უმეტესი ჩვენგანისთვის საკმაოდ კარგად არის ცნობილი სასიცოცხლო ზონის კონცეპტი. ეს გახლავთ ისეთი მანძილი ვარსკვლავიდან, რომელზეც, პლანეტის ზედაპირზე შესაძლებელია თხევადი წყლის არსებობა — ანუ, არც იმდენად ცხელა, რომ ის აორთქლდეს და არც ისე ცივა, რომ გაიყინოს.
ასეთი გარემო უმნიშვნელოვანესია, რადგან თხევად წყალს ჩვენ სიცოცხლისათვის გადამწყვეტ ინგრიდიენტად მივიჩნევთ. თუმცა, ის ერთადერთი კრიტერიუმი არ არის, რომელიც პლანეტის პოტენციური სიცოცხლისუნარიანობის შეფასებაში გვეხმარება. ათწლეულების განმავლობაში დაგროვებული მონაცემების კვლევის მიხედვით, არსებობს ე. წ. სასიცოცხლო ვარსკვლავებიც.
ყველა ვარსკვლავი ერთნაირი არ არის. ზოგი მათგანი წარმოუდგენლად ცხელი და კაშკაშაა, მაგალითად, ძალიან ახალგაზრდა, ცისფერი OB ვარსკვლავები. ზოგიერთის ტემპერატურა კი ძალიან დაბალია, მაგალითად, M-ტიპის წითელი ჯუჯების. მათი ტემპერატურა შეიძლება ძალიან ხელსაყრელი იყოს, მაგრამ სასიცოცხლო ზონა ვარსკვლავთან ძალიან ახლოს იქნება, წითელი ვარსკვლავები კი საკმაოდ ტურბულენტურია და მიმდებარე სივრცეში სასტიკ ამოფრქვევებს ტყორცნიან.
ჩვენი მზე ამ ორ უკიდურესობას შორის არის მოქცეული და მიეკუთვნება ე. წ. ყვითელ ჯუჯებს — G-ტიპის მთავარი მიმდევრობის ვარსკვლავებს. მართალია, მზის სისტემაში სიცოცხლე გაჩნდა, მაგრამ სასიცოცხლო ვარსკვლავი არც მზეა.
ვილანოვას უნივერსიტეტის ასტრონომთა განცხადებით, სიცოცხლისათვის საუკეთესო ვარსკვლავები ჰერცშპრუნგ-რასელის დიაგრამაზე ერთი ნაბიჯით შემდეგ მოდის; ეს გახლავთ K-ტიპის ვარსკვლავები — მზეზე ოდნავ ცივი და წითელ ჯუჯებზე ოდნავ თბილი ნარინჯისფერი ვარსკვლავები.
ვილანოვას უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსის, ედუარდ გინანის განმარტებით, K-ჯუჯები „ტკბილ წერტილში“ არიან, აქვთ თვისებები, რომლებიც უფრო კაშკაშა, იშვიათი, მაგრამ ხანმოკლე სიცოცხლის მქონე მზის ტიპის ვარსკვლავებსა (G ვარსკვლავები) და უფრო მრავალრიცხოვან წითელ ჯუჯებს (M ვარსკვლავები) შორის არის.
მისივე თქმით, K ვარსკვლავებს, განსაკუთრებით კი უფრო თბილები, საუკეთესო პლანეტები აქვთ. თუკი სიცოცხლისუნარიან პლანეტებს ეძებ, K ვარსკვლავების სიუხვე სიცოცხლის პოვნის შანსებს ზრდის.
ვილანოვას უნივერსიტეტის მკვლევრებმა კვლევის შედეგები ამერიკის ასტრონომიული საზოგადოების 235-ე შეხვედრაზე წარმოადგინეს.
ნათელი რომ იყოს, აქვე გეტყვით, რომ ასტრონომები სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტას დედამიწის სარეზერვოდ სულაც არ ეძებენ. თუ მართლაც ვიპოვით დედამიწა 2.0-ს, იქ წასვლის ტექნოლოგია ჯერ მაინც არ გაგვაჩნია.
სიცოცხლისათვის ხელსაყრელ პლანეტებს უფრო ვეძებთ იმიტომ, რათა გავიგოთ, არის თუ არა სიცოცხლე სხვაგან სადმე სამყაროში, უფრო ამბიციური მიზანი კი გონიერი სიცოცხლის პოვნაა. სიცოცხლე ნორმალური მოვლენაა თუ დედამიწა ერთი დიდი განსაკუთრებულობაა? ამ კითხვაზე პასუხის გაცემაში დაგვეხმარება იმის განსაზღვრა, სად შეუძლია სიცოცხლეს აღმოცენება.
