სატურნის მთვარე დიონა რგოლების პირისპირ - NASA საუცხოო ფოტოს აქვეყნებს
სატურნის მთვარე დიონა რგოლების პირისპირ - NASA საუცხოო ფოტოს აქვეყნებს

სატურნის ყინულოვანი მთვარე დიონა გაზის გიგანტი პლანეტის თხელი რგოლების კიდის გასწვრივ მიცურავს — თქვენ წინაშეა NASA-ს კოსმოსურ ხომალდ „კასინის“ მიერ გადაღებული საუცხოო ფოტო.

NASA-ს მიერ 9 აპრილს გამოქვეყნებული ფოტო სინამდვილეში 2015 წლის 17 აგვისტოს არის გადაღებული, როცა ხომალდი დიონასგან 106 500 კმ მანძილზე იმყოფებოდა.

ფოტოზე კარგად ჩანს, რამდენად თხელია სატურნის რგოლები ვერტიკალური განზომილებიდან — მხოლოდ 9 მეტრი სისქის.

1123 კმ დიამეტრის მქონე დიონა სატურნის მეოთხე უდიდესი ბუნებრივი თანამგზავრია. გაზის გიგანტი პლანეტის გარშემო მოძრაობს 377 400 კმ მანძილიდან, ეს კი დაახლოებით იგივეა, რაც მანძილი დედამიწასა და მთვარეს შორის. მაგრამ დიონა ერთ გარშემოვლას მხოლოდ 2,7 დღეს ანდომებს, როცა ჩვენს მთვარეს ამისათვის 27 დღე ესაჭიროება.

ზოგიერთი მეცნიერის აზრით, დიონას შესაძლოა, ზედაპირქვეშა თხევადი წყლის ოკეანე ჰქონდეს, სატურნის კიდევ ერთი მთვარის — ენცელადისა და იუპიტერის მთვარე ევროპას, განიმედესა და კალისტოს მსგავსად.

ხომალდი კასინი 3,2$ მილიარდად ღირებული კასინი-ჰიუგენსიუს მისიის ნაწილი იყო, რომელიც ერთობლივად განახორციელეს NASA-მ, ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ და იტალიის კოსმოსურმა სააგენტომ. მისია 1997 წლის ოქტომბერში გავიდა და სატურნის სისტემას 2004 წლის ზაფხულში მიაღწია. 2005 წლის იანვარში მისიის მიერ წაღებული ზონდი ჰიუგენსი სატურნის უდიდეს მთვარე ტიტანზე დაჯდა და გახდა კაცობრიობის ისტორიაში პირველი ხომალდი, რომელიც მზის სისტემის ასეთ შორეულ სხეულზე დაეშვა.

თავად კასინიმ არსებობა 2017 წლის 15 სექტემბერს დაასრულა, როცა წინასწარგანზრახული გეგმის მიხედვით, სატურნის ატმოსფეროში შეიჭრა და კომეტასავით დაიწვა. მსგავსი აღსასრულის გადაწყვეტილების მიზეზი ის გახდა, რომ კასინი, რომელსაც უკვე საწვავიც ეწურებოდა, მომავალში არასოდეს შეჯახებოდა და დედამიწისეული მიკრობებით დაებინძურებინა ენცელადი ან ტიტანი.

მრავალი ასტრობიოლოგის აზრით, ორივე ამ მთვარეს ყველა პირობა და ინგრედიენტი აქვს სიცოცხლის ჩვენთვის ცნობილი ფორმების არსებობისათვის.

მომზადებულია nasa.gov-ის მიხედვით