აღმოჩენილია ძველეგვიპტელი ორსული ქალის მუმია — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება
აღმოჩენილია ძველეგვიპტელი ორსული ქალის მუმია — პირველად ისტორიაში #1tvმეცნიერება

თავდაპირველად არქეოლოგებმა ჩათვალეს, რომ ასკანირებდნენ ძველეგვიპტელი ქურუმის, სახელად ჰორ-ჟეჰუტის მუმიას. თუმცა, მოულოდნელად, მუცლის ფოტოებზე ციცქნა ფეხის ძვლები გამოჩნდა.

სრულმა სკანირებამ ყველაფერი დაადასტურა: ფეხი პატარა ემბრიონს ეკუთვნოდა, ჯერ კიდევ მუცლადმყოფს, რომელიც დედასთან ერთად დაიღუპა და მუმიფიცირებაც მასთან ერთად ჩაუტარეს.

ეს გახლავთ არა მხოლოდ მიზანმიმართულად მუმიფიცირებული ორსულის აღმოჩენის პირველი შემთხვევა, არამედ წარმოადგენს მომაჯადოებელ საიდუმლოსაც. ვინ იყო ქალი? რატომ მოახდინეს მისი მუმიფიცირება ნაყოფთან ერთად? აღმოჩენა იმდენად განსაკუთრებულია, რომ მეცნიერებმა მას ვარშავის ეროვნული მუზეუმის იდუმალი ლედი უწოდეს.

„ჩვენთვის უცნობ მიზეზთა გამო, მუმიფიცირების დროს ნაყოფი მუცლიდან არ ამოუღიათ. ამ მიზეზით, მუმია მართლაც უნიკალური და ერთადერთია მსოფლიოში“, — ამბობს პოლონეთის მეცნიერებათა აკადემიის არქეოლოგი ვოიჩეხ ეისმონდი.

მუმია და მისი სარკოფაგი ვარშავის უნივერსიტეტს 1826 წელს აჩუქეს და 1917 წლის შემდეგ ვარშავაში, პოლონეთის ეროვნულ მუზეუმში ინახებოდა. არტეფაქტს საკმაოდ საინტერესო ისტორიაც აქვს. საგულდაგულოდ შელამაზებული სარკოფაგის გამო, თავდაპირველად ის ქალის მუმიად მიაჩნდათ.

თუმცა, 1920 წელს მასზე დატანებულმა წარწერამ ეს მოლოდინი შეცვალა. ეწერა, რომ მასში დაკრძალული იყო მაღალი კლასის წარმომადგენელი, ქურუმი სახელად ჰორ-ჟეჰუტი.

თუმცა, 2016 წელს ჩატარებულმა კომპიუტერულმა ტომოგრაფიამ მიანიშნა, რომ სარკოფაგში არსებული მუმია შეიძლება სულაც არ ეკუთვნოდა ჰორ-ჟეჰუტის. ძვლები საკმაოდ სუსტი იყო, არ ჰქონდა მამაკაცის რეპროდუქციული ორგანოები, სამგანზომილებიანი რეკონსტრუქცია კი ძუძუებზე მიუთითებდა.

გამომდინარე იქიდან, რომ ამ არტეფაქტებს მე-19 საუკუნეში კარგად არ უვლიდნენ და ასევე იმის გათვალისიწინებით, რომ სარკოფაგი და შეფუთვა მართლაც მამაკაცის მუმიისთვის არის განკუთვნილი, როგორც ჩანს, გარკვეულ მომენტში მასში სრულიად სხვა მუმიაა ჩასვენებული, ალბათ როგორც უფრო ძვირფასი არტეფაქტი.

ამაზე მიუთითებს მუმიის ზოგიერთი დაზიანებული სახვევიც, რაც ალბათ მე-19 საუკუნის მძარცველთა ნახელავია, რომლებიც აქტიურად ეძებდნენ სამარხებში ამულეტებს.

ამიტომაც, შეუძლებელია ზუსტად დადგინდეს ქალის ვინაობა, არც ისაა ცნობილი, იყო თუ არა ის თებედან, სადაც სარკოფაგი იპოვეს; თუმცა, მაინც შესაძლებელია რამდენიმე ფაქტის დადგენა.

პირველი ის, რომ ის დიდი გულისყურით არის მუმიფიცირებული, ამულეტების მდიდარი ნაკრებით, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ის ვიღაც მნიშვნელოვანი იყო — მუმიფიცირება ძველ ეგვიპტეში ძალიან ძვირი ჯდებოდა და უმეტესობისთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

დაიღუპა ზუსტად 2000 წლის წინ, დაახლოებით ძვ. წ. პირველ საუკუნეში, 20-30 წლის ასაკში. მისი ნაყოფი კი 26-30 კვირის უნდა ყოფილიყო.

მკვლევართა განცხადებით, ისტორიაში პირველი მუმიფიცირებული ორსულის აღმოჩენა მომაჯადოებელ კითხვებს ბადებს ძველეგვიპტელთა სპირიტუალური რწმენების შესახებ. სჯეროდათ თუ არა ძველეგვიპტელებს, რომ ჯერ დაუბადებელი ნაყოფი სიკვდილის შემდეგ სიცოცხლეს გააგრძელებდა? თუ მხოლოდ ეს მუმიაა უცნაური ანომალია?

უცნობია, როგორ დაიღუპა ეს ქალი, მაგრამ მკვლევრებს მიაჩნიათ, რომ ამაზე პასუხი შეიძლება გასცეს მუმიის რბილმა ქსოვილებმა.

„საიდუმლო არ არის, რომ იმ პერიოდში მაღალი იყო ორსულთა და ჩვილთა სიკვდილიანობა. შესაბამისად, გვჯერა, რომ ახალგაზრდა ქალის სიკვდილში გარკვეული როლი ორსულობას უნდა ეთამაშა“, — ამბობს ეისმონდი.

კვლევა Journal of Archaeological Science-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.