინგრედიენტებიც; შესაბამისად, ეს ჭუჭყიანი თოვლის გუნდები შეიძლება სასიცოცხლოდ გადამწყვეტი იყოს არა მხოლოდ ჩვენს არსებობაში, არამედ სიცოცხლისთვის მთელ სამყაროში.

„კომეტების კვლევები ზედმეტად ამაღელვებელია, რადგან შეიძლება დაგვეხმაროს ერთ-ერთ ყველაზე ფუნდამენტურ კითხვაზე პასუხის გაცემაში: მარტოები ვართ?“, — ამბობს კეკის ობსერვატორიის ასტრონომი გრეგ დოპმენი.

მისივე განცხადებით, კომეტებში არსებული ორგანული ნივთიერებები გვეუბნება, რა ინგრედიენტებისგან გაჩნდა ჩვენი მზის სისტემა და რომლებმა შეასრულეს გადამწყვეტი როლი სიცოცხლის აღმოცენებაში. ამის შემდეგ, ასეთივე პერბიოტური მოლეკულები შეიძლება მოვძებნოთ სხვა პლანეტურ სისტემებშიც, რაც საკმაოდ რეალურ შანსს გვაძლევს დედამიწის მიღმა სიცოცხლის პოვნაში, თანაც არა მხოლოდ ჩვენი შვილების სიცოცხლეში, არამედ ჩვენსავე სიცოცხლეში.

კვლევა The Planetary Science Journal-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია nasa.gov-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.