ყავის მომავლის შესახებ უახლესი ვერდიქტი ცნობილია — ამბავი არც ისე სასიამოვნოა #1tvმეცნიერება
ყავის მომავლის შესახებ უახლესი ვერდიქტი ცნობილია — ამბავი არც ისე სასიამოვნოა #1tvმეცნიერება

კლიმატის ზომიერი ცვლილების სცენარის მიხედვით, მსოფლიომ შეიძლება დაკარგოს საუკეთესო ყავის მწარმოებელი მიწების ნახევარი. ბრაზილიაში, რომელიც ამჟამად მსოფლიოში ყავის უმსხვილესი მწარმოებელია, ყავის მოყვანისთვის შესაფერისი მიწების რაოდენობა შეიძლება 79 პროცენტით შემცირდეს.

ასეთი გახლავთ შვეიცარიაში ჩატარებული ახალი კვლევის მთავარი მიგნება. მეცნიერებმა შეაფასეს კლიმატის ცვლილების პოტენციური გავლენები ყავაზე, აკაჟუსა და ავოკადოზე. სამივე მათგანი მნიშვნელოვანი გლობალური ვაჭრობის კულტურაა, რომლებსაც ძირითადად მცირე ფერმერები აწარმოებენ ტროპიკებში.

ყველაზე მნიშვნელოვანია ყავა, რომლისგან მიღებული შემოსავალიც, პროგნოზის მიხედვით, 2022 წელს 460 მილიარდი აშშ დოლარი უნდა იყოს. ავოკადოსა და აკაჟუს შემთხვევაში ეს რიცხვები 13 და 6 მილიარდია. ყავა ძირითადად მასტიმულირებელ სასმელად გამოიყენება, ავოკადო და აკაჟუ კი ფართოდ მოხმარებადი საკვები კულტურებია, რომლებიც მდიდარია მონონაჯერი მცენარეული ზეთებით და სხვა სასარგებლო საკვები ნივთიერებებით.

ახალი კვლევის მთავარი მესიჯი ის არის, რომ მოსალოდნელი კლიმატური ცვლილებები სავარაუდოდ მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ მცენარეების ზრდისთვის ხელსაყრელი მიწების რაოდენობას იმ მთავარ რეგიონებში, სადაც დღეს ისინი მოჰყავთ. ეს კი თავის მხრივ იმოქმედებს თავად ფერმერებზე და მომხმარებლებზე მთელ მსოფლიოში.

ამ დრომდე, საკვებზე კლიმატის ცვლილების სამომავლო გავლენების შესახებ ჩატარებულ კვლევათა უმეტესობა ფოკსირებული იყო ისეთ ძირითად კულტურებზე, როგორებიც არის ხორბალი, სიმინდი, კარტოფილი და ზეთოვანი კულტურები, რომლებიც ზომიერ რეგიონებში იზრდება.

ეს კი აისახა ტენდენციაში, როცა კლიმატის მეცნიერები ფოკუსირდნენ კლიმატის ცვლილების პოტენციურად მწვავე გავლენებზე ზომიერი სარტყლების ეკოსისტემებზე, განსაკუთრებით ტემპერატურისა და ნალექების მახასიათებელთა ცვლილების გამო.

შედარებით ნაკლები კვლევა მიმდინარეობს ტროპიკულ ეკოსისტემებზე, რომლებიც გლობალური ხმელეთის დაახლოებით 40 პროცენტს შეადგენს და სამ მილიარდზე მეტი ადამიანი ცხოვრობს; პროგნოზის მიხედვით, 2050-იან წლებში მათი რაოდენობა მილიარდი ადამიანით გაიზრდება.

ტროპიკები ინარჩუნებს ბიომრავალფეროვნების ვრცელ რეზერვუარებს, მრავალი მნიშვნელოვანი კულტურის ზრდისთვის საჭირო ზონებს, რომლებიც იქ არსებული უზარმაზარი მოსახლეობის შემოსავლისა და საკვების წყაროა. ახალი კვლევა ადასტურებს და მნიშვნელოვნად ავრცობს შედარებით მცირე რაოდენობის სხვა კვლევათა დასკვნებს ყავის, აკაჟუსა და ავოკადოს კულტურების შესახებ.

