ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრები მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავენ
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის შემსწავლელი საპარლამენტო კომისიის წევრები მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას საპატიმროში გამოკითხავენ

ხორავას ქუჩაზე მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის წევრები ბრალდებულებს – მირზა სუბელიანსა და თენგიზ კალანდიას გლდანის მერვე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გამოკითხავენ. გამოკითხვა 10:00 საათზეა დაგეგმილი.

კომისიის წევრები მირზა სუბელიანისა და თენგიზ კალანდიას ახსნა-განმარტებებს მოისმენენ. მირზა სუბელიანი, რომელიც ხორავას ქუჩაზე მომხდარის ერთ-ერთი მონაწილე არასრულწლოვნის მამაა, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის არის დაკავებული. ამ ბრალდების საქმეზე მას აღკვეთის ღონისძიების სახით  პატიმრობა აქვს მისჯილი. თენგიზ კალანდია კი, რომელიც საქმის ერთ-ერთი მთავარი მოწმის მამაა, დანაშაულის დაფარვისთვის არის დაკავებული.

ამასთან, 2017 წლის პირველ დეკემბერს თბილისში, ხორავას ქუჩაზე მომხდარი დანაშაულის შედეგად ორი ახალგაზრდის მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომა 23 ივლისსა დაგეგმილი. სხდომაზე იგეგმება საქართველოს მთავარი პროკურორის პირველი მოადგილის მამუკა ვასაძის, მთავარი პროკურორის მოადგილის გიორგი გაბიტაშვილის, მთავარი პროკურატურის შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტსა და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის უფროსის (ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილე 2018 წლის 22 თებერვლამდე) გიორგი გაბოძის, ქალაქ თბილისის პროკურორის მალხაზ კაპანაძის, ქალაქ თბილისის პროკურორის მოადგილის კონსტანტინე სირაძის, მთავარი პროკურატურის სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში, სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში, დაზვერვის სამსახურში და შინაგან საქმეთა სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – საქართველოს სასაზღვრო პოლიციაში გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობისა და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობაზე ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის (ქალაქ თბილისის პროკურორი 2018 წლის 22 თებერვლამდე) მიხეილ შაყულაშვილის ოფიციალური ახსნა-განმარტების მოსმენა.