ხათუნა გოგორიშვილი - ვერანაირი მაკარონით, ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვაწლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც „ოცნებას“ ჰქონდა
ხათუნა გოგორიშვილი - ვერანაირი მაკარონით, ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვაწლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც „ოცნებას“ ჰქონდა

„ევროპული საქართველოს“ გურიის მაჟორიტარობის კანდიდატი ხათუნა გოგორიშვილი, ხელისუფლების მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვაზე საუბრობს.

გოგორიშვილის თქმით, გუშინ „ქართული ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა ობიექტები გაივსო სურსათ-სანოვაგე ტომრებით, რომელთაც ხელისუფლება დაურიგებს მოსახლეობას.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ ეს არის პირდაპირი მოსყიდვა და სისხლის სამართლის დანაშაული.

„გუშინ ღამე ოზურგეთის სარიტუალო დარბაზის შენობაში ტომრებით შემოიტანეს სურსათ-სანოვაგე. ეს არ არის გამონაკლისი, „ოცნების“ შტაბები და სხვადასხვა შენობები გუშინ ღამე მსგავსი ტომრებით გაივსო, რათა დაიწყოს მოსყიდვა და ამომრჩევლისთვის დარიგება. მინდა გითხრათ, რომ აღნიშნული სარიტუალო სახლის დირექტორმა, ნათია ღლონტმა განაცხადა, რომ ეს პროდუქტი განსაზღვრულია საბავშვო ბაღებისთვის და დღეს დილიდან საბავშვო ბაღები თავის კუთვნილ სანოვაგეს წაიღებენ. მას შემდეგ რაც დავუკავშირდით ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელს ოზურგეთში, მაკა ჭყონიას, მან განაცხადა, რომ არანაირ ბაღებსა და ბაღების სააგენტოს აღნიშნულ პროდუქტებთან არ აქვს შეხება და საერთოდ წარმოადგენა არ აქვს, რა პროდუქტებზეა საუბარი. როგორც ყველაფერში, ამაშიც უნიათოები არიან და ერთმანეთში მესიჯების შეთახმებასაც ვერ ახერხებენ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები. გუშინდელი ღამე და დღევანდელი ღამე „ქართულ ოცნებას“ აქვს განსაზღვრული პროდუქტების მობილიზაციისთვის და შემდეგ მის დასარიგებლად, მაგრამ ვერანაირი მაკარონით, ვერანაირი ზეთით და ვერმიშელით ვერ გაანეიტრალებენ იმ რვაწლიან ჩაფლავებულ პოლიტიკას, რომელიც მათ ჰქონდათ ამ ხნის განმავლობაში. ვერც სიღარიბეს უშველიან ორი კილო მაკარონით, ვერც ფასებს შეცვლიან ერთი ბოთლი ზეთით და ვერანაირად დაიმსახურებენ ქართველი ამომრჩევლის მხარდაჭერას.ყველა მათგანს კანონის შესაბამისად მოეთხოვებათ პასუხი“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

დატოვე კომენტარი