ლუკა კალანდია - ზაზა სარალიძის შეეშინდათ და უდანაშაულოდ გაწირეს ჩემი ძმა 11-წლიანი პატიმრობისთვის
ლუკა კალანდია - ზაზა სარალიძის შეეშინდათ და უდანაშაულოდ გაწირეს ჩემი ძმა 11-წლიანი პატიმრობისთვის

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ კალანდიას მიმართ განაჩენის გამოცხადების შემდეგ, ხმაური იყო.

კალანდიას ოჯახის წევრებმა სასამართლო დარბაზი უკმაყოფილო შეძახილებით დატოვეს და სასამართლოს მიერ დღეს მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკური განაჩენი უწოდეს.

როგორც მსჯავრდებულის ძმამ განაცხადა, მიხეილ კალანდია უდანაშაულოა და მას ხორავას ქუჩაზე, ხელში დანა არ ჰქონია.

„ეს იყო წინასწარ დაწერილი სცენარი. მოსამართლე არის არაობიექტური. სახელმწიფოს შეეშინდა ზაზა სარალიძის და ჩემი ძმა უდანაშაულოდ გაწირეს 11-წლიანი პატიმრობისთვის. როდესაც სარალიძე აქციებს აწყობდა, მას დაპირდნენ, რომ კალანდიას დაიჭერდნენ და ამით გააჩუმეს. სამართალი უნდა აღდგეს, ეს იქნება სტრასბურგის მეშვეობით. საქართველოში ყველაფერი ხდება ისე, როგორც მმართველ პარტიას უნდა“,- განაცხადა მიხეილ კალანდიას ძმამ, ლუკა კალანდიამ.

მსჯავრდებულის მამის, თენგიზ კალანდიას თქმით, სასამართლომ შეასრულა ის დავალება, რაც დაუკვეთეს.

„რა დავალებაც ჰქონდა, ის შეასრულა, სარალიძემ ორი კვირის წინ გააჟღერა, რომ 15 წელზე მეტს არ მისცემენო და ეს შეასრულა. ჯოჯოხეთში რომ მომიწიოს გავლა, გავივლი და ბევრს წავათრევ კიდევ იმ ჯოჯოხეთში. სტრასბურგში გადაწყდება ეს საქმე, რადგან საქართველოში სამართალი არ გვაქვს.

სუბელიანის ინტერესი არანაირი არ იყო, იყო მხოლოდ „ევროპული საქართველოს“ ინტერესი, რომ დაედგინათ, ვითომ სუბელიანს ჰქონდათ კადრები, მეტი არაფერი ინტერესი არ იყო სუბელიანის. სუბელიანს არანაირი ინტერესი არ ჰქონია, მონაწილეობა მიეღო ამ საქმეში“,- განაცხადა თენგიზ კალანდიამ.

კითხვაზე, ვის აქვს ფულით მოგვარებული საქმე, თენგიზ კალანდიამ ასე უპასუხა: „ნაკაიძეს. ყველამ აიღო ფული, ყველამ რაღაც სარგებელი ნახა ამ საქმიდან, რომ მიხეილი დაჭერილიყო. ყველაფერი არის პოლიტიკა“,- აღნიშნა თენგიზ კალანდიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლომ ხორავას ქუჩაზე დავით სარალიძის ჯგუფურად განზრახ მკვლელობაში ბრალდებულს, მიხეილ კალანდიას 11 წლითა და სამი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

დატოვე კომენტარი