მომაკვდინებელი ბაქტერიები თანამედროვე ანტიბიოტიკებისადმი სულ უფრო რეზისტენტული ხდებიან; გამოსავლის საძებნელად, ზოგიერთი მკვლევარი უძველეს სამედიცინო ხელნაწერებს მიმართავს. და მართლაც, როგორც ჩანს, ახ. წ. 1000 წლით დათარიღებული მალამო შეიძლება წარმატებული აღმოჩნდეს იქ, სადაც თანამედროვე ანტიბიოტიკები უძლურია.
„ენშენბაიოტიკი“, როგორც მას მკვლევრებმა უწოდეს, აღმოაჩინეს ერთ-ერთ უძველეს, შუა საუკუნეების ინგლისის სამედიცინო წიგნში, რომელსაც Bald’s Leechbook-ი ეწოდება,
აღსანიშნავია, რომ ამ წიგნში შესული ბევრი წამალი ღიმილისმომგვრელია; მაგალითად, მალამო ღამით ავი სულების დასაფრთხობად. თუმცა, ზოგიერთ რეცეპტს, მაგალითად „ბალდის თვალის მალამოს“ მეცნიერები გულდასმით სწავლობენ.
წინა კვლევებზე დაყრდნობით, მეცნიერებმა აჩვენეს, რომ ნატურალური ინგრედიენტების ამ ნაზავს — ნივრის, ხახვის ან პრასის, ძროხის ნაღველისა და ღვინის — შეიძლება საკმაო მძლავრი ანტისეპტიკური თვისებები ჰქონდეს. უფრო მეტიც, აღმოჩნდა, რომ ის მოქმედებს მთელი რიგი საშიში ბაქტერიების წინააღმდეგ, რომლებმაც რეზისტენტულობა გამოიმუშავეს მრავალი თანამედროვე პრეპარატისადმი.
მკვლევრებმა ბალდის თვალის მალამოს 75 დოზა დაამზადეს (მათ შორის 15 ხახვით და 15 პრასით) და უძველესი რეცეპტის შემოწმება დაიწყეს.
თვალის მალამოს ამ რეცეპტმა წარსულში უკვე აჩვენა, რომ კლავს ე. წ. ოქროს სტაფილოკოკს (Staphylococcus aureus), ბაქტერიას, რომელიც მწვავე დაავადებებს იწვევს. ამჯერად, ახალმა კვლევამ უორიკის უნივერსიტეტის მკვლევარ ჯესიკა ფარნერ-პარდოს ხელმძღვანელობით, ეს შედეგი კიდევ უფრო დამაჯერებელი გახადა — მალამო ეფექტიანი აღმოჩნდა იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც ამ ბაქტერიებმა წარმოქმნა განსაკუთრებით მტკიცე სტრუქტურები, ე. წ. ბიოფილმები.
S. aureus-ი განსაკუთრებით რეზისტენტული ბაქტერიაა, დიდწილად იმიტომ, რომ შეუძლია ბიოფილმების წარმოქმნა. ბიოფილმები არის მიმაგრებული ბაქტერიების ლორწოთი დაფარული აგრეგატები, რომლებიც ურღვევად ეკვრის ზედაპირებს და ამიტომ, ეს რეზისტენტული სტაფილოკოკი ზედმეტად საშიშია.
მას შემდეგ, რაც ეს მიკროორგანიზმები კლასტერებს წარმოქმნიან, იქ ანტიმიკრობული აგენტის შეყვანა წარმოუდგენლად რთულია. ბიოფილმების დაშლა ანტიბიოტიკების იმაზე ასობით და ათასობით დიდ კონცენტრაციას მოითხოვს, ვიდრე ამ ბაქტერიების თავისუფლად მოტივტივე ფორმების შემთხვევაშია საჭირო. უკიდურეს შემთხვევებში, სისხლის მოწამვლის თავიდან ასაცილებლად, ამპუტაციაც კი ხდება საჭირო.
თუკი ახალი კვლევის შედეგები სწორია, ბალდის თვალის მალამო ბიოფილმების წინააღმდეგ შესაძლოა, უებარი გახდეს.
