დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შესაცვლელად ირანელებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირეებმა იმედები გაუცრუეს
დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შესაცვლელად ირანელებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა, თუმცა რეგიონულმა მოკავშირეებმა იმედები გაუცრუეს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ვაშინგტონი ირანში რეჟიმის შეცვლის მცდელობის ფარგლებში ირანელებისთვის იარაღის მიწოდებას ცდილობდა. თუმცა, ტრამპის თქმით, ამ პროცესში რეგიონულმა მოკავშირეებმა იმედები გაუცრუეს.

ამის შესახებ დონალდ ტრამპმა „ფოქს ნიუსზე“ სატელეფონო ინტერვიუს დროს განაცხადა.

ტრამპის განცხადებით, აშშ-მა იარაღი ქურთებს გადასცა, რათა ირანის ხელისუფლების მოწინააღმდეგე ძალებისთვის მიეწოდებინათ, თუმცა, მისი ვარაუდით, ქურთებმა ეს შეიარაღება დაიტოვეს.

„ქურთებმა იმედები გაგვიცრუეს, მაგრამ ამას დავიმახსოვრებ“, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა.

ამავე ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, რომ მისი დიდი ხნის სურვილია, აშშ-მა კონტროლი მოიპოვოს ხარგის კუნძულზე და საბოლოოდ ირანის ნავთობისა და გაზის ბაზრებზე.

აშშ-ის პრეზიდენტმა ეს შესაძლო ნაბიჯი შეადარა ვენესუელასთან მიმართებით აშშ-ის პოლიტიკას და თქვა, რომ ასეთი სცენარი მისთვის კვლავ სასურველ ვარიანტად რჩება.

ტრამპმა ასევე დაადასტურა, რომ აშშ ირანის წინააღმდეგ ახალი, უფრო მასშტაბური ავიადარტყმების განხორციელებას გეგმავს.

მისი თქმით, დღევანდელი დარტყმები უფრო ძლიერი და მასშტაბური იქნება. თუმცა ტრამპის განმარტებით, ურჩევნია, სამოქალაქო ინფრასტრუქტურა, როგორიცაა ხიდები და ელექტროსადგურები, სამიზნე არ გახდეს.

ამავდროულად, აშშ-ის პრეზიდენტმა მწვავედ გააკრიტიკა ამერიკული მედიის ნაწილი ირანთან ომის გაშუქების გამო და განაცხადა, რომ ირანის წარმომადგენლებიც კი გაკვირვებული არიან, რამდენად დადებითადაა მათი მდგომარეობა ზოგიერთ მედიასაშუალებაში წარმოჩენილი.

ამ ფონზე ტრამპმა განსაკუთრებით შეაქო „ფოქს ნიუსის“ კორესპონდენტის, ტრეი ინგსტის მუშაობა და მისი რეპორტაჟები კონფლიქტის ზონიდან.