ხათუნა გოგორიშვილი - ზაქარია ქუცნაშვილს არანაირი სინანული არ გააჩნია, სადეპუტატო მანდატის მოხსნის გადაწყვეტილება მის ნაცვლად მიიღეს
ზაქარია ქუცნაშვილს არანაირი სინანული არ გააჩნია, ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო მანდატის მოხსნის გადაწყვეტილება მის ნაცვლად მიიღეს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს ოპოზიციონერმა დეპუტატმა, ხათუნა გოგორიშვილმა განუცხადა.
დეპუტატის თქმით, მანდატის მოხსნა ზაქარია ქუცნაშვილის პოლიტიკური პასუხისმგებლობა იმ შემთხვევაში იქნებოდა, რომ ეს მისი გადაწყვეტილება ყოფილიყო და არა პოლიტსაბჭოს ან „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინას ივანიშვილის.
„მისი თავდაპირველი რეაქციები ყველას კარგად გვახსოვს. მას არანაირი სინანული არ გააჩნია, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც მის ნაცვლად მიიღეს და ის აღასრულებს. ერთი თვე გავიდა და გადაწყვეტილების მიღება დღეს ხდება, სხვა შემთხვევაშიც 15 ივლისამდე რომ მომხდარიყო, შუალედური არჩევნები მის მაჟორიტარულ ოლქში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა ახლა აღარ ჩატარდება. „ქართულ ოცნებას“ განვითარებული მოვლენების შემდეგ იმდენად ეშინია, რომ ისიც კი გააკეთა, შუალედური არჩევნები არ ჩატარებულიყო“, – დასძინა გოგორიშვილმა.
პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა ზაქარია ქუცნაშვილისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტის საკითხს მხარი დაუჭირა. ზაქარია ქუცნაშვილმა სადეპუტატო უფლებამოსილების ვადაზე ადრე შეწყვეტა თავად მოითხოვა. მან სადეპუტატო მანდატზე უარი 20 ივნისს, მართლმადიდებლობის საერთაშორისო ასამბლეის გარშემო განვითარებული პროცესების გამო თქვა. ზაქარია ქუცნაშვილი ასამბლეაში ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო.
ამასთან, ზაქარია ქუცნაშვილი საქართველოს პარლამენტში თიანეთის, ყაზბეგისა და დუშეთის მაჟორიტარი დეპუტატი იყო. იმის გამო, რომ მისთვის სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტა 15 ივლისის შემდეგ ხდება, დუშეთში, თიანეთსა და ყაზბეგში მაჟორიტარული არჩევნები აღარ ჩატარდება.