კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება
კასინის აღსასრულამდე რამდენიმე დღე რჩება - 15 სექტემბერს, NASA-ს ხომალდი სატურნის ღრუბლებში დაიწვება

სულ რაღაც 13 დღე რჩება NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მისიის დასრულებამდე, როდესაც იგი სატურნის ატმოსფეროში ჩაყვინთავს. 15 სექტემბერს, კასინი სატურნის ატმოსფეროში შეიჭრება და მეტეორის მსგავსად დაიწვება. უკანასკნელი სვლა ხომალდმა 2017 წლის 22 აპრილს დაიწყო, როცა სატურნის მთვარე ტიტანმა მას გრავიტაციული ბიძგი მისცა და 2,5-ტონიანი ხომალდი სასიკვდილო გზაზე დააყენა.

„კასინის მისია აღჭურვილი იყო მოწინავე სამეცნიერო ტექნოლოგიებით; უნიკალურ პლანეტარულ ინფორმაციას იგი მისიის ბოლო წუთებამდე გააგრძელებს. კასინი გახდება სატურნის პირველი პლანეტური ზონდი, რომელიც პლანეტის ატმოსფეროს ნიმუშებს სიცოცხლის უკანასკნელ წამებამდე შეაგროვებს“, — ამბობს ლინდა სპილკერი, კასინის მისიის მეცნიერი.

როგორც მოსალოდნელია, კოსმოსური ხომალდი დედამიწასთან კავშირს სატურნის ზედა ატმოსფეროში ჩაშვებიდან 1-2 წუთის შემდეგ გაწყვეტს. მაგრამ ჩაშვებისას, კონტაქტის დაკარგვამდე, სრულად იმუშავებს კასინის 12-დან 8 ინსტრუმენტი. განსაკუთრებით აქტიურად იმუშავებს ხომალდის იონური და ნეიტრალური მასის სპექტრომეტრი (INMS), რომელიც პირდაპირ აიღებს ატმოსფეროს შემადგენლობის ნიმუშებს, რითაც უმნიშვნელოვანეს ცნობებს მოგვაწვდის გიგანტური პლანეტის ფორმაციისა და ევოლუციის შესახებ. ჩაყვინთვამდე ერთი დღით ადრე, კასინის სხვა ინსტრუმენტები განახორციელებენ დეტალურ, მაღალი რეზოლუციის დაკვირვებებს სატურნის პოლუსების ციალებზე, ტემპერატურასა და ქარიშხლებზე. ფინალური ჩაშვებისას, გამოირთვება კასინის ფოტოკამერა, შესაბამისად, სატურნის სისტემის ბოლო ხედებს იგი წინა დღით მოგვაწვდის (14 სექტემბერი).

ფინალურ კვირაში, კასინი რამდენიმე გარდამტეხ საფეხურს გაივლის.

  • 9 სექტემბერი — კასინი უკანასკნელად, ოცდამეორედ გაივლის სატურნსა და მის რგოლებს შორის. ყველაზე ახლოს, პლანეტის ღრუბლებს 1680 კმ-ზე მიუახლოვდება.
  • 11 სექტემბერი — კასინი განახორციელებს შორეულ გადაფრენას სატურნის უდიდეს მთვარე ტიტანზე. მიუხედავად იმისა, რომ მანძილი მათ შორის 119 049 კმ იქნება, მთვარის გრავიტაციული გავლენა ხომალდის სიჩქარეს მაინც შეანელებს.
  • 14 სექტემბერი — კასინის ფოტოკამერა სატურნის სისტემაში უკანასკნელ ფოტოებს გადაიღებს და გამოგვიგზავნის. მათ შორის იქნება მთვარეები — ტიტანი და ენცელადი, სატურნის ჩრდილოეთ პოლუსზე მძვინვარე ექვსკუთხედის ფორმის მორევი და რგოლები.
  • 14 სექტემბერი (5:45 p.m. EDT / 2:45 p.m. PDT) — კასინი თავის ანტენას დედამიწისკენ მომართავს და დაიწყებს კომუნიკაციას, რაც მისიის ბოლო წუთებამდე გაგრძელდება. ამ პერიოდში გამოაგზავნის გრძელ გზაზე შეგროვილ უკანასკნელ ფოტოებსა და სხვა მონაცემებს.
  • 15 სექტემბერი (4:37 a.m. EDT / 1:37 a.m. PDT) — იწყება „ფინალური ჩაყვინთვა“. ხომალდი 5-წუთიან ბრუნვას დაიწყებს, რათა იონური და ნეიტრალური მასის სპექტრომეტრი (INMS) ხელსაყრელ პოზიციაში მოაქციოს ატმოსფეროს ნიმუშების შესაგროვებლად და დაიწყებს მონაცემების გადმოცემას თითქმის რეალურ დროში, უკანასკნელ წამებამდე.
  • 15 სექტემბერი (7:53 a.m. EDT / 4:53 a.m. PDT) — კასინი სატურნის ატმოსფეროში შედის. მისი ძრავები შესაძლებლობათა მხოლოდ 10%-ს გამოიყენებენ, რათა მიმართულების სტაბილურობა შეინარჩუნოს. შედეგად, შესაძლებელი გახდება ანტენის შემობრუნებული დარჩეს დედამიწისკენ და გადმოიცეს მონაცემები.
  • 15 სექტემბერი (7:54 a.m. EDT / 4:54 a.m. PDT) — კასინის ძრავები უკვე 100%-იანი დატვირთვით მუშაობს. ძრავების შესაძლებლობებს დიდ ზიანს აყენებს ატმოსფერული ძალები, რათა შენარჩუნდეს კონტროლი ხომალდის ორიენტაციაზე. ამ დროს, ანტენა დედამიწისკენ აღარ იქნება მომართული. სწორედ ამ მომენტში, სატურნის ზედა ღრუბლებიდან 1510 კმ სიმაღლეზე, ხომალდთან კავშირი შეწყდება და სამუდამოდ დასრულდება კასინის მისია. რამდენიმე წუთის შემდეგ, ხომალდი სატურნის ცაში მეტეორივით გაილევებს და ფერფლად იქცევა.

კასინის დიდი ფინალი 2017 წლის 22 აპრილს დაიწყო. ხომალდი თავის 13-წლიან მისიას ასრულებს. თავდაპირველად, მისია 4-წლიანი იყო, რაც შემდეგ კიდევ 2 წლით გაგრძელდა. ამის შემდეგ, NASA-მ დაამტკიცა ამბიციური გეგმა, რომლის მიხედვითაც, კასინის მისია კიდევ 7 წლით უნდა გაგრძელებულიყო. ამ დამატებით წლებში, კასინიმ მრავალჯერ გადაუფრინა სატურნის მთვარეებს, რა დროსაც სეზონური ცვლილებები შენიშნა როგორც თავად სატურნის, ისე მისი უდიდესი მთვარის — ტიტანის ატმოსფეროში. მისიის დასასრულს, კასინიმ წარმოუდგენელი მანევრების შესრულება დაიწყო სატურნსა და მის რგოლებს შორის, სადაც 22-ჯერ ჩაეშვა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ამ რეგიონში კაცობრიობის მიერ გაგზავნილი რომელიმე ხომალდი შევიდა.

„კასინის მისიის დასასრული მეტად მტკივნეული იქნება, მაგრამ ეს გახლავთ განსაცვიფრებელი კოსმოსური ტურნეს ძალიან საჭირო ფინალი“, — ამბობს კასინის პროექტის მენეჯერი ეარლ მაიზი.

„დიდი ფინალი იმ 7-წლიანი კულმინაციის დასასრულია, რომლის ფარგლებშიც, ხომალდის დარჩენილი რესურსების პირობებში, იგი რაც შეიძლება პროდუქტიულად გამოვიყენეთ. სატურნის ატმოსფეროში შეყვანისა და განადგურების გზით, თავიდან ვიცილებთ ყველანაირ შანსს იმისას, რომ კასინი ოდესმე შეეჯახოს სატურნის რომელიმე მთვარეს, და ისინი ხელუხლებლად შევინახოთ შემდგომი კვლევებისთვის“.

კასინი 1997 წელს გაუშვეს. მისმა აღმოჩენებმა ნამდვილი რევოლუცია მოახდინა სატურნის, მისი რგოლების კომპლექსის, გასაოცარი მთვარეებისა და პლანეტის დინამიკური მაგნიტური გარემოს ჩვენეულ გაგებაში. კასინი ყველაზე შორეული პლანეტური ორბიტერია, რაც კი ოდესმე გაუშვია კაცობრიობას. გამაოგნებელი აღმოჩენები ხომალდმა სატურნთან მისვლისთანავე დაიწყო და სიცოცხლის უკანასკნელ წამებამდე გააგრძელებს. მის აღმოჩენებს შორის საკმარისია დასახელდეს სულ რამდენიმე, რათა წარმოდგენა შეგვექმნას მისიის მნიშვნელობაზე: სატურნის ციცქნა მთვარე ენცელადზე დააფიქსირა წყლის ჭავლების ამოფრქვევა, რაც ზედაპირქვეშა ოკეანესა და ჰიდროთერმული აქტივობაზე მიუთითებს. სატურნის უდიდეს მთვარე ტიტანზე აღმოაჩინა ნახშირწყალბადთა ტბები და ზღვები, რომლებში თხევადი მეთანი და ეთანი დომინირებს; დადგინდა, რომ ატმოსფეროში ყალიბდება პრე-ბიოტიკური ქიმიური ნაერთების კომპლექსი, რომელიც შემდეგ ზედაპირზე აწვიმს. მოგვაწოდა სატურნის რგოლების სამგანზომილებიანი სტრუქტურა და დაადგინა, რომ მთელ სიგრძეზე, პლანეტას შტორმები გასდევს. კასინის მიერ სატურნთან გაკეთებულმა აღმოჩენებმა მეცნიერებს ახალი გზები გაუხსნა პლანეტათა ფორმაციაში ჩართული პროცესების უკეთ შესასწავლად.

„კასინის აღსასრულის მიზეზი მისივე აღმოჩენები გახდა“, — ამბობს NASA-ს JPL ლაბორატორიის ინჟინერი ეარლ მაიზი, რომელიც კასინის მისიას უძღვებოდა.

მაიზი გულისხმობდა სატურნის ერთ-ერთი მთვარის, ენცელადის ყინულოვანი ზედაპირის ქვეშ არსებულ მლაშეწყლიან ოკეანეს. ენცელადი წყალს აქტიურად აფრქვევს კოსმოსში. ეს აღმოჩენა კასინის ეკუთვნის.

2015 წლის ოქტომბერში, კასინიმ ენცელადის ორთქლისა და ყინულის ნაკადებში გაიარა, „დააგემოვნა“ და არაპირდაპირ განსაზღვრა ზედაპირქვეშა ოკეანის შემადგენლობა — აღმოჩნდა, რომ ენცელადის ოკეანეში შესაძლოა არამიწიერი სიცოცხლე ყვაოდეს.

„რისკზე წასვლა არ შეგვიძლია. უნდა გამოვრიცხოთ ამ ხელუხლებელ, სუფთა სხეულთან კასინის უნებლიე კონტაქტი“, — ამბობს მაიზი.

„კასინი მას ფრთხილად უნდა მოშორდეს. მიუხედავად იმისა, რომ სატურნის ორბიტაზე ამ ხომალდის შენარჩუნება გვინდოდა, ერთადერთი არჩევანია იგი ჩვენი კონტროლის ქვეშ გავანადგუროთ“.

კასინი-ჰიუგენსის მისია NASA-ს, ESA-სა (ევროპის კოსმოსური სააგენტო) იტალიის კოსმოსური სააგენტოს ერთობლივი პროექტია.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით