როგორ მოძრაობენ იუპიტერის მთვარეები დიდი წითელი ლაქის თავზე [ვიდეო]
როგორ მოძრაობენ იუპიტერის მთვარეები დიდი წითელი ლაქის თავზე [ვიდეო]

უკვე წელიწადზე მეტია, რაც სატურნის გარშემო 13-წლიანი მოგზაურობის შემდეგ, NASA-ს კოსმოსური ხომალდი „კასინი“ რგოლებიანი პლანეტის ატმოსფეროში განადგურდა.

თუმცა, მამაცი ზონდის მემკვიდრეობა იმდენად შთამბეჭდავია, რომ მის მიერ გადაღებული ფოტოების დამუშავებასა და გამოქვეყნებას NASA დღემდე აგრძელებს.

სატურნისა და მისი მთვარეების თავზე გადაფრენისას გადაღებულუ სურათების გამოყენებით, NASA-ს მეცნიერმა კევინ გილმა აბსოლუტურად განსაცვიფრებელი gif-ი ააწყო.

ვიდეოს პირველ ნაწილს მან „მთვარეების მოგზაურობა“ უწოდა და ასახავს იუპიტერის მთვარეებს — ევროპასა და იოს იმ დროს, როცა ისინი იუპიტერის დიდი წითელი ლაქის თავზე გადაივლიან.

ევროპა და იო იუპიტერის ორი უდიდესი შიდა მთვარეა. ორივე მათგანი ფრიად გამორჩეულია, მაგრამ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ მიზეზთა გამო.

იოზე 400-ზე მეტი აქტიური ვულკანია და ამ მაჩვენებლით წარმოადგენს გეოლოგიურად ყველაზე აქტიურ ობიექტს მთელ მზის სისტემაში. რაც შეეხება ევროპას, მას ყველაზე გლუვი ზედაპირი აქვს მზის სისტემის ყველა სხვა მყარ ობიექტს შორის.

არანაკლებ შთამბეჭდავია ვიდეოს მეორე ნაწილი. ახლო ხედით არის ასახული სატურნის უდიდესი მთვარე ტიტანი, რომელიც მეორე უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრია მზის სისტემაში.

ტიტანი ერთადერთი სხეულია მზის სისტემაში დედამიწის შემდეგ, რომლის ზედაპირიც დაფარულია ზღვებით, ტბებით, მდინარეებით, ოღონდ წყლის ნაცვლად იქ მეთანია.