იუპიტერის მთვარე იოზე დაფიქსირებულია ვულკანური ამოფრქვევის ახალი ტიპი
იუპიტერის მთვარე იოზე დაფიქსირებულია ვულკანური ამოფრქვევის ახალი ტიპი

იუპიტერის მთვარე იო ყველაზე აქტიური ვულკანური პლანეტური სხეულია მთელ მზის სისტემაში. მის ასობით ვულკანსა და ლავის ტბას შორის, მეცნიერებმა პირველად შენიშნეს ისეთი ტიპის მძლავრი ამოფრქვევა, რომელიც აქამდე მხოლოდ დედამიწაზე ჰქონდათ ნანახი: სტრომბოლის მსგავსი ამოფრქვევა.

მონაცემები ძველია, შესაბამისად, ეს ამოფრქვევაც წარსულისაა. შეგროვილია NASA-ს ხომალდ „გალილეოს“ მიერ, რომელიც იუპიტერის სისტემას 1995-2003 წლებში იკვლევდა. მისიის დასრულების შემდეგ, 14 წლის წინ, გალილეო იუპიტერის ატმოსფეროში დაიწვა, ზუსტად ისე, როგორც „კასინი“ სატურნის ატმოსფეროში. ხომალდის თითქმის ინფრაწითელმა სპექტრომეტრმა (NIMS) იმდენი მონაცემი შეაგროვა და გამოაგზავნა, რომ მკვლევრები მას დღემდე ფილტრავენ და ამუშავებენ.

NIMS-ის მონაცემებზე დაყრდნობით, იუპიტერის მთვარეთა ზედაპირზე მინერალების გადანაწილებისა და ღრუბლების მორფოლოგიის კვლევის შემდეგ, NASA-ს რეაქტიულ ძრავთა ლაბორატორიის მკვლევარი ეშლი დეივისი ამ აღმოჩენას უწოდებს „ძალიან მოკლეხნიან, ძლიერ ცვალებად, მძლავრ თერმულ მოვლენას“.

NIMS-ის მონაცემების დამუშავებისას, დეივისმა და მისმა კოლეგებმა შენიშნეს სიცხის სიგნალი, რომელიც ფონურ დონეებზე 4-10 ჯერ მაღალი იყო. ერთი წუთის შემდეგ, სიგნალი დაახლოებით 20%-ით შემცირდა. გავიდა კიდევ ერთი წუთი და სიგნალი კიდევ 75%-ით დაეცა. 23 წუთის შემდეგ, სიცხის სიგნალი ფონურ დონეს დაუბრუნდა.

ეს მოვლენა დედამიწაზე არსებული სტრომბოლის ვულკანის ამოფრქვევის მსგავსი იყო. აღნიშნული ვულკანი იტალიის კუნძულ სტრომბოლიზე მდებარეობს და ახასიათებს შედარებით სუსტი ამოფრქვევები. თუმცა, სჩვევია დრამატული აფეთქებებიც, რომლებიც გამდნარი ლავის ფრაგმენტებს ჰაერში სტყორცნის ისე, რომ არ წარმოქმნის ლავის ნაკადებს:

მართალია, ეს ამოფრქვევები დედამიწისათვის შედარებით სუსტია, მაგრამ საკმაოდ მძლავრია იოსათვის, რადგან ამ მთვარის დიამეტრი სულ რაღაც 3500 კილომეტრია.

ეშლი დეივისის განცხადებით, „ამოფრქვევათა ეს მასშტაბი დღეს დედამიწაზე აღარ შეინიშნება, მაგრამ ძალიან ხშირი იყო ჩვენი პლანეტის წარსულში“.

სტრომბოლის ვულკანის მიერ ჰაერში გატყორცნილი ციცქნა ნაწილაკები სწრაფად ცივდება. ლავის გაციების ასეთი გზა გავლენას ახდენს წარმოქმნილი ქანების ტიპზე, რომელიც თავის მხრივ, გარდაქმნის იოს ზედაპირის შემადგენლობას. აღსანიშნავია, რომ ამ შემადგენლობას შეუძლია მეცნიერებს ძალიან ბევრი ცნობა მიაწოდოს იოს წიაღის ფენების შესახებაც.

„სრულიად თხევადი ფენის ნაცვლად, იოს მაგმის ოკეანე სავარაუდოდ უფრო ღრუბლის მსგავსი უნდა იყოს, ნელა დეფორმირებადი ნიადაგის მატრიქსში გამდნარი სილიკატების სულ მცირე 20%-იანი წილით“, — ამბობს პლანეტარული ვულკანოლოგი კრისტოფერ ჰამილტონი.

აღსანიშნავია, რომ იოზე მდებარეობს მზის სისტემაში ყველაზე დიდი აქტიური ვულკანი, რომელსაც ქართული მითოლოგიური გმირის პატივსაცემად, საერთაშორისო ასტრონომიულმა კავშირმა „ამირანი“ უწოდა.

მომზადებულია eos.org-ის მიხედვით