კიდევ უფრო უკეთესი კი ის არის, რომ როგორც ჩანს, მალამო მოქმედებს სხვა ასეთივე რეზისტენტული ბაქტერიების წინააღმდეგაც; მათ შორის არის Acinetobacter baumanii, Stenotrophomonas maltophilia, S. epidermidis და S. pyogenes-ი. ყველა მათგანს შეუძლია ჭრილობების ინფიცირება, ბიოფილმების წარმოქმნა და ანტბიოტიკებისადმი რეზისტენტულობის გამომუშავება.
„ვფიქრობთ, ის განსაკუთრებით იმედისმომცემია ე. წ. დიაბეტური ტერფების ინფექციების სამკურნალოდ. ისინი სუპერრეზისტენტული ბიოფილმური ინფექციებია. არიან ზედმეტად ჯანმრთელნი და ნამდვილად შეიძლება, რომ უკურნებელიც გახდეს“, — ამბობს უორიკის უნივერსიტეტის მიკრობიოლოგი ფრეია ჰარისონი.
თუმცა, არის ერთი დეტალი — მალამოს ინგრედიენტები ანტიმიკრობულ აგენტად საუკეთესოდ მუშაობს მხოლოდ წამლის საბოლოო ფორმით. როდესაც მკვლევრებმა ცალკეული ინგრედიენტი გამოყვეს ან დაწმინდეს, ახლოსაც კი არ იყვნენ ბაქტერიული შტამების მოკვლის უნართან.
ავტორთა აზრით, სწორედ ეს შეიძლება იყოს იმის მიზეზი, რომ ძველი მცენარეული წამლები სამეცნიერო გულდასმით არ შესწავლილა. წამლების შექმნასა და კვლევაში მიღებულია, რომ გამოაცალკევო ერთი ნაერთი, ძველ დროში კი მედიცინა სხვა არაფერი იყო, თუ არა ბუნებრივი მასალების შერევა, მათი თვისებების გაერთიანება.
„ამიტომ, როდესაც ბუნებრივ პროდუქტებს ბიოფილმების საწინააღმდეგო პოტენციურ აგენტებად მივიჩნევთ, მხედველობაში უნდა მივიღოთ შესაძლებლობა, რომ ნებისმიერ ეფექტიანობა, რასაც შეიძლება ისინი ფლობდნენ, შესაძლოა დამოკიდებული იყოს სხვადასხვა პროდუქტების კოქტეილის შექმნაზე“, — წერენ ავტორები.
მათივე განცხადებით, ბუნებრივ პროდუქტთა კომბინაციებს შორის ურთიერთობისა და მათი აქტივობის გარკვევით, შეიძლება მივიღოთ ახალი გზა მცენარეული ანტიბიოტიკების შესაქმნელად.
მაგალითად, ამ კვლევაში ღვინომ მცირე ანტიმიკრობული აქტივობა აჩვენა როგორც ბიოფილმების, ისე თავისუფლად მოტივტივე ბაქტერიების წინააღმდეგ.
თუმცა, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ის მთლიანად გამოუსადეგარი იყო. როდესაც ავტორებმა მალამოს რეცეპტიდან ღვინო ამოიღეს, S. aureus-ის წინააღმდეგ მისი აქტივობა მნიშვნელოვნად შემცირდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მას ამ ნაერთში მნიშვნელოვანი ანტიმიკრობული თვისებები აქვს.
ამის მსგავსად, ცალკე შემოწმებისას მცირე ანტიმიკრობული აქტივობა აჩვენა ხახვმა და ნაღველმაც.
მართლაც ეფექტიანია თუ არა ბალდის თვალის მალამო კლინიკურ გამოყენებაში, ამას დამატებითი კვლევები დაადგენს, მაგრამ აღსანიშნავია, რომ ლაბორატორიაში თაგვებსა და ადამიანის უჯრედებზე შემოწმებისას, მიქსტურას საზიანო ეფექტები არ აღენიშნებოდა.
კვლევა ჟურნალ Scientific Reports-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.