კოფეინი სხეულის ცხიმზე და დიაბეტის რისკზე ზემოქმედებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
კოფეინი სხეულის ცხიმზე და დიაბეტის რისკზე ზემოქმედებს — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

თქვენს სისხლში კოფეინის დონე შეიძლება გავლენას ახდენდეს სხეულის ცხიმის რაოდენობაზე, ფაქტორზე, რომელმაც თავის მხრივ, შეიძლება განსაზღვროს მე-2 ტიპის დიაბეტისა და გულ-სისხლძარღვთა განვითარების რისკი.

ასეთი გახლავთ ახალი კვლევის შედეგები, რომელმაც გენეტიკური მარკერები გამოიყენა, რათა დაედგინა ზუსტი კავშირი კოფეინის დონეს, სხეულის მასის ინდექსს (BMI) და მე-2 ტიპის დიაბეტს შორის.

შვედეთის სამეფო ინსტიტუტის, ბრიტანეთის ბრისტოლის უნივერსიტეტისა და ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერებით დაკომპლექტებული ჯგუფი აღნიშნავს, რომ უკალორიო, კოფეინიანი სასმელები შეიძლება განვიხილოთ, როგორც სხეულში ცხიმის დონის შემცირების პოტენციური საშუალება.

„პლაზმაში კოფეინის გენეტიკურად პროგნოზირებული, უფრო მაღალი კონცენტრაცია დაკავშირებულია სხეულის მასის დაბალ ინდექსთან და მთელი სხეულის ცხიმის მასასთან. ამას გარდა, პლაზმაში კოფეინის გენეტიკურად პროგნოზირებული მაღალი კონცენტრაცია დაკავშირებული აღმოჩნდა მე-2 ტიპის დიაბეტის დაბალ რისკთან. მე-2 ტიპის დიაბეტზე კოფეინის ეფექტების დაახლოებით ნახევარზე მეტი სხეულის მასის ინდექსის შემამცირებელი აღმოჩნდა“, — წერენ მკვლევრები პუბლიკაციაში.

კვლევაში გამოიყენეს 10 000 ადამიანის უკვე არსებული გენეტიკურ მონაცემთა ბაზა; ფოკუსირება მოახდინეს კონკრეტულ გენთა ვარიაციებზე, რომლებიც დაკავშირებულია კოფეინის დაშლის სიჩქარესთან. ზოგადად, გენებზე მოქმედი ვარიაციების მქონე პირები — კერძოდ CYP1A2-ს და მისი მარეგულირებელი გენის, სახელად AHR — კოფეინს უფრო ნელა შლის და სისხლში დიდხანს დარჩენის საშუალებას აძლევს. ასეთი ადამიანები ზოგადად უფრო ნაკლებ კოფეინს სვამენ.

ვარიაციების არსებობას, დიაბეტის, სხეულის მასისა და ცხოვრების სტილის ფაქტორებს შორის სავარაუდო მიზეზობრივ კავშირთა დასადგენად გამოიყენეს მიდგომა, რომელსაც მენდელის რანდომიზაცია ეწოდება.

მიუხედავად იმისა, რომ მნიშვნელოვანი კავშირი იყო კოფეინის დონეს, სხეულის მასის ინდექსსა და მე-2 ტიპის დიაბეტის რისკს შორის, არ გამოიკვეთა კავშირი სისხლში კოფეინის დონესა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს შორის, მაგალითად, წინაგულების ფიბრილაციას, გულის უკმარისობას და ინსულტს შორის.

წინა კვლევებისას გამოიკვეთა კავშირი კოფეინის საშუალო და შედარებით მაღალი დონით მოხმარებასა და გულის უკეთეს ჯანმრთელობას, ასევე სხეულის მასის დაბალ ინდექსს შორის. ახალი კვლევა უფრო მეტ დეტალს მატებს იმას, რაც უკვე ვიცოდით იმ ეფექტების შესახებ, რომლებიც ყავას აქვს ჩვენს სხეულზე.

ასევე მნიშვნელოვანია გვახსოვდეს, რომ სხეულზე კოფეინის ყველა ეფექტი დადებითი არ არის, რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა, ფრთხილად შეაფასოთ მისი სმის ბენეფიტები; თუმცა, ახალი კვლევა მნიშვნელოვანი ნაბიჯია მისი სარგებლის შესაფასებლად.

„პატარა, მოკლევადიანმა კვლევებმა აჩვენა, რომ კოფეინის მიღება იწვევს წონისა და ცხიმის მასის შემცირებას, მაგრამ უცნობია კოფეინის გრძელვადიანი ეფექტი“, — წერენ მკვლევრები.

მკვლევართა ჯგუფის აზრით, კვლევაში გამოკვეთილი კავშირი შეიძლება დადიოდეს კოფეინის მიერ თერმოგენეზამდე (სითბოს გამომუშავება) და სხეულში ცხიმის დაჟანგვამდე (ცხიმის ენერგიად გარდაქმნა); ორივე მათგანი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ზოგადად მეტაბოლიზმში.

თუმცა, მიზეზისა და ეფექტის დასამტკიცებლად მეტი კვლევაა საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ ამ კვლევაში ნიმუში საკმაოდ დიდი იყო, მენდელის რანდომიზაცია უცდომელი არ არის და მაინც არ არის გამორიცხული, რომ ჩართულია სხვა ფაქტორებიც, რომლებიც ამ კვლევაში გათვალისწინებული არ იყო.

კვლევა BMJ Medicine-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.