კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორ აჰმად ალილი - რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ირანისთვის მიუღებელია
კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორ აჰმად ალილი - რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ირანისთვის მიუღებელია

პირველ არხთან ინტერვიუში ბაქოში მდებარე კავკასიის პოლიტიკური ანალიზის ცენტრის დირექტორმა აჰმად ალილიმ განაცხადა, რომ ყარაბაღის მეორე ომმა რეგიონში ბევრი რამ შეცვალა და ირანისთვის არსებული სტატუსქვო მიუღებელი აღმოჩნდა.

როგორც აზერბაიჯანელი ექსპერტი ამბობს, სწორედ ამას უკავშირდება სამხედრო წვრთნების ჩატარება ირან-აზერბაიჯანის საზღვარზე.

მისივე თქმით, ირანისთვის მიუღებელია რეგიონში თურქეთის გაძლიერება და ის რომ ირანის დასავლეთში მცხოვრები აზერბაიჯანელები ისრაელის მიმართ უფრო მეტი სიმპათიით არიან განწყობილები.

„რეგიონში შექმნილი ახალი გეოპოლიტიკური რეალობა ირანისთვის მიუღებელია. ყარაბაღის 44-დღიანმა ომმა ბევრი რამ შეცვალა, ხოლო ირანი ხედავს, რომ რეგიონში შექმნილ რეალობაში ის არის ერთადერთი წაგებული, რადგან ირანის მეზობლად აღარ არსებობს დიდი „ნაცრისფერი ზონა“. ირანის წინააღმდეგ მოქმედებს საერთშორისო სანქციები, სწორედ ამიტომ მას სჭირდება ისეთი „ნაცრისფერი ზონები“, როგორიც იყო მთიანი ყარაბაღი. ამასთან ერთად, ირანში ხედავენ, რომ თურქეთის როლი აზერბაიჯანში გაზრდილია. კიდევ ერთი საკითხი უკავშირდება ისრაელს, რომლის მიმართაც ირანში დასავლეთ აზერბაიჯანის რეგიონში უფრო მეტი ადამიანი სიმპათიითაა განწყობილი. ეს კი, ღამის კოშმარია ირანისთვის. მინდა შეგახსენოთ, რომ გასულ წლებში ირანში ისრაელს „პატარა სატანას“ უწოდებდნენ, ხოლო აშშ-ს „დიდ სატანას“. ცხადია, რომ ეს იყო ირანის პროპაგანდის ნაწილი, რომელიც მიმართული იყო ისრაელის წინააღმდეგ. ამ პროპაგანდისტულ გზავნილს ირანი ქვეყნის შიგნით ავრცელებდა. თუმცა, მას შემდეგ რაც ისრაელი დაეხმარა აზერბაიჯანს ყარაბაღის ომში, ირანის პროპაგანდამ ძალა დაკარგა. თეირანისთვის მოულოდნელად ისრაელი აღარ აღიქმება ისეთ ბოროტებად, როგორც მას ირანში წარმოაჩენდნენ. ისრაელს აღარ აღიქვამენ ბოროტებად ირანში მცხოვრები აზერბაიჯანელები. ეს კი ირანის დიდი იმედგაცრუებას იწვევს. თუმცა აქვე გასათვალისწინებელია, რომ რეგიონში შექმნილი ახალი სტატუსქვო კარგ პერსპექტივას აჩენს ირანისთვისაც, რადგან მაგალითისთვის ადრე აზერბაიჯანი რეგიონული ინტეგრაციის წინააღმდეგი იყო, თუმცა ახლა პირიქითაა. ეს თავისთავად ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს ირანსაც. ეს ქმნის სტაბილურ სამეზობლოს ირანისთვის. თუმცა, სამწუხაროდ გადაწყვეტილების მიმღები პირები მხოლოდ უარყოფით მხარეს ხედავენ. ამის გამო, ირანს სტატუს ქოვოს შეცვლა სურს. ისინი სომხეთს მიიჩნევენ ინსტრუმენტად, რომლითაც აზერბაიჯანის წინსვლის შეჩერებაა შესაძლებელი. თეირანში მიიჩნევენ, თუ სამხრეთ კავკასიაში აზერბაიჯანის პოზიციები განმტკიცდება, მაშინ ირანელ აზერბაიჯანელებს შესაძლოა, გაუჩნდეთ ცდუნება უფრო ახლო კავშირი ჰქონდეს აზერბაიჯანთან და ეს თეირანში იმედგაცრუებას იწვევს. ამიტომ, ირანს სურს, რომ რეგიონში არსებული სტატუსქვო სომხეთის სასარგებლოდ შეიცვალოს. მათ მიაჩნიათ, რომ ამის მისაღწევად ერთადერთი ვარიანტი არის ე.წ. ზანგეზურის დერეფნის პროექტის შეჩერება. სწორედ ამას უკავშირდება ირანის განცხადება, რომ ისინი არ დაუშვებენ რეგიონში საზღვრების გადაწევას. სწორედ ამის გამო მართავს ირანის ელჩი სომხეთში შეხვედრებს და ჰპირდება ერევანს, თუ სომხეთის არმია დატოვებს სიუნიქის რაიონს, მაშინ ირანის არმია დაიცავს საზღვრის ამ მონაკვეთს. ირანში მიაჩნიათ, რომ თუ სტატუსქვო სომხეთის სასარგებლოდ შეიცვლება, მაშინ ირანს აზერბაიჯანზე ზემოქმედების გარკვეული ბერკეტი გაუჩნდება. ამასთან ერთად ირანში ნერვიულობენ, რადგან მიაჩნია, რომ ნახიჩევანის რესპუბლიკის და აზერბაიჯანის დამაკავშირებელი დერეფნის გახსნის შემდეგ, ტვირთები ირანის ტერიტორიაზე აღარ გაივლის და ისინი შემოსავალს დაკარგავენ. ირანი მოვლენების განვითარების მხოლოდ ნეგატიურ მხარეს ხედავს და ყველა პროექტის გაჩერება სურს“, – განაცხადა ალილიმ.

