ხუთი რამ, რაც მეცნიერებამ ფარაონ ტუტანხამონის შესახებ დაადგინა — #1tvმეცნიერება
ხუთი რამ, რაც მეცნიერებამ ფარაონ ტუტანხამონის შესახებ დაადგინა — #1tvმეცნიერება

ასი წლის წინ, ჩვენი წარმოდგენა ძველი ეგვიპტის შესახებ, სამუდამოდ შეიცვალა — 1922 წლის 4 ნოემბერს, მეფეთა ველზე, არქეოლოგებმა ფარაონ ტუტანხამონის აკლდამა აღმოაჩინეს.

ტუტანხამონი ძველი წელთაღრიცხვის დაახლოებით 1305 წელს დაიბადა და ეგვიპტეს ათი წლის განმავლობაში მართავდა. მიუხედავად ამისა, მისი საფლავი ჯერ არნახული სიმდიდრით იყო შემკული.

მუმიებით ჩვენი გატაცება გასაგებია. პრეისტორიული ეგვიპტის მეფის სახე ამ მაგიურ მმართველებს ჩვენთვის უფრო რეალურს ხდის.

ტუტანხამონის თავის თავდაპირველ განსასვენებელში აღმოჩენა, მთელი მისი ავლადიდებით, თითქოს პირველყოფილ წარსულთან გვაკავშირებს. გადავყავართ ახალგაზრდა ფარაონის დაკრძალვის ხანაში.

ტუტანხამონის ცხოვრების კვლევას ხშირად ჩრდილავს სენსაციური ჭორები მისი აკლდამის აღმოჩენის შესახებ, როგორიც არის, მაგალითად, წყევლის ამბავი.

თუმცა, თუ ასეთ ჭორებს ტუტანხამონის პიროვნების აღქმის ხელშეშლის საშუალებას მივცემთ, ბევრი რამ გამოგვრჩება.

1. ტუტანხამონის სიკვდილის ამბავი ჯერ კიდევ გაურკვეველია

ძნელია დაადგინო იმ ადამიანის სიკვდილის მიზეზი, რომელიც ძალიან დიდი ხნის ცხოვრობდა. გამონაკლისი არც ტუტანხამონია.

ძველ ეგვიპტეში ადამიანები ცოტა ხანს ცოცხლობდნენ, რადგან არ ჰქონდათ ისეთი ჯანდაცვა, როგორიც დღეს გვაქვს. თუმცა, ტუტანხამონი დაახლოებით 19 წლის დაიღუპა, რაც საკმაოდ ახალგაზრდა ასაკი იყო თვით ძველეგვიპტელებისთვისაც კი.

ბოლო პერიოდში რენტგენული სხივებით, კომპიუტერული ტომოგრაფიით და დნმ ტესტირებით ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ტუტანხამონს მალარია და სხვა სამედიცინო მდგომარეობები ჰქონდა, მაგალითად, სასის ნაპრალი. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე მოიტეხა ფეხიც.

ყველა ეს ინფორმაცია ტუტანხამონის სიკვდილამდე მისი ჯანმრთელობის შესახებ სურათის შექმნაში გვეხმარება. არაფერს გვეუბნება მისი სიკვდილის ზუსტი მიზეზის შესახებ, გარდა იმისა, რომ არ აღენიშნება მკვლელობის ნიშნები.

2. დაკრძალეს ყვავილებთან ერთად

1922 წელს, როდესაც ტუტანხამონის აკლდამა გახსნეს, დაინახეს, რომ მას ყვავილებისგან გაკეთებული ყელსაბამი ეკეთა. ყვავილები კარგად იყო შემონახული, რადგან ისინი მის სარკოფაგში იყო დალუქული.

სამგლოვიარო თაიგულები სხვა მუმიებთანაც არის აღმოჩენილი. თუმცა, ეს ერთადერთი სამეფო სამარხია, სადაც ყვავილები ზუსტად ისე დახვდათ, როგორც მათ ძველეგვიპტელი მგლოვიარეები ტოვებდნენ.

ძველეგვიპტელთათვის ყვავილებს დიდი დატვირთვა ჰქონდა; აკლდამების კედლებზე ხატავდნენ ყვავილების ბაღების გამოსახულებებს. ყვავილებს ეთაყვანებოდნენ მათი სილამაზის, სურნელის და სიმბოლური მიზეზების გამო.

ყელსაბამში გამოყენებული ყვავილებისა და ხილის ანალიზებმა აჩვენა, რომ ტუტანხამონი მარტის შუა რიცხვებიდან აპრილის ბოლომდე პერიოდში დაკრძალეს. გამომდინარე იქიდან, რომ ცხედრებს დასამარხად 70 დღის განმავლობაში ამზადებდნენ, ტუტანხამონი ზამთარში უნდა მომკვდარიყო.

