დეკემბრის განმავლობაში, ცაზე კომეტა ლეონარდის დანახვას შეძლებთ — #1tvმეცნიერება
დეკემბრის განმავლობაში, ცაზე კომეტა ლეონარდის დანახვას შეძლებთ — #1tvმეცნიერება

ცაზე კომეტებს ყოველდღე არ ვხედავთ; თანაც, უნდა გაგიმართლოთ, რომ კარგად დაინახოთ. კომეტათა უმეტესობა სიკაშკაშის მაქსიმუმს მზესთან მიახლოებისას აღწევს, მაგრამ ამ დროს, ისინი მზის ფონზე ან ჰორიზონტს დაბლა არიან და მათი შემჩნევა რთულია.

გამონაკლისი არც კომეტა C/2021 A1-ია (ლეონარდი) გამონაკლისი. თუმცა, ის პატარა ტელესკოპებით ან ბინოკლით ჩანს და დეკემბერში, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში, აისამდე ცოტა ხნით ადრე, შეუიარაღებელი თვალითაც შეგიძლიათ დაინახოთ; თვის ბოლოს საღამოს ცაზე, მზის ჩასვლის შემდეგაც გამოჩნდება სულ ცოტა ხნით.

ეს კომეტა 2021 წლის 3 იანვარს მკვლევარმა გრეგორი ლეონარდმა აღმოაჩინა და ობიექტს სწორედ მისი სახელი უწოდეს.

აღმოჩენის შემდეგ, კომეტა მზეს და დედამიწას უახლოვდება, მაგრამ საკმაოდ ბნელი ობიექტია. კომეტათა უმეტესობა ზედმეტად მკრთალია, რათა მოყვარულებმა მისი დანახვა შეძლონ, მაგრამ დეკემბრის რამდენიმე დღის განმავლობაში, ლეონარდი მათ ამის საშუალებას მისცემს.

ამ ყინულოვანმა ბურთმა ჩვენამდე მოსასვლელად ძალიან დიდხანს იარა. დაახლოებით 35 000 წლის წინ, კომეტა თავისი გაწელილი ორბიტის ყველაზე შორეულ წერტილში (აფელიონი) იმყოფებოდა, მზისგან დაახლოებით 3500 ასტრონომიული ერთეულის მანძილზე. ერთი ასტრონომიული ერთეული უდრის საშუალო მანძილს მზესა და დედამიწას შორის, დაახლოებით 150 მილიონ კილომეტრს.

შესაბამისად, 35 000 წლის წინ, კომეტა ლეონარდი მზისგან დაახლოებით 525 მილიარდი კილომეტრის მანძილზე იმყოფებოდა, წარმოუდგენლად ცივ გარემოში, აბსოლუტურ ნულზე ოდნავ მაღალ ტემპერატურაზე; აბსოლუტური ნული არის ტემპერატურა, რომელზეც ყოველგვარი მოლეკულური მოძრაობა წყდება. ახლა, როდესაც ლეონარდი უკვე მზესთან ახლოსაა, მისი ეს ვიზიტი სავარაუდოდ ერთ-ერთი ბოლო იქნება; მის შემადგენელ ყინულოვან გაზებს, მეთანს, ამიაკსა და წყლის ორთქლს მზის სითბო აორთქლებს.

25 დეკემბრის შემდეგ კომეტის დანახვა შეუძლებელი გახდება. 2022 წლის 3 იანვარს ის მზეს 92 მილიონი კილომეტრის მანძილზე მიუახლოვდება და კვლავ უშორეს, ათეულ ათასობით წლიან გზას გაუყვება მზის სისტემის გარე მისადგომებისკენ.

სტატიაში გამოყენებული ფოტო საქართველოს პირველი არხის ფოტოგრაფმა ირაკლი გედენიძემ 3 დეკემბრის ღამეს, კოჯრიდან გადაიღო. კომეტა მარცხნივ, მწვანედ მოჩანს, სურათის მარჯვენა ნაწილში კი ხედავთ სფეროსებრ ვარსკვლავთგროვა მესიე 3-ს (M3), რომელიც 500 000-მდე ვარსკვლავს შეიცავს და ჩვენგან დაახლოებით 32 600 სინათლის წლით არის დაშორებული.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი