მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კომეტა დედამიწას კვლავ უახლოვდება — #1tvმეცნიერება
მზის სისტემის ერთ-ერთი ყველაზე უჩვეულო კომეტა დედამიწას კვლავ უახლოვდება — #1tvმეცნიერება

ე. წ. ეშმაკის კომეტა მზის გარშემო მოძრაობისას დედამიწას უახლოვდება; მიუხედავად იმისა, რომ ის საკმაოდ დიდი და უჩვეულოა და სახელიც ასე საზარელი აქვს, რაც რქების მსგავსი ვიზუალის გამო უწოდეს — ეს კომეტა ჩვენი პლანეტისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.

ამ კომეტის სამეცნიერო სახელია 12P/პონს-ბრუკსი და დედამიწის ცაზე ბოლოს ის 70 წლის წინ ჩანდა. მისი სიკაშკაშიდან გამომდინარე, ასტრონომები ვარაუდობენ, რომ კომეტის მყარი ნაწილის, ანუ ბირთვის სიგანე დაახლოებით 20 კილომეტრია.

ძირითადად, კომეტების დიამეტრი 1 – 2,8 კილომეტრს შორის მერყეობს, მაგრამ როგორც მკვლევრები ამბობენ, ეს კომეტა ნამდვილად დიდი, გამორჩეული და იშვიათია.

მართლაც, ეს კომეტა კაშკაშა და ძლიერ უცნაურია. მისი „რქები“ სინამდვილეში გაზისა და მტვრის კუდია, რომლებსაც მეცნიერებისთვის ჯერ უცნობი ფეთქებადი პროცესები წარმოქმნის. ისინი წელს უკვე ორ ასეთ აფეთქებას დააკვირდნენ: პირველს ივლისში, მეორეს კი ოქტომბრის დასაწყისში.

არიზონის ლოუელის ობსერვატორიის მკვლევრის, ტედი კარეტას განცხადებით, „აფეთქება“ წარმოადგენს პროცესს, როდესაც კომეტა უცბად გაცილებით აქტიური ხდება, რა დროსაც, დროის მოკლე პერიოდში იფრქვევა ტონობით გაზი და მტვერი. როდესაც ეს ხდება, კომეტა სწრაფად კაშკაშდება და შემდეგ, ამას კვლავ პირვანდელ მდგომარეობამდე ჩაბნელება მოსდევს. მკვლევართა განცხადებით, კომეტა პონს-ბრუკსის შემთხვევაში, აფეთქება ნამდვილად ძალიან დიდია და სიკაშკაშეც ძლიერი. სწორედ ამიტომ არის ეს კომეტა მეცნიერებისთვის ასე საინტერესო.

ასეთი აფეთქებები განსაკუთრებით საინტერესოა მათი სიხშირისა და ადგილმდებარეობის თვალსაზრისით. ერთი თეორიის მიხედვით, კომეტები შეიცავს ყინულის ფორმას, რომელიც მზის სითბოს პირველი ზემოქმედებისას, აქროლადთა აფეთქებებს იწვევს. თუმცა, ამ ახსნის მტკიცებულებები ძირითადად მზესთან ახლოს ყოფნისას არის შემჩნეული და არც ისე ხშირად. კარეტას განცხადებით, ისინი ხუთ წელიწადში დაახლოებით ორჯერ შეიძლება მოხდეს.

ამისგან განსხვავებით, პონს-ბრუკსის კომეტა შედარებით ხშირად ფეთქდება და თანაც, მზისგან შორს ყოფნისასაც. ამჟამად ის ჩვენგან მარსზე უფრო შორსაა და შესაბამისად, თბილიც არაა. ამიტომ, ჩნდება კითხვა, საიდან მოდის ამხელა აფეთქებებისთვის საჭირო ენერგია? თანაც, როგორ ხდება ეს აფეთქებები ასე ხშირად?

პონს-ბრუკსის კომეტა მზის გარშემო ერთ შემოვლას 71,2 წელს ანდომებს და სიკაშკაშის პიკს ის 2024 წლის აპრილის შუა რიცხვებში მიაღწევს.

მომზადებულია Business Insider-ის მიხედვით.