რამდენად შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა შავი ხვრელის გარშემო მოძრავ პლანეტაზე - ახალი კვლევა
რამდენად შესაძლებელია სიცოცხლის არსებობა შავი ხვრელის გარშემო მოძრავ პლანეტაზე - ახალი კვლევა

ნასას გოდარდის კოსმოსურ ფრენათა ცენტრის ასტროფიზიკოსმა ჯერემი შნიტმენმა წარმოადგინა ახალი კვლევა, რომელსაც ის თითქოს ხუმრობით, მაგრამ ამავე დროს სერიოზულად უყურებს. საქმე ეხება სიცოცხლის არსებობის შანსს პლანეტაზე, რომელიც შავი ხვრელის გარშემო მოძრაობს. თავისი მოსაზრებები და იდეები შნიტმენმა ჩამოაყალიბა კვლევაში, რომელიც ამჟამად გამოქვეყნებამდელ სერვერ arXiv-ზეა ატვირთული.

კოსმოსური მეცნიერები შავი ხვრელის გარშემო მოძრავ პლანეტაზე სიცოცხლის არსებობას საკმაოდ სკეპტიკურად უყურებენ. ამის მიზეზი ძირითადად ის არის, რომ იქ არ იქნება ვარსკვლავი, რომელიც პლანეტას სინათლითა და ენერგიით უზრუნველყოფს.

ეს თემა განხილულია ჰოლივუდის ფილმში „ვარსკვლავთშორისი“ (Interstellar). ჭიის ხვრელში გავლის შემდეგ, ასტრონავტები ამოწმებენ შავი ხვრელის სიახლოვეს მოძრავ პლანეტებს, რათა შეარჩიონ ადამიანთა გადასახლებისთვის ხელსაყრელი პლანეტა. ფილმის ნახვის შემდეგ, ჯერემი შნიტმენმა გადაწყვიტა შეესწავლა, რამდენად შესაძლებელია შავ ხვრელთა გარშემო სიცოცხლისათვის ხელსაყრელი პლანეტების არსებობა.

როგორც შნიტმენი აღნიშნავს, მართალია, შავი ხვრელის გარშემო მოძრავ პლანეტასთან მზე არ იქნება, რომელიც მას სიცოცხლისთვის საჭირო სინათლესა და ენერგიას მიაწვდიდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი მიზეზი იმისათვის, რომ ასეთ მომაჯადოებელ ადგილას სიცოცხლის არსებობა მთლიანად გამოვრიცხოთ.

როგორც იგი აღნიშნავს, შავ ხვრელებს ტრადიციულად აქვთ ცხელი გაზისა და სხვა მატერიისგან შემდგარი აკრეციის დისკო. სწორედ ამ დისკოს შეუძლია უზრუნველყოს პლანეტა სიცოცხლისათვის საჭირო სინათლითა და ენერგიით.

თუმცა, შნიტმენი იქვე შენიშნავს, რომ სინათლეზე იქ გავლენას მოახდენს დროის წანაცვლება, როგორც ეს ფილმშია მოცემული დრამატული ეფექტის სახით. შავი ხვრელი პლანეტის ახლომახლოს მიღწეულ სინათლეს წაანაცვლებს მაღალი ენერგიისკენ, რაც შეიძლება, სიცოცხლისთვის კატასტროფული იყოს. ასეთი ლურჯი წანაცვლება გააძლიერებს პლანეტამდე მიღწეულ ყველანაირ სინათლეს, მათ შორის საზიანო ულტრაიისფერ სხივებს.

შნიტმენის განცხადებით, ჯერ კიდევ უცნობია, შესაძლებელია თუ არა შავი ხვრელის ახლოს პლანეტების არსებობა, მით უმეტეს, სიცოცხლისათვის ხელსაყრელის. მისი აზრით, ასეთ საკითხებზე ორიენტირებული ექსპერიმენტები მეცნიერებისთვის დიდად ხელსაყრელია, რადგან საშუალებას გვაძლევს უკეთ გავიგოთ სამყაროს მოქმედების გზები.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი