იუპიტერიდან და სატურნიდან მიღებული ახალი მონაცემები მზის სისტემის შესახებ არსებულ თეორიებს თავდაყირა აყენებს
იუპიტერიდან და სატურნიდან მიღებული ახალი მონაცემები მზის სისტემის შესახებ არსებულ თეორიებს თავდაყირა აყენებს

ნასას კოსმოსური ხომალდების მიერ შეგროვებული ახალი მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს ამჟამად გაბატონებულ თეორიებს მზის სისტემის პლანეტების წარმოქმნისა და მოქმედების შესახებ.

ახალი აღმოჩენები ეფუძნება ხომალდ „ჯუნოსა“ და „კასინის“ მიერ გაზის გიგანტი პლანეტების — იუპიტერისა და სატურნის შესახებ შეგროვებულ მონაცემებს.

მკვლევართა თქმით, დეტალური მაგნიტური და გრავიტაციული მონაცემები ფასდაუდებელი და ამავე დროს შემაცბუნებელია. მათი განცხადებით, ეს გახლავთ მონაცემები, რომელთა მსგავსიც აქამდე არაფერი გვინახავს.

ხომალდი „კასინი“ სატურნის სისტემას 13 წლის განმავლობაში იკვლევდა; მისია მან 2017 წლის სექტემბერში დაასრულა, როცა მიზანმიმართულად შეიჭრა სატურნის ატმოსფეროში და თავი გაინადგურა. რაც შეეხება „ჯუნოს“, ის იუპიტერის გარშემო 2016 წლის ზაფხულიდან მოძრაობს.

ერთობლიობაში, ეს მონაცემები ეჭვქვეშ აყენებს ამჟამინდელ მოსაზრებებს მზის სისტემის შესახებ და გზას უხსნის ახალ თეორიებს.

„მიუხედავად იმისა, რომ ჯერ მრავალი საიდუმლო ამოუხსნელია, მონაცემები აზუსტებს ჩვენს ზოგიერთ იდეას პლანეტების წარმოქმნასთან დაკავშირებით, მათი მაგნიტური ველებისა და ქარების შესახებ“, — ამბობს კალიფორნიის ტექნოლოგიური ინსტიტუტის მკვლევარი დევიდ სტივენსონი.

„ჯუნოს“ ხელსაწყოების გამოყენებით, მეცნიერები დააკვირდნენ მიკროტალღებს, რამაც მათ მრავალი ახალი ცნობა მიაწოდა იუპიტერის ატმოსფეროს შესახებ. მაგალითად, ასტრონომთა გასაოცრად, გაირკვა, რომ მისი ატმოსფერო უფრო შერეულია, თანაც იმგვარად, რასაც არც ელოდნენ.

მეცნიერთა აზრით, შესაძლოა, ასეთი უცნაური ატმოსფერო წარმოქმნილი იყოს სხვადასხვა მეტეოროლოგიური ფენომენების შედეგად, რომლებშიც მონაწილეობს ატმოსფეროში არსებული დიდი ოდენობით ყინული, სითხეები და გაზი. თუმცა, ჯერ დაზუსტებით არაფერია ცნობილი.

„ჯუნოს“ სხვა ინსტრუმენტებმა შეაგროვა უცნაური მონაცემები იუპიტერის გრავიტაციული და მაგნიტური მახასიათებლების შესახებ. იუპიტერი გამოირჩევა უცნაური ლაქებით, სადაც მაგნიტური ველი ან უცნაურად მაღალია, ან დაბალი. ერთმანეთისგან საკმაოდ განსხვავდება ჩრდილოეთ და სამხრეთ ნახევარსფეროში არსებული ლაქები.

გრავიტაციული მონაცემებიდან მეცნიერებმა გაარკვიეს ისიც, რომ იუპიტერის წიაღში, რომლის 90 პროცენტსაც წყალბადი და ჰელიუმი შეადგენს, ასევე არის უფრო მძიმე ელემენტებიც, რომელთა მასაც ჯამში 10-ჯერ აღემატება დედამიწის მასას. როგორც დადგინდა, ეს ელემენტები თავს ბირთვში კი არ იყრის, არამედ შერეულია ზემოთ არსებულ წყალბადთან.

მონაცემები ასევე გვაწვდის ახალ ცნობებს ორივე პლანეტის ზედა ნაწილების შესახებ. იქ არსებულ მძიმე ელემენტების ზუსტი ოდენობა უცნობია, მაგრამ დადგინდა, რომ გარე ფენები იმაზე გაცილებით მეტ როლს თამაშობს მაგნიტურ ველში, ვიდრე ასტრონომებს აქამდე ეგონათ.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.