კბილის კარიესის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლოა, ჩვენივე იმუნური სისტემა იყოს
კბილის კარიესის ერთ-ერთი გამომწვევი შესაძლოა, ჩვენივე იმუნური სისტემა იყოს

ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობაში იმუნური სისტემა გადამწყვეტ როლს თამაშობს, მაგრამ არასწორად მოქმედების შემთხვევაში, მას პრობლემების გამოწვევაც შეუძლია. აღმოაჩინეს ახალი მტკიცებულებები, რომლის მიხედვითაც, ერთ-ერთი ასეთი პრობლემა შესაძლოა, კბილის კარიესი იყოს.

მკვლევრებმა დაადგინეს, რომ პოტენციურად, კბილის კარიესი ნაწილობრივ გამოწვეულია ბაქტერიით, რომელიც უნებლიეთ ეხმარება იმუნურ უჯრედებს, სახელად ნეიტროფილებს კბილში ღრმულების წარმოქმნასა და შიგთავსის დაზიანებაში. თანაც, ეს ხდება ნეიტროფილებსა და ბაქტერიას შორის მიმდინარე ბრძოლისას.

ნეიტროფილები ღრძილებზე თავსდება და ებრძვიან ინფექციებს. მიუხედავად იმისა, რომ თავად მათ კბილების დაზიანება არ შეუძლიათ, როგორც ჩანს, ბაქტერიას აიძულებენ გამოყოს თავდაცვითი, მჟავური მიქსტურა. ამის შემდეგ, ეს მჟავა ჩვენს კბილებს აზიანებს.

კვლევის ავტორის, ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევრის, იოავ ფინერის განცხადებით, აქამდე არავის სჯეროდა, რომ კბილის კარიესის გაჩენაში ნაწილობრივ როლს ჩვენი იმუნური სისტემა თამაშობდა, მაგრამ ამის მტკიცებულება ახლა უკვე გვაქვს.

მისი თქმით, ეს დაახლოებით იმას ჰგავს, კედელს ური დაარტყათ. სწორედ ასე ხდება, როცა ნეიროფილები შემოჭრილ ინფექციებს ებრძვიან.

ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტების საფუძველზე ჯგუფი ფიქრობს, რომ ნეიროფილების თავდასხმის შემდეგ ბაქტერიის მიერ გამოყოფილი მჟავა ახდენს კბილების დემინერალიზაციას — შლის ზედაპირის ემალს, რომელიც ნამდვილი ბარიერია, როცა საქმე კბილის ხრწნას ეხება.

ამის შემდეგ, კბილებთან შეიძლება განადგურდეს მიზანში ამოღებული ბაქტერიისა და ნეიტროფილების მიერ გამოყოფილი ფერმენტები, მიუხედავად იმისა, რომ ნეიროფილები მხოლოდ დახმარებას ცდილობდნენ.

ეს პროცესი კბილებს განსაკუთრებით მოწყვლადს ხდის კბილის დაშლი პირველი სტადიის —კარიესისადმი და თანაც, მკვლევართა განცხადებით, ეს ყველაფერი შეიძლება სულ რამდენიმე საათში მოხდეს. მოწყვლადი შეიძლება იყოს როგორც კბილში არსებული დენტინი, ისე ხელოვნური ამოსავსები საშუალებები.

კბილის დემინერალიზაციის შემდეგ, შესაძლებელია დაკარგული ემალის სრულად ჩანაცვლება. ამ მხრივ მნიშვნელოვანი დახმარების გაწევა შეუძლია ნერწყვსა და ფთოროვან ნაერთებს. აღსანიშნავია ისიც, რომ იმედისმომცემი შედეგები აქვს კვლევებს, რომელთა მიზანიც კბილის მიერ დაკარგული ემალის აღდგენაა თავად კბილის მიერვე.

ახლად აღმოჩენილმა ამ პროცესმა შეიძლება ახსნას, რატომ იშლება რამდენიმე წლის შემდეგ კბილის ხელოვნური ამოსავსებლები. მათი მიზანი დაკარგული ემალისა და დენტინის ჩანაცვლებაა, მაგრამ როგორ ირკვევა, ისინიც ხდება ბაქტერიისა და იმუნური სისტემის თავდასხმის ობიექტი.

უფრო მეტი კვლევაა საჭირო იმისათვის, რათა გაირკვეს, ზუსტად რა კავშირია კბილის კარიესსა და ნეიტროფილებს შორის. ეს კვლევა ამ მიმართულებით პირველი იყო.

ამ აღმოჩენის წყალობით, ასევე შესაძლებელია, შეიქმნას კბილის ამოსავსები უკეთესი ხელოვნური საშუალებები, რომლებიც ბაქტერიებისა და ნეიტროფილების შეტევას გაუძლებს.

რა თქმა უნდა, კბილის კარიესში მთავარი დამნაშავე მაინც ბაქტერიაა, მაგრამ თუ ამ კვლევის შედეგები საბოლოოდ დადასტურდა, გამოდის, რომ ამ პრობლემაში საკუთარი წვლილი ჩვენს იმუნურ სისტემასაც შეაქვს. მკვლევართა შემდეგი ნაბიჯი აღნიშნული ცდის ლაბორატორიიდან გამოტანა და რეალურ ცხოვრებაში ჩატარებაა.

კვლევა ჟურნალ Acta Biomateralia-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია utoronto.ca-სა და ScienceAlert-ის მიხედვით.