3. ტუტანხამონის გარეგნობა სპეციალური მეთოდებით შეინარჩუნეს

ადამიანის მუმიფიცირებისას, ძველეგვიპტელები სპეციალური „რეცეპტით“ ხელმძღვანელობდნენ. თავის ტვინისა და შინაგანი ორგანოების ამოცლის შემდეგ, სხეულს აშრობდნენ მარილით, რომელსაც ნატრონს უწოდებენ. ასე კეთდებოდა მუმია, რომელიც ათასობით წელიწადს ძლებდა, მაგრამ ჰქონდა შეკუმშული, ჩამომხმარი იერსახე.

ძველეგვიპტელებს სჯეროდათ, რომ სულს, ანუ კას, სიკვდილის შემდეგ სხეულს უბრუნდებოდა, მაგრამ ამისათვის საჭირო იყო, მას თავის სხეული ამოეცნო.

ამიტომ, იმისათვის, რათა სახე ისეთისთვის მიემსგავსებინათ, როგორიც სიცოცხლეში იყო, ტუტანხამონის სახის ქვეშ სხვადასხვა ნივთიერებები შეიყვანეს, მაგალითად, ფისი.

ბოლო პერიოდამდე მიიჩნეოდა, რომ ტუტანხამონს ბალზამირება სწრაფად და ცუდად ჰქონდა ჩატარებული, რადგან ის უცაბედად დაიღუპა.

თუმცა, უახლესმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიებმა ცხადყო, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. სახის დამუშავებას დრო და ცოდნა სჭირდებოდა.

4. სიკვდილის შემდეგ, ტუტანხამონს თან ახლდა კომპანიონი

ძნელია გაექცე დიდებულ იზოლაციაში მწოლიარე ტუტანხამონის მენტალურ სურათს. თუმცა, აკლდამაში ის მარტო არ იწვა.

აკლდამის საგანძურის ხის ყუთში აღმოაჩინეს ორი მინიატურული სარკოფაგიც.

2011 წელს ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ამ სარკოფაგებში ორი მდედრობითი ემბრიონი იყო. ერთი მათგანი მუცლადყოფნის მეხუთე-მეექვსე თვეში უნდა ყოფილიყო, მეორე კი ცხრა თვის და დაახლოებით დაბადებისას უნდა მომკვდარიყო.

დიდი ალბათობით, ისინი ტუტანხამონისა და მისი ცოლის, ანხესენამუნის ქალიშვილები არიან, რომლებიც მამაზე ადრე დაიღუპნენ.

მუმიფიცირებული ემბრიონების აღმოჩენა იშვიათია. ძველეგვიპტელები ხანდახან ბავშვების მუმიფიცირებას ახდენდნენ, მაგრამ ისიც იშვიათად.

ბავშვების დაკარგვა ტუტანხამონისთვის აშკარად მნიშვნელოვანი ამბავი უნდა ყოფილიყო და შესაბამისად, უნდოდა, რომ ისინი სიკვდილის შემდეგაც მასთან ყოფილიყვნენ.

5. პოპულარობა ყოველთვის ტუტანხამონის მხარეს არ იყო

როგორც ბევრი დღევანდელი ცნობილი სახეც ადასტურებს, ცნობადობა ყოველთვის კარგი როდია. ნამდვილად ასეა ტუტანხამონის შემთხვევაშიც, რომლის სხეულიც, სახელგანთქმულობის გამო, მრავალი სამეცნიერო კვლევის საგანი გახდა და დაზიანდა.

ტუტანხამონი ალბათ მსოფლიოში ყველაზე კარგად შესწავლილი მუმიაა, თუ არ ჩავთვლით ეცის ყინულის კაცს.

დახვეწილი კომპიუტერული ტომოგრაფიით ტუტანხამონის მუმიაზე ჩატარებულმა უახლესმა კვლევებმა ჩვენა, რომ მისი სხეული უკვე აღარ არის არათუ ხელუხლებელი, არამედ აღარც სრული.

პირველი კვლევა 1925 წელს ჩატარდა, აღმოჩენიდან მალევე. მეცნიერებმა ის სარკოფაგიდან ძალით ამოაძრეს, სადაც ფარაონის მუმია ფისით იყო ჩაწებებული. უხეში მოპყრობის გამო, სხეულს კიდურები და თავი მოსძვრა.

ტუტანხამონი ჩვენთვის ცნობილი ერთადერთი სამეფო მუმიაა, რომელიც ეგვიპტეში, თავის აკლდამაში რჩება. ერთ მომენტში, სავარაუდოდ მეორე მსოფლიო ომის მსვლელობისას, მის აკლდამაში უცნობი ადამიანი ან ხალხი შევიდა.

ამულეტებისა და სამკაულების ძებნაში, მას ზოგიერთი ნეკნი ამოაცალეს.

მეცნიერებამ ტუტანხამონის ჯანმრთელობის, სიცოცხლისა და მუმიფიცირების შესახებ ნამდვილად ბევრი რამ გვითხრა.

მომზადებულია The Conversation-ის მიხედვით.