პროგრამა Sun in Time-ის ფარგლებში, მკვლევართა ჯგუფი F-ტიპიდან G-ტიპამდე გარკვეული ოდენობის ვარსკვლავებს 30 წლის განმავლობაში აკვირდებოდა ულტრაიისფერ და რენტგენულ სპექტრში, წითელი ჯუჯების პროგრამის ფარგლებში კი 10 წლის განმავლობაშუ უწევდა მონიტორინგს M-ტიპის წითელ ჯუჯებს.
ორივე პროგრამა გვეხმარება შევაფასოთ ამ ვარსკვლავთა ულტრაიისფერი და რენტგენული გამოსხივების გავლენა მათ პოტენციურად სასიცოხლო პლანეტებზე.
ბოლო პერიოდში, ჯგუფმა აიღო და შეისწავლა K-ტიპის ვარსკვლავთა შესახებ არსებულ ამავე სახის მონაცემთა კოლექციაც. აღმოჩნდა, რომ ეს ვარსკვლავები მართლაც ყველაზე იმედისმომცემი ჩანან სიცოცხლისათვის საჭირო პირობების თვალსაზრისით.
მიუხედავად იმისა, რომ K-ტიპის ვარსკვლავთა სასიცოცხლო ზონა პატარაა, ისინი გაცილებით ბევრია, ვიდრე G-ტიპის ვარსკვლავები; მზის სისტემისგან 100 სინათლის წლის რადიუსში დაფიქსირებულია დაახლოებით 1000 ასეთი ვარსკვლავი. გარდა ამისა, გაცილებით ხანგრძლივია მათი მთავარი მიმდევრობის სიცოცხლის ვადა.
მზე ამჟამად 4,6 მილიარდი წლისაა და მისი მთავარი მიმდევრობის სიცოცხლის დრო 10 მილიარდი წელია. კომპლექსური სიცოცხლე დედამიწაზე მხოლოდ 500 მილიონი წლის წინ გაიფურჩქნა და მეცნიერთა აზრით, მომდევნო მილიარდი წლის განმავლობაში პლანეტა სიცოცხლისათვის არახელსაყრელი გახდება, რადგან მზე გაფართოებას დაიწყებს და თავისი სისტემის სასიცოცხლო ზონას უფრო გარე მიმართულებით გადასწევს.
წითელი ჯუჯები უფრო მეტად არის გავრცელებული, მაგრამ ისინი კაპასი ვარსკვლავებია, ახასიათებთ სასტიკი ამოფრქვევები, რაც მათ ახლოს მდებარე ნებისმიერ პლანეტას ატმოსფეროსა და თხევად წყალს აუცილებლად გააცლის.
ამის საპირისპიროდ კი, K-ტიპის ვარსკვლავების სიცოცხლის ხანგრძლივობა 25-80 მილიარდ წელს შორის მერყეობს, რაც სიცოცხლეს აღმოცენებისა და განვითარებისთვის უფრო დიდ ფანჯარას სთავაზობს, ვიდრე მზის მსგავსი G-ტიპის ვარსკვლავები; ჯგუფის მონაცემების მიხედვით, ამავე დროს, ისინი გაცილებით წყნარები არიან, ვიდრე წითელი ჯუჯები.
აღსანიშნავია, რომ K-ტიპის ზოგიერთ ვარსკვლავთან პლანეტა უკვე აღმოჩენილია, მათ შორის არის კეპლერ-442 და ეპსილონ ერიადანი.
ედუარდ გინანის განცხადებით, განსაკუთრებით აღსანიშნავია ვარსკვლავი კეპლერ-442, რომელთანაც მოძრაობს სიცოცხლისათვის ხელსაყრელობის ერთ-ერთი საუკეთესო კანდიდატი პლანეტა კეპლერ 442b — კლდოვანი პლანეტა დედამიწაზე ორჯერ მეტი მასით.
რა თქმა უნდა, სიცოცხლის ძებნა შეიძლება გაცილებით რთული იყოს, ვიდრე უბრალოდ ეს. მაგალითად, თუ პლანეტას ძლიერ ელიფსური ორბიტა აქვს, წარმოიქმნება ტემპერატურული უკიდურესობები, რომელმაც შეიძლება, სასიცოცხლო პლანეტა სიცოცხლისათვის უვარგისად აქციოს.
გავლენა შეიძლება იქონიოს სისტემის სხვა პლანეტების მდებარეობამაც; ასევე შესაძლებელია ისიც, რომ თავის სასიცოცხლო ზონა ჰქონდეს მთლიან გალაქტიკასაც და თუ ეს ასეა, ჩვენ ნამდვილად მასში ვართ მოქცეული და ძებნა ახლომახლოდან უნდა დავიწყოთ.
მომზადებულია hubblesite.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.