შეგახსენებთ. რომ ირანსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობები მას შემდეგ დაიძაბა. რაც აზერბაიჯანმა სატვირთოების ირანელი მძღოლებისთვის სომხეთში მოსახვედრად დამატებითი გადასახადი დააწესა. როგორც ცნობილია, ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ სომხეთ-ირანის დამაკავშირებელი გორისი-კაპანის ავტომაგისტრალის ნაწილს ბაქო აკონტროლებს. თეირანში ასევე შეშფოთებულები არიან აზერბაიჯანის თანამშრომლობით ისრაელთან, რაც ასევე ყარაბაღში 44-დღიანი ომის დროს განვითარდა. ვითარება იმდენად დაძაბული იყო, რომ ირანმა აზერბაიჯანის საზღვრებთან სამხედრო წვრთნებიც გამართა. სამხედრო სწავლებებს ასევე მართავს აზერბაიჯანი და თურქეთიც.

თერიანისა და ბაქოს დავა ყარაბაღის ომის შემდეგ შემქნილი სიტუაციის ფონზე მიმდინარეობს. აზერბაიჯანს და თურქეთს სურს მოაწყოს ე.წ. ზანგეზურის დერეფანი, რომელიც სომხეთის ტერიტორიის გავლით აზერბაიჯანსა და თურქეთს დააკავშირებს ერთმანეთს. ერევანში აცხადებენ, რომ სატრანსპორტო კავშირების აღდგენის წინააღმდეგი არ არიან, თუმცა მიიჩნევენ, რომ ე.წ. ზანგეზურის დერეფნის იმ მონაკვეთზე, რომელიც სომხეთზე გაივლის, სომხეთის სუვერენიტეტის უნდა გავრცელდეს.