ხანძრისგან დაზარალებულ მეწარმეებს სასაქონლო-მატერიალური ფასეულობები ჩამოეწერებათ და გადასახადი არ დაეკისრებათ
„საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მზადაა, დახმარება გაუწიოს 27 თებერვალს, ე.წ. „თერგის“ ბაზრობის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულ მეწარმეებს, ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერასთან დაკავშირებით“, – ნათქვამია განცხადებაში.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, დაზარალებული მეწარმეების იდენტიფიკაციის მიზნით, ბაზრობის ადმინისტრაციასა და შემოსავლების სამსახურს შორის მიმდინარეობს შესაბამისი პროცედურები.
შემოსავლების სამსახური განმარტავს, რომ ხანძრის ზემოქმედების შედეგად განადგურებული სასაქონლო-მატერიალური ფასეულობების ჩამოწერით, დაზარალებულ პირებს განადგურებულ სასაქონლო-მატერიალურ ფასეულობებთან დაკავშირებით საგადასახადო ვალდებულებები არ წარმოეშვებათ.
„შემოსავლების სამსახურის მხრიდან მიღებულ იქნება გადაწყვეტილება აღნიშნულ დავალიანებაზე იძულებითი ღონისძიებების 1 წლის ვადით გადავადების ან/და შეჩერების შესახებ“, – აღნიშნულია განცხადებაში.