ხათუნა გოგორიშვილი - ერთადერთი, რასაც ივერი მელაშვილი დემონსტრირებს, არის პატიოსნება, პრინციპულობა, გუშინდელი მისი გამოსვლაც ამის მაჩვენებელი იყო
ხათუნა გოგორიშვილი - ერთადერთი, რასაც ივერი მელაშვილი დემონსტრირებს, არის პატიოსნება, პრინციპულობა, გუშინდელი მისი გამოსვლაც ამის მაჩვენებელი იყო

გირაოსთან დაკავშირებით სოლიდარობა და ამ თანხის რამდენიმე საათში შეგროვება პირდაპირ აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვასთვის მოღალატის იარლიყის მიწებება, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ხათუნა გოგორიშვილმა ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების თაობაზე განაცხადა.

გოგორიშვილის განცხადებით, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მხოლოდ იმიტომ დაისაჯნენ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ამ ადამიანებით ვაჭრობა გადაწყვიტა.

„პირველი დღიდან, რაც კარტოგრაფების საქმე დაიწყო, ერთადერთი, რასაც ივერი მელაშვილი დემონსტრირებს, ესაა წესიერება, პატიოსნება და პრინციპულობა. გუშინდელი მისი გამოსვლაც ამის მაჩვენებელი იყო. ესაა ადამიანი, რომელიც უსამართლოდ იყო დაკავებული, მაგრამ ის მაინც თავისი პრინციპებისა და პროფესიონალიზმის ერთგული დარჩა. მიუხედავად იმისა რომ, „ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში არაერთი პოლიტიკური პატიმარი გვყოლია, კარტოგრაფების საქმე, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა მაინც გამორჩეულები არიან, რადგან ერთადერთი, რის გამოც ისინი დაისაჯნენ, ისაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, ამ ორი წესიერი ადამიანით ევაჭრა, რათა საქართველოს მოსახლეობის გრძნობებზე ეთამაშა და „პატრიოტიზმი“ წინა პლანზე წამოეწია.

გირაოსთან დაკავშირებით უპრეცედენტო სოლიდარობა და ამ თანხის რამდენიმე საათში შეგროვება პირდაპირ აჩვენებს, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ვერ მოახერხა ამ ადამიანებისთვის მოღალატის იარლიყის მიწებება. ეს ადამიანები სრულიად საზოგადოების მხრიდან საოცარი მხარდაჭერით სარგებლობენ“, – განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

კითხვაზე, ივერი მელაშვილი ამბობს, რომ დავით გარეჯის სადაო ნაწილი საქართველოს არ ეკუთვნის, გოგორიშვილმა უპასუხა, რომ მელაშვილს მსგავსი რამ არ უთქვამს.

„ასე არ უთქვამს, მე ვუსმენდი, ზუსტად ვიცი ფრაზა, რომელიც თქვა და თქვენც გირჩევთ, თავიდან ნახოთ. მიუხედავად იმისა, რომ სხვა არხსაც უნდოდა ასეთი ინტერპრეტაციის გაკეთება, ასე არ უთქვამს. მოისმინეთ, რა კონტექსტში თქვა. მან აღნიშნა, რომ როდესაც მოლაპარაკებებზე ორი მხარე ჯდება, როგორი უნდა იყოს მათი დამოკიდებულება. მესმის, რომ თქვენმა რედაქტორმა გამზადებული შეკითხვა მოგცათ, მაგრამ გირჩევთ, თავად მოუსმინოთ, რა თქვა.

ისედაც, მათი საქმე არ დამთავრებულა, სასამართლო პროცესი გრძელდება და ნუ შეუწყობთ ხელს დავალებების შემსრულებელ პროკურატურას და ნუ მიეხმარებით იმაში, რაც არ არის“, – განაცხადა გოგორიშვილმა.

ივერი მელაშვილის განცხადებით, მოლაპარაკების პროცესის დაწყება პირდაპირ იმის მტკიცებით, რომ რაღაც შენია, არასწორია და საქმეს აფუჭებს. მისივე თქმით, მოლაპარაკება რაღაც ეტაპიდან უნდა დაიწყოს.

„როდესაც ხაზს უსვამ და წყვეტ, გინდა თუ არა ეს ჩემია, როგორ არის შენი, როდესაც არ არის შენი, არ გაქვს ამის საფუძველი. იქ ვიღაცის ბერი იქნება, თუ ერის წარმომადგენელი, თუ ზოგი მივა იქ და კელიებთან პოზირებას დაიწყებს, ამის გამო ეუბნები, რომ ჩემია, არ არის სწორი, არ არის შენი და არ დაგითმობს არასოდეს. ის საშუალება, რაც მანამდე გვქონდა, ყველაფერს ამას აფუჭებ, ხაზს უსვამ და მტრულად განაწყობ შენს პარტნიორ ქვეყანას“, – განაცხადა ივერი მელაშვილმა.