გაფილტრული ყავა გულის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა, განსაკუთრებით სასარგებლო იყოს — ახალი კვლევა
გაფილტრული ყავა გულის ჯანმრთელობისთვის შესაძლოა, განსაკუთრებით სასარგებლო იყოს — ახალი კვლევა

ყავა შესაძლოა სასარგებლო სასმელი იყოს. შესაძლოა ის კიდევ უფრო უკეთესი იყოს, თუ ქაღალდის ფილტრში გაატარებთ.

ნორვეგიელმა მკვლევრებმა 20-დან 79 წლამდე 508 747 ადამიანის ჯანმრთელობის მონაცემები შეაგროვეს და საშუალოდ 20-წლიანი მონაკვეთები შეისწავლეს. მონაცემებში მონაწილეები ასევე მიუთითებდნენ მათ მიერ მირთმეული ყავის ტიპსა და რაოდენობას; აღწერდნენ იმასაც, ყავას ქაღალდით ფილტრავდნენ თუ გაუფილტრავად სვამდნენ. მაგალითად, ე.წ. ფრენჩ-პრესისა და ესპრესოს მეთოდებით.

როგორც მამაკაცებში, ისე ქალებში, გაფილტრული ყავის სმა დაკავშირებული აღმოჩნდა ნებისმიერი მიზეზით ნაადრევად სიკვდილის რისკის 15 პროცენტით შემცირებასთან. თუმცა, ეს მაჩვენებელი იკლებდა გაუფილტრავი ყავის შემთხვევაში — მამაკაცებს, რომლებიც გაუფილტრავ ყავას სვამდნენ, ეს რისკი 4 პროცენტით უმცირდებოდათ, ქალებს კი 9 პროცენტით.

გაუფილტრავ ყავასთან შედარებით, გაფილტრული ყავა დაკავშირებული აღმოჩნდა გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, გულის იშემიური დაავადებებითა და ინსულტით სიკვდილის რისკ-ფაქტორების შემცირებასთან. სიკვდილიანობის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი მათ შორის იყო, ვინც დღეში ოთხ ფინჯან ყავას სვამდა. ჟურნალ European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნებულმა ამ კვლევამ შეამოწმა სხვა მრავალი კარდიოვასკულარული რისკ-ფაქტორიც.

გაფილტრული ყავისგან განსხვავებით, გაუფილტრავი ყავა შეიცავს ქოლესტერინის დონის ამწევი ფიტოქიმიური ნივთიერებების, სახელად დიტერპენების გაცილებით მაღალ რაოდენობას. შეიძლება, სწორედ ამით აიხსნას მისი შედარებით დაბალი ეფექტი.

კვლევის ავტორი, ნორვეგიის საზოგადოებრივი ჯანდაცვის დეპარტამენტის უფროსი მკვლევარი ააგე ტვერდალი აღნიშნავს, რომ გულ-სისხლძარღვთა ჯანმრთელობაზე გაფილტრული ყავის ეს ეფექტი უმნიშვნელოა ვარჯიშისა და წონის კონტროლის ეფექტთან შედარებით, მაგრამ მაინც მნიშვნელოვანია.

„რა სახის ყავასაც უნდა სვამდეთ, ისიამოვნეთ. თუ შესაძლებელია, დალიეთ გაფილტრული ყავა, განსაკუთრებით კი მაშინ, თუ ქოლესტერინის მაღალი დონე გაქვთ“, — ამბობს ტვერდალი.

კვლევა ჟურნალ European Journal of Preventive Cardiology-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია The New York Times-ის მიხედვით.