 

ახალი კვლევის მნიშვნელოვან ინოვაციას წარმოადგენს ხმელეთისა და ნიადაგის პარამეტრების შესწავლა, ისევე როგორც წმინდა კლიმატური ფაქტორების კვლევა, როგორებიც არის ტემპერატურა და ნალექების მახასიათებლები. შედეგად, მკვლევრებმა უფრო დეტალური სურათი მიიღეს იმ სამომავლო გავლენათა შესახებ, რომლებმაც შეიძლება, მნიშვნელოვნად შეცვალოს ზოგიერთი ტროპიკული რეგიონის თავსებადობა გარკვეულ კულტურათა ზრდისთვის. ძირითადად ისეთი ფაქტორების შეცვლის გამო, როგორებიც არის ნიადაგის მჟავიანობა (pH) ან სტრუქტურა.

ახალი კვლევა ასევე ავსებს სხვა ახალ კვლევებს ზეთის პალმის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ხშირად უკავშირებენ ტყეების ჩეხვას, ზეთის პალმა ჯერ კიდევ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტროპიკული კულტურაა ადამიანისთვის საჭირო საკვები ნივთიერებების თვალსაზრისით, რომლებიც სამ მილიარდზე მეტ ადამიანს ეხმარება კვებაში.

მკვლევრებმა მიმოიხილეს რამდენიმე მოდელირებული ანალიზი ზეთის პალმის დაავადებებზე კლიმატის ცვლილების გავლენის შესახებ. დასკვნა ის არის, რომ ამ ხეების ხმობა მნიშვნელოვნად გაიზრდება 2050 წლის შემდეგ; შესაძლოა, ამერიკის კონტინენტზე ამ მცენარის უდიდესი ნაწილი საერთოდაც გაქრეს.

ამას გარდა, ღეროს ლპობის დაავადებები დრამატულად გაიზრდება სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაშიც.

ერთობლივად, ეს კვლევები ჯერ მხოლოდ დასაწყისია იმის გამოვლენისა, რამდენად მოულოდნელი და კომპლექსური განფენილობა აქვს კლიმატის ცვლილების გავლენებს და მასთან დაკავშირებულ ფაქტორებს ტროპიკების ყველაზე მნიშვნელოვან კულტურებზე. მნიშვნელოვანია, რომ ეს გავლენები თანაბრად გადანაწილებული არ იქნება და ზოგიერთმა რეგიონმა კლიმატის ცვლილებით შეიძლება სარგებელიც კი ნახოს.

მაგალითად, ჩინეთის, არგენტინისა და აშშ-ის ტერიტორიების ნაწილი სავარაუდოდ უფრო ხელსაყრელი გახდება ყავის მოყვანისთვის, იმ დროს, როცა ბრაზილიისა და კოლუმბიის მიწების შესაფერისობა შემცირდება.

გამომდინარე აქედან, საჭირო გახდება ტროპიკებში მიმდინარე კლიმატის ცვლილებებზე მორგება. მაგალითად, კონკრეტული კულტურების კულტივაციის გადატანა სხვა რეგიონებში, სადაც კლიმატის ცვლილება უფრო ზომიერი იქნება. თუმცა, ძლიერ სავარაუდო ჩანს, რა ასეთი ზომაც არ უნდა მივიღოთ, მრავალი ტროპიკული მცენარე მომავალში დეფიციტური გახდება და შესაბამისად, უფრო ძვირიც ეღირება.

რაც შეეხება ყავას, ის შეიძლება ყოველდღიური, იაფი სასმელი აღარ იყოს და ძვირი სიამოვნება გახდეს, რომელსაც მხოლოდ გამორჩეულ შემთხვევებში დავლევთ, დაახლოებით ისე როგორც კარგ ღვინოს.

კვლევა ჟურნალ PLOS One-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი