ხორცის ჭამას ადამიანის ევოლუციაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება
ხორცის ჭამას ადამიანის ევოლუციაზე მნიშვნელოვანი გავლენა არ მოუხდენია — ახალი კვლევა #1tvმეცნიერება

ადამიანის ძირითადი თვისებები, როგორიც არის, მაგალითად, დიდი თავის ტვინი, პირველად დაახლოებით ორი მილიონი წლის წინ, ჰომო ერექტუსში გამოჩნდა. ასეთ ევოლუციურ გადასვლას ადამიანის მსგავსი თვისებებისაკენ, ხშირად უკავშირებენ დიდ ცვლილებებს კვების რაციონში, მაგალითად, დიდი ოდენობით ხორცის მოხმარებას.

თუმცა, ახალი კვლევა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ხორცის ჭამის უპირატესობას ადამიანის ადრეულ ევოლუციაში. მიუხედავად იმისა, რომ არქეოლოგიურ მასალებში ხორცის ჭამა დრამატულად იზრდება ჰომო ერექტუსის გამოჩენის შემდეგ, კვლევის ავტორები ირწმუნებიან, რომ ასეთი ზრდა დიდწილად შეიძლება აიხსნას დროის ამ პერიოდისაკენ მიმართული ბევრი კვლევით, რაც მტკიცებულებებს კარგად ამახინჯებს ჰიპოთეზა „ხორცმა შეგვქმნა ადამიანად“ სასარგებლოდ.

„პალეოანთროპოლოგთა თაობები მუშაობდნენ ისეთ სახელგანთქმულ ძეგლებზე, როგორებიც არის ოლდუვაის ხეობა ტანზანიაში, სადაც ეძებდნენ და პოულობდნენ კიდეც საოცარ პირდაპირ მტკიცებულებებს იმისა, რომ ადრეული ადამიანები ხორცს ჭამდნენ, რაც აძლიერებდა მოსაზრებას, რომ ორი მილიონი წლის წინ ხორცის ჭამის ნამდვილი აფეთქება მოხდა“, — ამბობს კვლევის ავტორი, ჯორჯ ვაშინგტონის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიის ასისტენტ პროფესორი ენდრიუ ბარი.

თუმცა, როგორც იგი აღნიშნავს, როცა ამ ჰიპოთეზის შესამოწმებლად რაოდენობრივად ასინთეზირებ მონაცემებს აღმოსავლეთ აფრიკის მრავალი ძეგლიდან, რაც ამ შემთხვევაში მათაც გააკეთეს, აშკარად იკვეთება ევოლუციური ნარატივი „ხორცმა შეგვქმნა ადამიანად“.

ბარმა და მისმა კოლეგებმა შეაგროვეს გამოქვეყნებული მონაცემები აღმოსავლეთ აფრიკის ცხრა მთავარი კვლევითი ზონის შესახებ, მათ შორის იყო 2,6 – 1,2 მილიონი წლის წინანდელი 59 ძეგლი. ჰომინინების ხორცისმჭამელობის კვლევისათვის მათ რამდენიმე საზომი გამოიყენეს: იმ ზოოარქეოლოგიურ ძეგლთა რაოდენობა, რომლებშიც შემორჩენილია ცხოველთა ძვლები ქვის იარაღებით მიყენებული ნაკაწრებით, ასეთი ნაკაწრების მქონე ძვლების საერთო რაოდენობა ყველა ძეგლზე და ცალკე მოხსენებული სტრატიგრაფიული დონეების რაოდენობა.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ როცა აღრიცხავდნენ დროთა განმავლობაში ნიმუშებში ცვალებადობას, ჰომო ერექტუსის გამოჩენის შემდეგ ხორცისმჭამელობის მტკიცებულებათა შეფარდებით რაოდენობაში არსებითი ზრდა არ შეიმჩნევა. როგორც ისინი შენიშნავენ, მიუხედავად იმისა, რომ ჰომო ერექტუსის გამოჩენის შემდეგ აშკარად იზრდება მოდიფიცირებული ძვლებისა და ზოოარქეოლოგიური ძეგლების რაოდენობა, ეს ზრდა ემთხვეოდა შესაბამისი ნიმუშების აღების ინტენსივობის ზრდას, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიზეზი შეიძლება სწორედ ნიმუშების აღების ინტენსივობა იყოს და ადა ადამიანის ქცევის ცვლილებები.

„უკვე 20 წელია, ნაკაწრების მქონე ძვლებს ვეძებ და ვსწავლობ, მაგრამ ჩვენ მიერ მიღებული შედეგები ჩემთვის მაინც საკვირველი იყო. ეს კვლევა ცვლის ჩვენს წარმოდგენას იმის შესახებ, თუ რას გვეუბნება ზოოარქეოლოგიური ნიმუშები ადრეული პრეისტორიული ხორცისმჭამელობის შესახებ. ასევე გვიჩვენებს, რამდენად მნიშვნელოვანია, რომ გავაგრძელოთ დიდი კითხვების დასმა ჩვენი ევოლუციის შესახებ, როცა ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მტკიცებულებათა აღმოჩენას და ანალიზს ჩვენი წარსულის შესახებ“, — ამბობს კვლევის თანაავტორი, სმიტსონის ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმის მკვლევარი ბრიანა პობინერი.

მკვლევრები ხაზს უსვამენ, რომ მომავალში აუცილებელია ალტერნატიული ახსნები იმის შესახებ, თუ რატომ გამოჩნდა თანამედროვე ადამიანებთან დაკავშირებული გარკვეული ანატომიური და ქცევითი თვისებები. შესაძლო ალტერნატიული თეორიები მოიცავს ბებიების მიერ მცენარეული საკვების მომზადებას და კონტროლირებადი ცეცხლის განვითარებას მომზადების გზით საკვებ ნივთიერებებზე ხელმისაწვდომობის ზრდისთვის. მკვლევრები შენიშნავენ, რომ არც ერთ ამ შესაძლო ახსნას ამჟამად არ ამყარებს რაიმე ძლიერი არქეოლოგიური მტკიცებულება, შესაბამისად, საჭიროა კიდევ ბევრი კვლევის ჩატარება.

„ვფიქრობ, ეს კვლევა და მისი დასკვნები საინტერესო იქნება არა მხოლოდ პალეონტოლოგიური საზოგადოებისთვის, არამედ ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ამჟამად თავის კვების რაციონს ამ ხორცისმჭამელობის ნარატივის გარკვეული ვერსიებით განსაზღვრავს. ჩვენი კვლევა ძირს უთხრის იდეას, რომ დიდი ოდენობით ხორცის ჭამამ ჩვენს ადრეულ წინაპრებში ევოლუციური ცვლილებები გამოიწვია“, — აღნიშნავს ბარი.

კვლევა Proceedings of the National Academy of Sciences-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.